ახალი ამბები

არჩევნების ლეგიტიმურიბაზე საუბარი ნაადრევია – ეკა გიგაური

28 ნოემბერი, 2018 • 1289
არჩევნების ლეგიტიმურიბაზე საუბარი ნაადრევია – ეკა გიგაური

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ინფორმაციით, ამომრჩევლის სავარუდო მოსყიდვის ოთხი ფაქტი დააფიქსირა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 13:00 საათის მონაცემებით, 7 სააჩივარი აქვთ დაწერილი, ამ ეტაპზე არჩევნების ლეგიტიმაციაზე საუბარი ნაადრევია.

“პირველ ტურში ჩვენმა ორგანიზაციამ სულ 10 საჩივარი დაწერა, ახლა კი  უკვე 7 საჩივარი გვაქვს დაწერილი. დარღვევები ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა.  ვფიქრობ, ეს ტენდენცია თუ გაგრძელდა საჩივრების რაოდენობა გაიზრდება. ამ ეტაპზე ლეგიტიმურობაზე საუბარი ნაადრევია,”-ამბობს გიგაური.

რაც შეეხება დარღვევებს, ამ დროისთვის ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი, TI-ის ინფორმაციით, ქარელში, აბაშაში და  ბათუმში დაფიქსირდა.

“რამდენიმე საარჩევნო უბნის გარეთ ჩვენმა დამკვირვებლებმა დააფიქსირეს, რომ უბნიდან გამოსული ამომრჩევლები სხდებოდნენ უბნის გარეთ მდგომ ავტომობილებში და რამდენიმე წუთის შემდეგ უკან გადმოდიოდნენ. ოთხ შემთხვევაში, ჩვენი დამკვირვებლების მტკიცებით, ამომრჩევლებს ავტომობილში სავარაუდოდ ფული გადასცეს,”-აცხადებენ TI-ში.

ეკა გიგაურის თქმით, მეორე ტურში ძირითად ტენდენციად კენჭისყრის ფარულობის დარღვევა ფიქსირდება. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ ასეთი 11 შემთხვევა გამოავლინა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, კენჭისყრის კაბინიდან გამოსული ამომრჩეველი შემოხაზულ ბიულეტენს აჩვენებდა ან კომისიის  წევრს, ან რომელიმე დამკვირვებელს.

აღნიშნული დარღვევები დაფიქსირდა შემდეგ საარჩევნო უბნებზე:

  •  გურჯაანის  #4, 15, 45 და 49 საარჩევნო უბნები
  • ახალქალაქის  #1 საარჩევნო უბანი
  • ზუგდიდის #83, 80 საარჩევნო უბანი
  • ნინოწმინდის #25 საარჩევნო უბანი
  • მარნეულის #52 საარჩევნო უბანი
  • აბაშის საარჩევნო #3 და #7 საარჩევნო უბანი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2018 წლის 28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს 350 ადგილობრივი დამკვირვებლით უწევს მონიტორინგს. ორგანიზაციის სტაციონარული დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით 300 საარჩევნო უბანზე არიან გადანაწილებულნი. გარდა ამისა, საარჩევნო პროცესებს 45 მობილური ჯგუფიც ადევნებს თვალს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი