ახალი ამბები

მიხეილ ბენიძე ფოტოსურათიან სიებზე – ეს არის პრობლემა

28 ნოემბერი, 2018 • 1224
მიხეილ ბენიძე ფოტოსურათიან სიებზე – ეს არის პრობლემა

ISFED-ის ხელმძღვანელის, მიხეილ ბენიძის თქმით, ფოტოსურათიანი სიებით საარჩევნო უბანთან ყოფნა ამომრჩევლის ნების კონტროლის უკავშირდება. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ეს ადამიანები, სავარაუდოდ, ცესკოდან გამოთხოვილ სიას იყენებენ.

“გვაქვს ასეთი შემთხვევა ტყიბულში, როდესაც შენობაში თავმოყრილი არიან ადამიანები და ამოწმებენ, ვინ მოდის და ვინ არა. მათაც აქვთ ეს ფოტოსურათიანი სიები. ეს წარმოადგენს იმ ნეგატიური ტენდენციის გაგრძელებას, რომელიც ამომრჩევლის კონტროლს უკავშირდება. ისინი, სავარაუდოდ, ცესკოდან გამოთხოვილ სიებს იყენებენ. ეს ადამიანები ამით ცდილობენ საქმე გაიმარტივონ და სახეზე ამოიცნონ ამომრჩევლები. ცხადია, ეს არის პრობლემა და შესაძლოა პირდაპირი დარღვევა არ იყოს, თუმცა ეს არის პრობლემა,”-ამბობს ბენიძე.

საიას ხელმძღვანელი სულხან სალაძე ამბობს, რომ თუ ამ სიებში ამომრჩევლების პირადი ნომრები იქნება მითითებული, ეს ცალსახად დარღვევა იქნება.

საარჩევნო უბნების ნაწილში სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ კოორდინატორებს ფოტოსურათებიანი სიები აქვთ, სავარაუდოდ, ამომრჩევლის აღსარიცხად. “ძალა ერთობაშიას” წარმომადგენლების განცხადებით, ეს ცესკოს სამაგიდო სიებია და მათ უკვირთ, როგორ აღმოჩნდა ისინი კოორდინატორების ხელში.

ფოტოსურათიანი სიები თბილისის სხვადასხვა უბაზე საიამაც დააფიქსირა. ორგანიზაციის ინფორმაციით, გლდანის #79, #80, #81 უბნების შენობის ფოიეში მობილიზებულნი არიან სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლები. საიას ცნობით, მათ აქვთ ამომრჩეველთა ფოტოსურათებიანი სია.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განმარტებით, თუ კოორდინატორს აქვს ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია და მისი მეშვეობით ახორციელებს თავის საქმიანობას, ეს კანონმდებლობის დარღვევა არ არის. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, მთავარია, აღნიშნულ სიებზე პირადი ნომრები არ იყოს დატანილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი