ახალი ამბები

გარდაბნის მე-8 უბნიდან წინასწარ ხელმოწერილი ოქმი ამოიღეს

28 ნოემბერი, 2018 • 965
გარდაბნის მე-8 უბნიდან წინასწარ ხელმოწერილი ოქმი ამოიღეს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 10:00 საათისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 10 საჩივარი.

როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევაც, როდესაც საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირი აწარმოებდა ამომრჩევლების აღრიცხვას და გარკვეული მონაცემების დამუშავებას, მათ შორის, ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებით.

“შევახსენებთ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, რომ საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, კენჭისყრის შენობაში აკრძალულია ისეთი მონაცემების ფოტო-ვიდეოგადაღება ან სხვაგვარი დამუშავება, რაც არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას. ამდენად, მოვუწოდებთ მათ, თავი შეიკავონ ამგვარი ქმედებებისგან”, – განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა, თუმცა დასძინა, რომ საარჩევნო უბნის გარეთ აგიტაცია არის დასაშვები.

მისივე თქმით, თუ საარჩევნო უბნის გარეთ რომელიმე კოორდინატორს აქვს ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია, მათ შორის, ფოტოების ჩათვლით, ეს კანონმდებლობის მიხედვით დარღვევა არ არის, მთავარია, მასზე პირადი ნომერი არ იყოს დატანილი.

მიქელაძე გამოეხმაურა “ძალა ერთობაშიას” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს გურჯაანის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე კომისიის წევრების მიერ წინასწარ იყო ხელმოწერილი შემაჯამებელი ოქმი.

“ჩვენ გადავამოწმეთ მონაცემი. სინამდვილეში, აღნიშნული ფაქტი დაფიქსირდა გარდაბნის #8 საარჩევნო უბანზე. კომისიის წევრებმა ოქმში წინასწარ მიუთითეს სახელები და გვარები და მოაწერეს ხელი. დაწერილია საჩივარი. გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიამ  შესაბამისი რეაგირება მოახდინა და ეს ოქმი ამოღებულია უბნიდან”, – განაცხადა მიქელაძემ.

მიქელაძემ არ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დიდუბის #29-ე უბანზე საერთაშორისო დამკვირვებელი უბნიდან გააძევეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი