ახალი ამბები

გურჯაანში „ოცნების“ წარმომადგენლები ამომრჩევლებს ბიულეტენებს უმოწმებენ – ISFED

28 ნოემბერი, 2018 • 1082
გურჯაანში „ოცნების“ წარმომადგენლები ამომრჩევლებს ბიულეტენებს უმოწმებენ – ISFED

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) ინფორმაციით,  გურჯაანში, #26 საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რომელთა შორისაა ზურაბ ხანდამაშვილი (მერის ძმა), საარჩევნო კაბინიდან გამოსულ ამომრჩევლებს ბიულეტენს უმოწმებენ, რომელი კანდიდატი აქვთ შემოხაზული.

ISFED-ის ცნობით, ამ ფაქტის გაპროტესტების გამო უბნიდან ენმ-ის წარმომადგენელი გამოაძევეს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ეს პირები კომისიის საქმიანობაშიც ერევიან და თავმჯდომარეს მითითებებს აძლევენ.

კიდევ ერთი დარღვევა დააფიქსირა ორგანიზაციამ გურჯაანში. #43 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლები ხმას აძლევენ საარჩევნო კაბინაში შეუსვლელად, ხოლო იმ ამომრჩევლებს, რომლებიც კაბინაში აძლევენ ხმას, საარჩევნო ბიულეტენები გამოაქვთ ისე, რომ შემოხაზული ნომრის დანახვა შესაძლებელია.

ხმის მიცემის ფარულობა, ISFED-ის ინფორმაციით, ტყიბულის #2 საარჩევნო უბანზეც დაირღვა, როცა ერთმა ამომრჩეველმა ხმა  საარჩევნო კაბინის გარეთ მისცა.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მიხეილ ბენიძის თქმით, მეორე ტურში დარღვევების კუთხით ძირითად ტენდენციად კენჭისყრის ფარულობის დარღვევა გამოიკვეთა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, წყალტუბოს საარჩევნო ოლქის #55 საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა პოლიციელი (ფორმით), რომელიც არ იყო ამომრჩეველი და, შესაბამისად, უბანზე ყოფნის უფლება არ ჰქონდა.

“ის უბანზე მობილური ტელეფონით იღებდა ფოტოსურათებს. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მითითებით, პოლიციელმა შეწყვიტა ფოტოების გადაღება და დატოვა უბანი. ფაქტზე კომისიის თავმჯდომარეს რეაგირება არ ჰქონია,”-აცხადებენ ISFED-ში.

ამ დროისთვის, „სამართლიან არჩევნებს“ საუბნო კომისიებში წარდგენილი აქვს 10 საჩივარი, ხოლო საოლქო კომისიებში – 5 საჩივარი.


სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა საარჩევნო ოლქში აკვირდება. „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია შედგება 651 საუბნო, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და 78 მობილური ჯგუფისგან. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები ასევე წარმოდგენილი არიან საზღვარგარეთ გახსნილ 12 საარჩევნო უბანზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი