ახალი ამბები

ახალქალაქში, ახმეტასა და გურჯაანში ამომრჩეველებმა გახსნილი ბიულეტენი დამკვირვებელს აჩვენეს – საია

28 ნოემბერი, 2018 • 1219
ახალქალაქში, ახმეტასა და გურჯაანში ამომრჩეველებმა გახსნილი ბიულეტენი დამკვირვებელს აჩვენეს – საია

“ახლგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ინფორმაციით, ახალქალაქის #1 საარჩევნო უბანზე კაბინიდან გამოსულმა ორმა ამომრჩეველმა გახსნილი ბიულეტენი და მასზე დაფიქსირებული არჩევანი დამკვირვებლებს აჩვენა. საიას ცნობით, ხმის ფარულობა დაირღვა ახმეტის ორ უბანსა და გურჯაანის ერთ უბანზე.

საიაში აცხადებენ, რომ ახმეტის #4 უბანზე  ამომრჩეველმა ბიულეტენი სადამკვირვებლო ორგანიზაცია “ადვოკატთა და იურისტთა ობსერვატორიის” დამკვირვებელს აჩვენა, ხოლო ახმეტის #12 საარჩევნო უბანზე ორმა ამომრჩეველმა შემოხაზული ბიულეტენი კომისიის წევრს აჩვენა. გურჯაანის #19 უბანზე ასევე ორმა ამომრჩეველმა დაფიქსირებული არჩევანი “კავშირი 21-ე საუკუნის” დამკვირვებელს ანახა.

ცესკოს ინფორმაციით, სადამკვირვებლო ორგანიზაცია “ადვოკატთა და იურისტთა ობსერვატორიას” 2 926 დამკვირვებელი ჰყავს რეგისტრიებული ცესკოში, ხოლო “კავშირი 21-ე საუკუნეს” – 3 174 დამკვირვებელი.
“ჯერ კიდევ გუშინ, 27 ნოემბერს, საიასთვის ცნობილი გახდა, რომ გურჯაანის ოლქში ამომრჩეველს დაავალეს, კაბინიდან ბიულეტენები გამოეტანათ გახსნილ მდგომარეობაში, რათა კონკრეტულ პირებს დაენახათ დაფიქსირებული არჩევანი,” – აცხადებენ საიაში.

ამ ეტაპზე საიას დამკვირვებლებს 6 საჩივარი აქვთ დაწერილი: 3 საჩივარი – უბანზე, 3 კი – ოლქში.


“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” პრეზიდენტის არჩევნებს თბილისსა და 9 რეგიონში – კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, იმერეთსა და აჭარაში 300 დამკვირვებლის საშუალებით აკვირდება. ორგანიზაციის ინფორმაციიით, სტატიკური დამკვირვებლები განთავსებული არიან საქართველოს მასშტაბით 170-მდე საარჩევნო უბანში.

მასალების გადაბეჭდვის წესი