ახალი ამბები

სმს-ების შემდეგ ივანიშვილი და ვაშაძე მოქალაქეებს “ურეკავენ” და მხარდაჭერას სთხოვენ

27 ნოემბერი, 2018 • 2259
სმს-ების შემდეგ ივანიშვილი და ვაშაძე მოქალაქეებს “ურეკავენ” და მხარდაჭერას სთხოვენ

ჟურნალისტი ნინო ცაბოლოვი ერთ-ერთია მათ შორის, რომელსაც ნომრიდან “48” პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ხმით “დაურეკეს”.

როგორც ცაბოლოვმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, მის ტელეფონზე შემოვიდა ზარი ნომრიდან “48”. მას შემდეგ, რაც უპასუხა, სავარაუდოდ, ავტომოპასუხე ჩაირთო.

“ტელეფონზე შემოვიდა ზარი ნომრიდან “48”. მაშინვე ვიფიქრე, რომ სარეკლამო ხასიათის ზარი იქნებოდა, რადგან მსგავს სმს შეტყობინებებს უკვე მიჩვეული ვარ. ამჯერად კი, რადგან ზარი შემოვიდა, აუდივერსიას ველოდი, თუმცა ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ პასუხის შემდეგ მოვისმენდი: გამარჯობა, მე ბიძინა ივანიშვილი ვარ”, – აცხადებს ცაბოლოვი.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, არჩევნებზე მივიდნენ, მხარი დაუჭირონ სალომე ზურაბიშვილს და უთხრან უარი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”.

ცაბოლოვის თქმით, ამ ტექსტის ჩაკითხვის შემდეგ ზარი ითიშება, რაც იმაც ნიშნავს, რომ წინასწარ ჩაწერილი და ავტომატურად გავრცელებული აუდიო-ჩანაწერი მოისმინა და პირადად ბიძინა ივანიშვილს მასთან არ უსაუბრია.

როგორც “ნეტგაზეთისთვის” არის ცნობილი, მოქალაქეებს ასევე ავტომოპასუხის საშუალებით “ურეკავს” და მისი კანდიდატურის მხარდაჭერას სთხოვს გრიგოლ ვაშაძეც, რომელმაც საარჩევნო კამპანიაში ამ მექანიზმის გამოყენება სავარაუდოდ უფრო ადრე დაიწყო, რადგან ივანიშვილის ზარების შესახებ ინფორმაცია მის მხარდამჭერ ფეისბუქ ჯგუფებში დღეს საღამოს გავრცელდა, ვაშაძე კი ავტომოპასუხის მეშვეობით მოქალაქეებს გუშინაც “ურეკავდა”.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საარჩევნო სუბიექტები ამომრჩეველთან კომუნიკაციის მსგავს გზას მიმართავენ. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში მედია წერდა, რომ მთაწმინდის რაიონში მცხოვრებ ამომრჩევლებს ნაწილს დაფარული ნომრიდან “ერთიანი ნაციონალური მძრაობის” წევრმა ნიკა რურუამ “დაურეკა” და ოპოზიციის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ამავე თემაზე:

“ბიძინამ თქვენც დაგირეკათ?” – “ოცნების” მხარდამჭერ FB-ჯგუფებში ივანიშვილის ზარებზე წერენ

მასალების გადაბეჭდვის წესი