ახალი ამბები

ვინ და რატომ ჰპირდება კონკრეტულ პირებს ვალების გასტუმრებას – “ოცნება” ბრალდებას უარყოფს

27 ნოემბერი, 2018 • 2122
ვინ და რატომ ჰპირდება კონკრეტულ პირებს ვალების გასტუმრებას – “ოცნება” ბრალდებას უარყოფს

მოქალაქეთა ნაწილი ამბობს, რომ მათ სახლებში მიდიან “ქართული ოცნების” კოორდინატორები და ბანკებში ვალების ჩამოწერის სანაცვლოდ ხმის მიცემას სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ სთხოვენ. ამ მოქალაქეების თქმით, კოორდინატორებს თან აქვთ ე.წ. საბანკო შავი სიები, რომლებზეც ყველა იმ მოქალაქის პირადი მონაცემია აღნიშნული, ვისაც ბანკში ვალი აქვს. კანონით, ამ მონაცემებზე წვდომა არავის არ უნდა ჰქონდეს, გარდა საფინანსო ინსტიტუტებისა. ბრალდებებს უარყოფს მმართველი პარტია.

ნინოს (სახელი შეცვლილია), რომელიც ბაღდათის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს, როგორც თავად ამბობს, “ლიბერთი” ბანკში მცირე ოდენობის დავალიანება ჰქონდა და ეტაპობრივად იხდიდა. თუმცა ამის შესახებ მისმა ოჯახის წევრებმა არ იცოდნენ მანამ, სანამ მათთან სახლში “ოცნების” კოორდინატორი არ მივიდა და ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ დავალიანების განულებას დაჰპირდა.

ნინომ “ნეტგაზეთს” უამბო, რომ სამსახურში იყო, როდესაც  სახლში “ოცნების” კოორდინატორი მივიდა. სახლში მისულ ნინოს ოჯახის წევრებმა უთხრეს, რომ კოორდინატორს თან ჰქონდა ე.წ. შავი სია, სადაც ყველა იმ მეზობლის პირადი მონაცემები იყო დატანილი, რომელსაც ბანკებში სესხები აქვს”

“დედაჩემმა რადგან არ იცოდა, რომ სესხი მქონდა აღებული, ჰკითხა, ხომ არ ეშლებოდათ რამე. მეზობლად ერთი გოგოს იგივე გვარ-სახელი აქვს და იკითხა, მასში ხომ არ  შევეშალეთ. კოორდინატორმა უპასუხა, არა, ის ცალკე წერიაო. დედამ ყველა ის მეზობელი ჩამომითვალა, ვინც სიაში ნახა,” – ამბობს ნინო “ნეტგაზეთთან” საუბრისას. 

სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მსგავსი შემთხვევების შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მაც გაავრცელა. ტელეკომპანიის განცხადებით, გურიასა და თბილისში “ქართული ოცნების” კოორდინატორებმა მოქალაქეებს უთხრეს, რომ მათი სესხები უკვე განულებულია, თუმცა ბანკში მისულებმა აღმოაჩინეს, რომ ეს სიცრუე იყო.

“კურიერის” ინფორმაციით, თბილისში მოქალაქეებს ვალის განულების შესახებ ინფორმაციას ტელეფონით აწვდიან. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ვარკეთილში დაფიქსირდა.

მსგავსი შინაარსის ინფორმაცია ფესიბუკით ვრცელდება.

საქართველოში საკრედიტო ინფორმაციას სს “კრედიტინფო საქართველო” ინახავს. კრედიტინფოს თანახმად, ისინი საკრედიტო ინფორმაციის შესახებ მონაცემებს ბანკებს, სალიზინგო კომპანიებსა და ისეთ ორგანიზაციებს აწვდიან, რომლებიც სესხებს გასცემენ. მსესხებლის საკრედიტო ინფორმაცია 7 წლით ინახება. თუ მსესხებელმა კრედიტი არ გადაიხადა, ამის შესახებ ინფორმაციას კრედიტინფო 5 წელი ინახავს. შესაბამისად, გაურკვეველია, მესამე პირთა ხელში საიდან მოხვდა სავარაუდო “შავი სია”, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ბანკებში სესხების მქონე ადამიანთა დავალიანებებზე.

როგორც “სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე ამბობს, მსგავსი ინფორმაცია კონფიდენციალურია და პარტიის აქტივისტების ხელში ე.წ. შავი სიები სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს:

“პრობლემაა, როცა ინფორმაციაზე, რომელიც კონფიდენციალური უნდა იყოს, წვდომა აქვთ პარტიის აქტივისტებს. ბუნებრივია, ეს აჩენს სერიოზულ კითხვებს, საიდან და რატომ იყენებენ ამას საარჩევნო აგიტაციისას”, – უთხრა ბენიძემ ნეტგაზეთს.

ბენიძის მსგავსად, საკითხს პორბლემურად მიიჩნევს საიას თავმჯდომარეც. როგორც სულხან სალაძე ამბობს, ფაქტი კანონდარღვევის ნიშნებს შეიცავს:

ცალსახად შეიძლება ვთქვათ, რომ როდესაც მიდის ადამიანი ფურცლით ხელში და ამბობს, შენ ვალი გაქვს და ამ ფურცელზე წერია ინფორმაცია კიდევ სხვა ადამიანებზე, რომელიც შემიძლია წავიკითხო და გავიგო, ვინ არიან ისინი – არის პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნება და კანონის დარღვევა” – ამბობს სალაძე.

ბრალდებებს უარყოფენ “ქართულ ოცნებაში”. როგორც მმართველი პარტიის დეპუტატი კაკი ზოიძე “ნეტგაზეთთან” ინტერვიუში ამბობს, დავალიანების მქონე მოქალაქეების პირად მონაცემებზე ხელი არ მიუწვდება არც მთავრობას და არც – “ქართუ ფონდს”.

“ეს ადამიანები არიან ამ ნარატივში მსახიობები, პროვოკატორები თუ ასე შემდეგ, რომლებიც ამას აკეთებენ, ან თვითონ მოქალაქეები, ან ადამიანები, რომლებიც მასთან მივიდნენ. რიცხვები, რასაც ჩვენ ვაჟღერებთ, ეს ყველაფერი არის პერსონალური მონაცემების გარეშე მიღებული ინფორმაცია “კრედიტინფოდან”, ბანკებიდან, ონლაინ სესხებიდან. ამ ქვეყანაში კანონი არსებობს პრესონალურ მონაცემებთან დაკავშირებით. ჩვენ რომ ვამბობთ 600 000-ზე მეტი ადამიანი, 150 000 სოციალურად დაუცველი, შშმ პირი და ა.შ., ეს არის პირადი მონაცემების გარეშე ინფორმაციებით ჩატარებული ანალიზის შედეგები”, – ამბობს ზოიძე და დასძენს, რომ “კრედიტინფოს” ბაზებზე წვდომა მხოლოდ საფინანსო ორგანიზაციებსა და თავად კრედიტინფოს აქვთ.

დეპუტატის თქმით, მსგავსი ინფორმაციის გავრცელება სესხების განულების შესახებ მთავრობის ინიციატივის დისკრედიტაციის მცდელობაა:

“ის, რომ რაღაც სიები აქვთ “ოცნების” კოორდინატორებს, ეს არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმ სასიკეთო ინიციატივის, რომლითაც 600 000 ადამიანი ახალ წელს შეხვდება ვალებისა და “შავი სიის” გარეშე, სუფთა ფურცლიდან დაიწყებს ეკონომიკურ ცხოვრებას. ეს ამ ინიციატივის გაშავების მცდელობაა”, – ამბობს ზოიძე.

აღნიშნული ფაქტის შესწავლა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპეტორის აპარატმა დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი