ახალი ამბები

WIZZ AIR-ის საქმიანობის შესაძლო შეზღუდვაზე გიორგი კანდელაკიც საუბრობს

27 ნოემბერი, 2018 • 1675
WIZZ AIR-ის საქმიანობის შესაძლო შეზღუდვაზე გიორგი კანდელაკიც საუბრობს

“ევროპული საქართველოს” წევრი გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ მთავრობა Wizz Air-ის საქმიანობის შეზღუდვას გეგმავს. პოლიტიკოსის თქმით, ავიაკომპანიისთვის საქმიანობის შეზღუდვა სხვა კომპანიის ინტერესების გამო მოხდება. მეტიც, კანდელაკი ირწმუნება, რომ ამ ავიაკომპანიამ პრემიერისგან გარანტიები მიიღო Wizz Air-ის შეზღუდვასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე “ევროპული საქართველოს” წევრი კომპანიას არ ასახელებს.

“ჩვენ ,როგორც ქუთაისის აეროპორტის განვითარების გულშემატკივრებმა, გადავამოწმეთ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობა აპირებს, კომპანია Wizz Air-ის საქმიანობა შეზღუდოს. დღეს კი იმის გამო, რომ პრემიერი მამუკა ბახტაძე ერთ-ერთ სხვა ავიაკომპანიას დაუახლოვდა, ჭიანურდება Wizz Air-ისთვის ზამთრის განრიგის დამტკიცება. ასე ზღუდავს კონკურენციას ქართულ ავიაბაზარზე საქართველოს მთავრობა,” – ამბობს კანდელაკი.

კანდელაკი მთავრობას მოუწოდებს, არ მიიღოს არასწორი გადაწყვეტილება, ხელი შეუწყოს კონკურენციას და Wizz Air-ს საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელების საშუალება მისცეს.

“ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ თავის დროზე “ქართული ოცნების” მთავრობამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი არამიზნობრივ ხარჯად გამოაცხადა და მისი მუშაობა შეაფერხა. აეროპორტი ბევრად უფრო მასშტაბური უნდა იყოს, ვიდრე ის დღეს არის,” – ამბობს კანდელაკი.

ინფორმაცია, რომ მთავრობა  Wizz Air-ის საქართველოდან გაშვებას გეგმავს, Hub Georgia-მ დღეს, 27 ნოემბერს, გაავრცელა. ეკონომიკის სამინისტრო არ ადასტურებს WizzAir-ის საქართველოდან გაშვებაზე გარცლებულ ინფორმაციას და Hub Georgia-ს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. უწყებაში ირწმუნებიან, რომ სახელმწიფოს ხელშეწყობით კომპანია ყოველწლიურად აფართოებს საკუთარ საქმიანობას საქართველოში.

თავად Wizz Air სპეკულაციად აფასებს გასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და ამბობს, რომ საქართველოში საქმიანობის გაფართოებას გეგმავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი