ახალი ამბები

“WizzAir”-ის საქართველოდან გაშვება არ იგეგმება – ეკონომიკის სამინისტრო

27 ნოემბერი, 2018 • 1423
“WizzAir”-ის საქართველოდან გაშვება არ იგეგმება – ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკის სამინისტრო “WizzAir”-ის საქართველოდან გაშვებაზე გარცლებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მსგავსი დეზინფორმაცია ქვეყნის ბიზნესგარემოზე უარყოფითად აისახება. უწყებაში ირწმუნებიან, რომ სახელმწიფოს ხელშეწყობით კომპანია ყოველწლიურად აფართოებს საკუთარ საქმიანობას საქართველოში.

“საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის საავიაციო მიმოსვლა ხორციელდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2010 წელს გაფორმებული შეთანხმებით “ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ”. აღნიშნული შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, გამარტივებულია ქვეყნებს შორის საავიაციო ბაზარზე დაშვების პროცედურები, ის ემყარება ლიბერალურ პრინციპებს, რაც გულისხმობს იმას, რომ არ არსებობს შეზღუდვები ავიაკომპანიების რაოდენობაზე, ფრენის სიხშირეებზე, ტარიფებზე, საჰაერო ხომალდის ტიპებზე და დანიშნულების პუნქტებზე. ავიაკომპანია “Wizz Air”-ისთვის, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი ევროპული ავიაკომპანიისათვის, ფრენის განრიგების დამტკიცება ხორციელდება აღნიშნული შეთანხმების პირობების დაცვით და ყოველგვარი ბრალდება რაიმე სახის შეზღუდვის დაწესებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა,”-აცხადებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.

სამინისტროს შეფასებით, არასამთავრობო ორგანიზაციის, Hub Georgia-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ მთავრობა Wizz Air-ის ბაზრიდან გაშვებას გეგმავს, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.

დღეს, 27 ნოემბერს, Hub Georgia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ვასო ურუშაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მთავრობა ავიაკომპანია Wizz Air-ის საქართველოს ბაზრიდან გაშვებას გეგმავს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილი აქვს ავიაკომპანიის გაშვება.

“როგორც წყარომ გვაცნობა, ოქტომბრის ბოლოს, როდესაც ხდებოდა ავიაკომპაბნია  Wizz Air-თვის ზამთრის განრიგის დამტკიცება, სამოქალაქო ავიაციის დროებით ხელმძღვანელობაზე ეკონომიკის მინისტრის მხრიდან ზეწოლა განხორციელდა, რომ არ მომხდარიყო ამ ავიაკომპანიისთვის განრიგის დამტკიცება, რაზეც მან უარი მიიღო. შემდეგ ეს გადაწყვეტილება გადაიდო არჩევნების გამო და მისი დასრულების შემდეგ კვლავ განახლდება,“ – ამბობს ურუშაძე.

ავიაკომპანია სპეკულაციად აფასებს გასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.  Wizz Air-ის ინფორმაციით, მათი მიზანი საქართველოში საქმიანობის გაფართოებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი