ახალი ამბები

“ამომრჩევლის მოსყიდვა, ზეწოლა, მუქარა” – რა დარღვევებზე საუბრობენ NGO-ები წინასაარჩევნოდ

27 ნოემბერი, 2018 • 1691
“ამომრჩევლის მოსყიდვა, ზეწოლა, მუქარა” – რა დარღვევებზე საუბრობენ NGO-ები წინასაარჩევნოდ

“ამომრჩევლის მოსყიდვა, ზეწოლა, მუქარა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და პოლარიზებული მედია” – ეს იმ დარღვევათა და პრობლემათა ჩამონათვალია, რომლებზეც არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობენ.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ”, “სამართლიანმა არჩევნებმა” (ISFED) და საია-მ დღეს, 27 ნოემბერს, პრესკონფერენცია მიუძღვნეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩენო გარემოს.

როგორც ორგანიზაციები განმარტავენ, პირველი ტურთან შედარებით საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდი კიდევ უფრო მკვეთრი პოლარიზებით და მეტად გამოხატული ნეგატიური კამპანიით ხასიათდებოდა, რაც გამოიხატებოდა კანდიდატების და მათ მხარდამჭერების მიერ მედიით გაკეთებულ განცხადებებში, კანდიდატების წინასაარჩევნო რეკლამებში და სოციალურ მედიაში მიმდინარე აგრესიულ კამპანიაში.

გარდა ამისა, არასამთავრობოები ამბობენ, რომ პრობლემური იყო პოლიტიკოსთა განცხადებები, მათ შორის მათი, რომლებიც ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში სამოქალაქო დაპირისპირების შესაძლებლობას უშვებდნენ.

NGO-ები ამბობენ, რომ მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიისას ჩამოყალიბდა და გააქტიურდა რამდენიმე საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელთა მიზანს გრიგოლ ვაშაძის საწინააღმდეგო აგიტაციის შემცველი კამპანიის წარმოება წარმოადგენს, რაც არასამთავრობოების აზრით, აჩენს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ მათ მიერ ხდება შემოწირულობის განხორციელება სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ”. ორგანიზაციების თქმით, მკვეთრად ნეგატიური და აგრესიულია აღნიშნული ჯგუფების ნაწილის წინასაარჩევნო გზავნილები.

NGO-ების განცხადებით, ამ პერიოდში კვლავ აქტიური იყო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი ხელმძღვანელი პირების წინააღმდეგ სოციალური ქსელების მეშვეობით წარმოებული კამპანია, რომელიც ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციას ემსახურებოდა.

არასამთავრობო ორგანიზაციები რამდენიმე ძირითად საკითხზე ამახვილებენ ყურადღებას:

ძალადობრივი ინციდენტები

როგორც NGO სექტორი ამბობს, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის წინასაარჩევნო კამპანიისგან განსხვავებით, რომლის დროსაც ფიზიკური დაპირისპირების და ძალადობის ფაქტები თითქმის არ დაფიქსირებულა, მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში ფიზიკური დაპირისპირების არაერთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი.

პირველი ტურის შემდეგ ინციდენტს ჰქონდა ადგილი ახალქალაქში, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის ოფისში ოპოზიციის აქტივისტებს თავს დაესხნენ ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები.

ძალადობრივი ინციდენტები ძირითადად ოპოზიციური პარტიების აქტივისტებსა და მხარდამჭერებზე განხორციელდა, ხოლო ერთ შემთხვევაში, პირს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ გრიგოლ ვაშაძისთვის ხმის არმიცემის გამო.

საგულისხმოა, რომ 21 ნოემბერს, გვიან ღამით, ქალაქ ონში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს, ნოდარ ბურდილაძეს ცივი იარაღით მუცლის არეში სამი ჭრილობა მიაყენეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბურდილაძე ყოფით ნიადაგზე დაჭრეს, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება გაერთიანებული ოპოზიცია და აცხადებენ, რომ მის დაჭრას პოლიტიკური სარჩული ჰქონდა.

ფიზიკური დაპირისპირების ყველა ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო”.

ზეწოლა/მუქარა

არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე ხაზს უსვამენ წინასაარჩევნო პერიოდში ზეწოლისა და მუქარის ფაქტებს. ორგანიზაციების დამკვირვებლების ინფორმაციით, ზეწოლა ხორციელდებოდა მუნიციპალიტეტების საჯარო დაწესებულებების თანამშრომლებზე, სხვადასხვა კერძო სექტორში დასაქმებულ პირებზე, სოციალურად დაუცველ და წარსულში ნასამართლევ ამომრჩევლებზე. აღნიშნულ პირებს ძირითადად სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ხმის მიცემისკენ მოუწოდებდნენ ან გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერის გამო ემუქრებოდნენ.

“მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულები დამკვირვებლებთან საუბრობდნენ მათი გათავისუფლების მუქარის შესახებ. რამდენიმე ცალკეულ შემთხვევაში ორგანიზაციებმა დააფიქსირეს სამსახურიდან, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტები.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიის დროს მუქარა განხორციელდა ”ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილისა და მისი ოჯახის წევრების მიმართაც. კერძოდ, მათ მოკლე ტექსტური შეტყობინებების გზით სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველი გზავნილები მიიღეს”.

ამომრჩევლის მოსყიდვა

არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში გაიზარდა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებიც. სამივე არასამთავრობო ორგანიზაცია თანხმდება, რომ ე.წ. “შავი სიების” განულების სახელმწიფო ინიციატივა ამომრჩევლის მოსყიდვის ყველაზე ფართომასშტაბიანი პრეცედენტი იყო.

“უპრეცედენტო იყო ამომრჩევლის კეთილგანწყობის მოპოვების მიზნით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება 600,000 მოქალაქისთვის, ჯამში, მილიარდნახევარი ლარის ოდენობის ფინანსური ვალდებულებების ”განულების” შესახებ. აღნიშნული პროგრამა 19 ნოემბერს დაანონსდა და  სახელმწიფოს ჩართულობით ფონდი „ქართუს“ მიერ 15-დან 31 დეკემბრამდე მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფისთვის 2000 ლარზე ნაკლები ოდენობის სესხების ჩამოწერას ითვალისწინებს,” – წერია განცხადებაში.

გარდა ამისა, ორგანიზაციები ამბობენ, რომ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, ორგანიზაციის დამკვირვებლების ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ გარკვეული თანხების შეთავაზებას, ხოლო რიგ შემთხვევებში იმ პირებს, ვინც სავარაუდოდ გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერები არიან, პირადობის დამადასტურებელი მოწმობების სანაცვლოდ სთავაზობენ ფულს. პარალელურად, ორგანიზაციების დამკვირვებლებისთვის ცნობილი გახდა მუნიციპალიტეტებში ამომრჩევლებისთვის საკვები პროდუქტების დარიგების შესახებ.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება

NGO სექტორი დასძენს, რომ არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, მასშტაბური სახე მიიღო საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მხრიდან სხვადასხვა სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების ინიცირებამ. გახმიანდა, სავარაუდოდ, საარჩევნოდ მოტივირებული ინიციატივები ხელფასების ზრდის, სოციალური დახმარებების, საცხოვრებლით უზრუნველყოფის, ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყებასთან დაკავშირებით, რომელთა შესახებ არჩევნების პირველ ტურამდე ცნობილი არ ყოფილა და რომელიც ძირითადად მიემართება სოციალურად დაუცველი მოქალაქეების კეთილდღეობის გაუმჯობესებას.

არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის ცნობილი გახდა ინფორმაცია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების სავარაუდო გაყალბების ფაქტის შესახებ, რაზეც ორგანიზაციებმა სამართალდამცავ ორგანოებს გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას.

მედიაგარემო

რაც შეეხება მედიაგარემოს, საია, “საერთაშორისო გამჭვირვალობა” და “სამართლიანი არჩევნები” ამბობენ, რომ წინასაარჩევნოდ ორი ძირითადი ტელეკომპანია მკვეთრად პოლარიზებული იყო მათი პოლიტიკური პრეფერენციების მიხედვით. მეორე ტურის დასაწყისში ტელეკომპანია ”იმედმა” ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და გრიგოლ ვაშაძის საწინააღმდეგოდ „საგანგებო რეჟიმში“ გადასვლის შესახებ გააკეთა განცხადება, ხოლო ტელეკომპანია ”რუსთავი 2” მკაფიოდ ატარებს გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერ და სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო სარედაქციო პოლიტიკას.

საარჩევნო ადმინისტრაცია

არასამთავრობოები პრობლემად მიიჩნევენ თავად არჩევნების თარიღისაც. არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდების მიუხედავად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კენჭისყრის დღე სამუშაო კვირაში, ოთხშაბათს 28 ნოემბერს დანიშნა, რასაც კრიტიკა მოჰყვა.

არასამთავრობოების განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება დაბრკოლებებს ქმნის საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლებისთვის, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, რადგან მათთვის 28 ნოემბერი სამუშაო დღე იქნება. გამოწვეული ზიანის შესამცირებლად ცესკომ ”საარჩევნო კოდექსის” დარღვევით საზღვარგარეთ შექმნილ უბნებზე ხმის მიცემის დრო გაახანგრძლივა 24 საათამდე.

ცესკოს მიერ თარიღის გამოცხადებამდე არჩევნების მეორე ტურის თარიღად 28 ოქტომბერი დააანონსა თბილისის მერმა, კახა კალაძემ. მანამდე 28 ნოემბერი, როგორც არჩევნების თარიღი, გახმიანდა ორი მონაწილის მიერ თელავში ერთ-ერთი საზოგადოებრივი მოძრაობის მხრიდან სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად გამართულ შეხვედრაზე.

აღნიშნული ფაქტები შესაძლოა მიუთითებდეს, რომ მმართველი პარტია და მისი მხარდამჭერები ცესკოს მიერ გადაწყვეტილების ოფიციალურად მიღებამდე ფლობდნენ არჩევნების თარიღის შესახებ ინფორმაციას”.

კამპანიის დაფინანსება და მასზე ზედამხედველობა

NGO-ების ინფორმაციით, პირველი ტურის შემდეგ, 28 ოქტომბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით, ორმა საარჩევნო სუბიექტმა, ჯამში, 4 489 303 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო. აქედან 2 964 704 ლარი (85%) მიიღო სალომე ზურაბიშვილმა, ხოლო 524 599 ლარი (15%) – გრიგოლ ვაშაძემ.

“პირველი ტურის მსგავსად, ძირითადად არაეფექტური იყო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეაგირება პოლიტიკური პარტიების დაფინანსების რეგულაციების სავარაუდო დარღვევებზე.

შემთხვევების გადამოწმების პროცესი დიდხანს იწელებოდა და საბოლოოდ შედეგიც არ ჩანდა. მხოლოდ 26 ნოემბერს გამოაქვეყნა აუდიტის სამსახურმა მცირე ანგარიში, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია რამდენიმე დარღვევაზე რეაგირების შესახებ”, – აცხადებენ არასამთავრობოები.

მასალების გადაბეჭდვის წესი