ახალი ამბები

“იბერიის” ყოფილი თანამშრომლები ტელეარხს სასამართლოში უჩივიან – საია

27 ნოემბერი, 2018 • 1494
“იბერიის” ყოფილი თანამშრომლები ტელეარხს სასამართლოში უჩივიან – საია

დღეს, 27 ნოემბერს, “იბერიის” ყოფილი თანამშრომლების ნაწილი სასამართლოს მიმართავს. სასამართლოში ჟურნალისტებისა და ოპერატორის უფლებებს საია დაიცავს. ნეტგაზეთს ორგანიზაციის პრესსამსახურში უთხრეს, რომ ტელეკომპანიის 27 ყოფილი თანმაშრომელი მენეჯმენტისგან ნახევარი თვის ანაზღაურებასა და ორი თვის კომპენსაციას მოითხოვს.

16 ოქტომბერს ტელეკომპანია “იბერიამ” მაუწყებლობა შეაჩერა. ამ ეტაპზე ტელეკომპანიაში რეორგანიზაციაა დაწყებული. არხის მფლობელი “ომეგა ჯგუფია”.

სანამ “იბერია” მაუწყებლობას შეაჩერებდა, ტელეარხის ჟურნალისტები და სხვა თანამშრომლები მხარდაჭერას უცხადებნდნენ მფლობელს და მის მხარდამჭერ აქციებსაც მართავდნენ.

“იბერიის” საინფორმაციო სამსახურის ყოფილმა უფროსმა, ვახო ხუზმიაშვილმა 25 ნოემბერსნფეისბუკის პირად გვერდზე გააკრიტიკა “იბერიის” მფლობელი ზაზა ოქუაშვილი.

“რატომ მაქვს პრეტენზია? იმიტომ, რომ შეუძლებელია სადღაც მართალი იყო და სადღაც გადამგდები! რაც არ უნდა შეგვიფუთოს ამ კაცმა, რომლის გამო აქციებზე ხმა გვქონდა ჩახლეჩილი, იმის ღირსად მაინც უნდა ჩავეთვალეთ თავისივე თანამშრომლები, რომ წესიერად აეხსნა, რა უნდოდა და რა მოტივით გვიყენებდა ამდენი ხანი. ზაზა ოქუაშვილს მარტო სიგარეტის ბიზნესი არ აქვს და ამიტომ ვთხოვ პასუხს, მისი ერთი ბენტლის საბურავის ფასად, წესიერ და თავისუფალ ჟურნალისტებს ვალს გადაუხდიდა”, – დაწერა ვახო ხუზმიაშვილმა. მან “გადამგდები” უწოდა ტელეარხის მფლობელს და არხის პირადი მიზენბისთვის გამოყენებაშიც დაადანაშაულა:

“ახლა უკვე ზუსტად ვიცი, რომ ტელეკომპანია “იბერია” თავიდანვე ჩაფიქრებული იყო “მსხვერპლად”, ის სწორედ ამ მიზნით იყო შექმნილი და ოქუაშვილი მუდმივად ელოდებოდა მომენტს, როცა ამ მსხვერპლს ყველაზე სარფიანად შესწირავდა. ეს მომენტიც დადგა.”


ფინანსთა სამინისტრომ სექტემბერში განაცხადა, რომ “ომეგა ჯგუფში” შემავალ კომპანია “ოჯთ-ის” ძირითადად თამბაქოს აქციზის გადასახადის გადაუხდელობის გამო ბიუჯეტში გადასახდელი ჰქონდა 51 მილიონი ლარი. სამინისტროს ცნობით, კომპანია არ იხდიდა აღნიშნულს მრავალგზის რესტრუქტურიზაციის მიუხედავად.

“ომეგა ჯგუფი” ხელისუფლებას ვალის რესტრუქტურიზებასა და შეღავათებს სთხოვდა. კომპანიის თქმითვე, ხელისუფლება მათ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არ ეხმარებოდა, რომ ტელეკომპანია “იბერია” ხელისუფლების მიმართ კრტიკული იყო. ტელეკომპანიის დამფუძნებლების განცხადებით, მათ აშანტაჟებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ეს პრობლემები იმ შემთხვებაში მოგვარდებოდა, თუ ტელევიზიას დათმობდნენ.

“ომეგას” საქმეზე შესაძლო რეკეტის შესახებ ფარული აუდიო-ვიდეოჩანაწერები გაავრცელა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა. საქმეში ფიგურირებენ სხვადასხვა მაღალჩინოსნები, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი და მასთან დაახლოებული პირები.

27 ოქტომბერს “ომეგა ჯგუფის” თამბაქოს ქარხანამ მუშაობა განაახლა. “ნეტგაზეთს” შემოსავლების სამსახურში უთხრეს, რომ “ომეგა ჯგუფმა” 26 ოქტომბერს გადაიხადა 1 მილიონი ლარი და ითხოვა წარმოების განახლების უფლება, რათა “შეძლოს სამუშაო ადგილების შენარჩუნება და წარმოების გაგრძელება”.

როგორც 21 ნოემბერსმ “რუსთავი 2”-ზე “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა განაცხადა, “ოცნება” სხვა დათმობებზეც წავიდა, რამაც შეუქმნა შთაბეჭდილება, რომ “სწორ გზაზე” დადგნენ: 51-მილიონიანი ვალი 10 მილიონამდე შეუმცირდა, “ქართუ ბანკისგან” მიიღო 8 მილიონი ლარის ოდენობის სესხი, მოიგო მრავალწლიანი სასამართლო დავა უფილტრო სიგარეტთან დაკავშირებით, რაც მინიმუმ წლიურ 60- მილიონიან შემოსავალს ნიშნავს.

ოქუაშვილის თანახმად, ამ ყველაფრის სანაცვლოდ მისგან ითხოვდნენ, რომ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში წაეკითხა წინასწარ დაწერილი წერილი, სადაც უარყოფდა ყველა იმ ცნობას, რაც მანამდე გავრცელდა. ოქუაშვილის თქმით, მას უნდა ეთქვა, რომ გავრცელებული აუდიოჩანაწერები, რაც სავარაუდო რეკეტს ამხელდა, დადგმული იყო და თითქოს ამის გაკეთება ნიკა გვარამიამ და მიხეილ სააკაშვილმა სთხოვეს.

იბერიის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლები ოქტომბრის ხელფასს ითხოვენ

მასალების გადაბეჭდვის წესი