ახალი ამბები

ფოსტა გაიყიდება, რკინიგზის პრივატიზაცია ჯერ არ იგეგმება – ქობულია

26 ნოემბერი, 2018 • 2163
ფოსტა გაიყიდება, რკინიგზის პრივატიზაცია ჯერ არ იგეგმება – ქობულია

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, რკინიგზის გაყიდვა ჯერჯერობით არ იგეგმება, თუმცა მთავრობა სახელმწიფო კომპანიის რეორგანიზაციის საკითხს განიხილავს. მინისტრი განმარტავს, რომ რკინიგზაში შესაძლოა კერძო ოპერატორები შევიდნენ.

„საქართველოს რკინიგზასთან“ დაკავშირებით, რა თქმა უნდა, საუბარია იმაზეც, რომ ევროკავშირთან შეთანხმების მიხედვით, გავმიჯნოთ რკინიგზის ინფრასტრუქტურის მენეჯერი და რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის ოპერატორი, როგორც ორი კომპანია რკინიგზის შიგნით. ეს არის ევროკავშირთან შეთანხმების ერთ-ერთი პირობა. ვფიქრობთ, ყველაფერი ეს მოგვცემს საშუალებას, რომ „საქართველოს რკინიგზის“ ეფექტურობამ აიწიოს, რაც დაგვეხმარება უფრო მეტი ტვირთი მოვიზიდოთ რკინიგზაზე და დიდი წვლილი შევიტანოთ ჩვენი ქვეყნის ლოგისტიკური დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში. რასაც ჩვენ ვგეგმავთ, ეს არის უფრო მეტი კერძო ოპერატორების შემოყვანა მოძრავ შემადგენლობაში. ეს არ არის პრივატიზება, ეს არის რკინიგზის ჰოლდინგის შიდა რესტრუქტურიზაცია, თუ როგორ უნდა მოხდეს მისი ოპტიმიზაცია,”-ამბობს გიორგი ქობულია.

რკინიგზისგან განსხვავებით, მთავრობა საქართველოს ფოსტის პრივატიზაციას გააკეთებს. ქობულიას ირწმუნება, რომ კომპანიის გასხვისება აუქციონის წესით მოხდება.

“კომპანია, რომელიც შეიძენს „საქართველოს ფოსტას“, აიღებს ვალდებულებას ე.წ. უნივერსალურ მომსახურებაზე. აქ იგულისხმება, რომ წერილი უნდა მიეწოდოს საქართველოს ნებისმიერ წერტილში ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს. ეს იქნება ღია აუქციონი. დასახელდება პირობები, სადაც შემოვლენ კომპანიები. მათ უნდა ჰქონდეთ სათანადო კვალიფიკაციაც. „საქართველოს ფოსტის“ პრივატიზება 2019 წელს იგეგმება,”-აცხადებს მინისტრი.

26 ნოემბერს BMG-მ ეკონომიკის მინისტრზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ფოსტისა და რკინიგზის გაყიდვა იგეგმება. პრივატიზაციის მიზეზად ქობულია სახელმწიფო კომპანიების ეფექტურობის ზრდას ასახელებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი