ახალი ამბები

“პატრიოტთა ალიანსმა” ზურაბიშვილის სასარგებლოდ უკანონო შემოწირულება განახორციელა – აუდიტი

26 ნოემბერი, 2018 • 2132
“პატრიოტთა ალიანსმა” ზურაბიშვილის სასარგებლოდ უკანონო შემოწირულება განახორციელა – აუდიტი

აუდიტის სამსახურმა საარჩევნო პერიოდში შესული საჩივრებისა და სამსახურის მიერ განხორციელებული მედია მონიტორინგის შედეგად ადმინისტრაციული საქმისწარმოება 11 საქმეზე დაიწყო.

როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ფინანსური აქტივობების მონიტორინგის შუალედური ანგარიშში არის ნათქვამი, წარმოება დასრულებულია 4 საქმეზე, აქედან ერთზე შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი,  7 საქმეზე კი დამატებითი ინფორმაციის მოძიება და შესაბამისი სამართლებრივი და
პროცედურული მოქმედებების გატარება მიმდინარეობს.

კერძოდ, დასრულებულია შესწავლა შემდეგ 4 საქმეზე:

  1. საია-ს საჩივრის საფუძველზე, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” მიერ დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ სააგიტაციო ბროშურების ბეჭდვის შესახებ. დაბეჭდილი ბროშურების ღირებულება 15 295 ლარის ოდენობით აუდიტის სამსახურმა სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ განხორციელებულ აკრძალულ შემოწირულებად მიიჩნია. შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც გადაგზავნილია თბილისის საქალაქო სასამართლოში კანონით განსაზღვრული ორმაგი ოდენობის ჯარიმის დაკისრების მიზნით.
  2. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საჩივარზე რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტებში აგვისტოს თვეში განხორციელებული ცვლილებების შესახებ. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საჩივარში მითითებულმა მუნიციპალიტეტის საკრებულოებმა კანონით დადგენილ ვადაში განახორციელეს ცვლილებები და აღნიშნული ფაქტი არ შეიცავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მანდატით განსაზღვრული საკითხების დარღვევას.
  3. “სამართლიანი არჩევნების” საჩივრის შესაბამისად, “ლეიბორისტული პარტიის” წარმომადგენლების მიერ გელათობის დღესასწაულზე თანხის დარიგების ფაქტზე. თვითმხილველის გამოკითხვის შედეგად არ იქნა წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რამაც შეუძლებელი გახადა მოსყიდვის ფაქტის დადასტურება.
  4. მედიასაშუალებებით არჩევნების დღეს “საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს” მიერ გავრცელებული სავარაუდო მოსყიდვის ფაქტების შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურის მიერ გამოიკითხა ორგანიზაციის მიერ დასახელებული 4 თვითმხილველი. ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოუდგენლობის გამო შეუძლებელი გახდა მოსყიდვის ფაქტის დადასტურება.

გარდა ამისა, აუდიტის სამსახურის მიერ მიმდინარეობს შესწავლა 7 საქმეზე:

  1. “სამართლიანი არჩევნებისა” და საია-ს მიერ სატელევიზიო რეკლამის შესახებ წარმოდგენილ ინფორმაციაზე.
  2. “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია “ქართული
    ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ დაფინანსებული საარჩევნო კვლევის შესახებ.
  3. საია-ს ინფორმაციაზე “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ამბროლაურის შტაბის მიერ ფინანსური რესურსების გამოყენების შესაძლო დარღვევის შესახებ.
  4. მედიით გავრცელებული და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ სამსახურში წარმოდგენილი
    საჩივრის საფუძველზე გარდაბანში სხვადასხვა საკვები პროდუქტების დარიგების შესახებ.
  5. მოძრაობის „არა ნაციზმს“ მიერ რუსთაველის გამზირზე გახსნილი ოფისის ხარჯი და აქტივობები.
  6. მოძრაობის „მე ვიცავ თავისუფლებას“ მიერ რეგიონებში ორგანიზებული შეხვედრები.
  7. ბილბორდების „არა ნაციზმს, არა ძალადობას“ დამზადებისა და განთავსების ხარჯი.

აუდიტის სამსახურმა 11-19 ოქტომბრის პერიოდში განახორციელა მონიტორინგი საქართველოს 30 ქალაქში. შუალედური ანგარიშის თანახმად, მონიტორინგის შესაბამისად გამოვლინდა საუკეთესო შედეგის მქონე 3 საარჩევნო სუბიექტის 33 ოფისი, რომლებზეც მიმდინარეობს დამატებითი შესწავლა ხარჯების კანონთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. საანგარიშგებო პერიოდში ინფორმაციის წარმოუდგენლობის ან/და არასწორად წარმოდგენის გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია 2 საარჩევნო სუბიექტის მიმართ:

  1. “თავისუფალი საქართველო” – ნაღდი ფულის ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაციის წარმოუდგენლობა, რისთვისაც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს
    ორგანული კანონის 342 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად გათვალისწინებულია ჯარიმა 2 000
    ლარის ოდენობით.
  2. დამოუკიდებელი კანდიდატი გიორგი ანდრიაძე – შემოწირულებების მიღების წესისა და თანხის
    ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენის წესის დარღვევა, რაც „მოქალაქეთა პოლიტიკური
    გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 342 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს ჯარიმას 1,000 ლარის ოდენობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი