ახალი ამბები

აუდიტი უკანონო შემოწირულობისთვის ორი პირის დაჯარიმებას სასამართლოსგან ითხოვს

26 ნოემბერი, 2018 • 1484
აუდიტი უკანონო შემოწირულობისთვის ორი პირის დაჯარიმებას სასამართლოსგან ითხოვს

აუდიტის სამსახურმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურისთვის პოლიტიკური სუბიექტების შემოწირულობები შეისწავლა.

როგორც აუდიტში აცხადებენ, ფიზიკური პირების მიერ განხორციელებული შემოწირულობების შესწავლის პროცესშიშემოსავლების სამსახურიდან 576 პირზე გამოითხოვეს ინფორმაცია. შემოსავლების დასაბუთების მიზნით გასაუბრებაზე დამატებითი განმარტებებისთვის კი 31 პირი დაიბარეს, რომელთაგან 11 გამოიკითხა.

აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ ორ შემთხვევაში განხორციელებული შემოწირულება სამსახურმა მიიჩნია აკრძალულ შემოწირულებად, რადგან თანხის წარმომავლობა ვერ იქნა დასაბუთებული.

აუდიტის განცხადებით, 2018 წლის 10 ოქტომბერს ლაშა ცუცქირიძემ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 10 000 ლარი შესწირა. ნიკოლოზ დალაქიშვილმა კი 24 სექტემბერს  “ევროპულ საქართველოს” 2 000 ლარი შესწირა.

როგორც აუდიტში აცხადებენ, აღნიშნული პირების მიმართ სამსახურის მიერ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 342 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები.

აუდიტში აცხადებენ, რომ შესაბამისი მასალები გადაგზავნილია თბილისის საქალაქო სასამართლოში და მოთხოვნილია კანონით გათვალისწინებული ორმაგი ოდენობის ჯარიმის დაკისრება.

გარდა ამისა, აუდიტმა შეისწავლა   „ჩაჩავას კლინიკისა“ და „ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის“ თანამშრომლების მიერ ოქტომბრის დასაწყისში დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულებები:

“აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე, შესაბამისი ინფორმაცია გამოთხოვილ იქნა შემოსავლების სამსახურიდან და საბანკო დაწესებულებებიდან. მიღებული მონაცემების ანალიზის შედეგად სამსახურმა გასაუბრებაზე მოიწვია 4 ფიზიკური პირი, რომელთაგან 2-მა ფიზიკურმა პირმა წარმოადგინა შემოსავლების დამადასტურებელი ინფორმაცია, ხოლო 2 ფიზიკური პირის მოწვევა იგეგმება ალტერნატიული მისამართების გამოყენებით” – ვკითხულობთ აუდიტის ანგარიშში.

მასალების გადაბეჭდვის წესი