ახალი ამბები

მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ ოფიციალურად დაგმოს შავ ზღვაში რუსეთის ქმედებები – რესპუბლიკელები

26 ნოემბერი, 2018 • 1213
მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ ოფიციალურად დაგმოს შავ ზღვაში რუსეთის ქმედებები – რესპუბლიკელები

“რესპუბლიკური პარტია” მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავავრობამ შავ ზღვაში რუსეთის სამხედრო საზღვაო ძალების პროვოკაციული ქმედებები ოფიციალურად უნდა დაგმოს. თავის განცხადებაში პარტია ამბობს, რომ ქმედებები, რომლებიც მიმართულია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის წინააღმდეგ და ხელს უწყობს მთლიანად რეგიონში მხოლოდ რუსეთის სასარგებლოდ დაძაბულობის ზრდას.

“საქართველოს რესპუბლიკური პარტია თვლის, რომ შავი ზღვა წარმოადგენს ევროპულ ზღვას და რეგიონალური უსაფრთხოება, მათ შორის მიმდებარე ქვეყნების, უკრაინისა და საქართველოს, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მუდმივი საფრთხის ქვეშაა რუსეთის მხრიდან.

რუსეთს მიტაცებული აქვს საქართველოსა და უკრაინის შავიზღვისპირა მხარეები – აფხაზეთი და ყირიმი, რაც თავისთავად ქმნის დაძაბულობას მთელს რეგიონში. პერიოდულად კი, ახლაც ამ დაძაბულობის ესკალაციას ეწევა რუსეთი,” – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

“რესპუბლიკური პარტია” ხაზს უსვამს, რომ საქართველომ ღიად და ოფიციალურად მხარი უნდა დაუჭიროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას და ყოველგვარი წინაპირობების გარეშე უკრაინის მხარდამხარ გაიზიაროს პასუხისმგებლობა და რეგიონში დაძაბულობის დეესკალაციის პროცესში იყოს ინიციატორი.

მათივე თქმით, რეგიონში დაძაბულობის განმუხტვა და აღნიშნული კონფლიქტების მშვიდობიანად გადაჭრა, რაც მხოლოდ რუსეთის ფედერაციის ინტერესებში არ შედის, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციაზე, რისთვისაც საჭიროდ მიგვაჩნია სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში უკრაინასა და საქართველოს შორის ოპერატიული და მჭიდრო თანამშრომლობა.

“საქართველოს რესპუბლიკური პარტია აცნობიერებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, რომელიც 28 ნოემბერს გაიმართება საქართველოში, აგრეთვე 2019 წლის გაზაფხულზე უკრაინაში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები, უნდა ემსახურებოდეს ორივე ქვეყანაში რუსეთის გავლენების, დესტრუქციული და აგრესიული ქმედებების განეიტრალებას, უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებას და ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზაციას,” – ამბობს პარტია.


უკრაინის საზღვარო ძალების ინფორმაციით, მათ კუთვნილ გემებსცეცხლი რუსეთმა გაუხსნა იმ დროს, როცა ისინი ქერჩის სრუტეს ტოვებდნენ. უწყების მიერ გავრცელებული უკანასკნელი ცნობის თანახმად, შემთხვევის შედეგად უკვე ექვსი მეზღვაურია დაჭრილი.

უწყების ცნობით, ცეცხლის გახსნის შემდეგ სამივე უკრაინული გემი რუსეთის სპეც. დანიშნულების რაზმის წევრებმა დააკავეს.

“ბოლო განახლებების თანახმად, ორი მცირე ზომის საარტილერიო გემი “ბერდიანსკი” და “ნიკოპოლი” მოწინააღმდეგის ცეცხლის ქვეშ მოექცა, მათ კურსი აქვთ დაკარგული. [ასევე], ბუქსირი “იანი კაპუ” ძალადობრივად შეაჩერეს. [შემდგომ], გემები რუსეთის ფედერაციის სპეც. რაზმის მიერ იქნა დაკავებული”, – წერს უკრაინის საზღვაო ძალების ფეისბუქ გვერდი.

მანამდე, უწყება მხოლოდ ერთი დაშავებულისა და ასევე 1 კურსდაკარგული გემის შესახებ იტყობინებოდა.

დაძაბულობის ფონზე, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკვე ჩანიშნა თავდაცვის კაბინეტის სხდომა. შეხვედრა, ადგილობრივი დროით, 22:00-ზე დაიგეგმა.

აღნიშნული შემთხვევა 25 ნოემბრის დილას დაწყებული ინციდენტის გაგრძელებაა. კიევის ცნობით, “ღიად აგრესიული ქმედებები” რუსეთის მხრიდან პირველად მაშინ განხორციელდა, როცა სამი უკრაინული გემი ოდესიდან[შავი ზღვა] მარიუპოლისაკენ[აზოვის ზღვა] მიემართებოდა. თავდაცვის უწყების ცნობით, რუსული გემი უკრაინულ ბუქსირს განგებ შეეჯახა, შედეგად ბუქსირის რამდენიმე ნაწილი დაზიანდა.

ნატო და ევროკავშირი რუსეთს ქერჩის სრუტის გახსნისკენ მოუწოდებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი