ახალი ამბები

მარნეულში საუბნო კომისიის წევრებმა II ტურის წინ პოსტები დატოვეს

26 ნოემბერი, 2018 • 1326
მარნეულში საუბნო კომისიის წევრებმა II ტურის წინ პოსტები დატოვეს

მარნეულში საუბნო საარჩევნო კომისიის 73 -მა წევრმა პოსტები დატოვა. ცესკოს ინფორმაციით, აქედან 16 წევრი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იყო.

ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ ადამიანების წასვლას პირადი მიზეზებით ხსნის. როგორც პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ნეტგაზეთს უთხრა ბევრ მათგანს ჯანმრთელობის ან ოჯახური პრობლემა აქვს.

“პირველი ტურის შემდეგ კომისიის ზოგიერთმა  წევრმა განცხადება დაწერა და უფლებამოსილება შეიწყვიტა. დაახლოებით 41 ათასი საუბნო კომისიის წევრია და სავსებით შესაძლებელია ყოველდღიურად მიმდინარეობდეს მათი განახლების პროცესი. წევრების შერჩევის პროცესის საბოლოო შედეგი 27 ნოემბერს გახდება ცნობილი. რაც შეეხება იმ საკითხს, რატომ დატოვეს ამ ადამიანებმა კომისია, მაგალითისთვის გეტყვით, რომ ზოგს არ ჰქონდა დაგეგმილი მეორე ტური თუ გაიმართებოდა და შესაბამისად, დროის გამონახვა ვერ შეძლო. ნაწილს ოჯახური პრობლება ჰქონდა, კომისიის ერთ-ერთ ყოფილ წევრს ოპერაცია ჰქონდა დაგეგმილი და ის არჩევნების მეორე ტურს დაემთხვა. ყველა წევრის შემთხვევაში სხვადასხვა მიზეზია”, – აცხადებენ ცესკოში.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) იურისტის ნინო რიჟამაძის თქმით, კომისიის წევრების საკითხს ორგანიზაცია სწავლობს.

“კონკრეტული რაოდენობა ადამიანებისა, რომლებმაც საუბნო საარჩევნო კომისია დატოვეს არ ვიცით. მაგრამ თუ 70-მდე წევრმა მართლაც დატოვა თავისი პოზიაცია საუბნო კომისიებში, მაშინ ეს კითხვებს წარმოშობს ხომ არ მოხდა მათზე ზეწოლა. და ზეწოლის გამო ხომ არ განაცხადეს ამ ადამიანებმა კომისიაში მუშაობაზე უარი,”- ამბობს ნინო რიჟამაძე.

შენიშვნა: თავდაპირველად კომისიის წევრების რაოდენობა ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე დაყრდნობით გავრცელდა. გვიან საღამოს ცესკოსგან ნეტგაზეთმა მიიღო დაზუსტებული ინფორმაცია მარნეულში რამდენმა წევრმა დატოვა კომისია და რამდენი იყო აქედან კომისიის თავმჯდომარე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი