ახალი ამბები

ნატო და ევროკავშირი რუსეთს ქერჩის სრუტის გახსნისკენ მოუწოდებენ

26 ნოემბერი, 2018 • 3056
ნატო და ევროკავშირი რუსეთს ქერჩის სრუტის გახსნისკენ მოუწოდებენ

ევროკავშირი და ნატო რუსეთს საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად ქერჩის სრუტეში თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებენ. ისინი შავ და აზოვის ზღვებში მიმდინარე მილიტარიზაციის პროცესს უკრაინის დამოუკიდებლობისა და რეგიონში სტაბილურობისთვის არსებულ საფრთხედ აფასებენ.

ერვოკავშირის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაძაბულობა ქერჩის სრუტეში მას შემდეგ გაიზარდა, რას უკრაინისა და რუსთის საზღვაო ძალებს შორის ინციდენტი მოხდა:

ჩვენ მოველით, რომ რუსეთი აღადგენს თავისუფალ გადაადგილებას ქერჩის სრუტეში და ყველაფერს გააკეთებს სიტუაციის დაუყოვნებლივ დეესკალაციისთვის” – ვკითხულობთ განცხადებაში.

ევროკავშირის შეფასებით, ქერჩის ხიდის მშენებლობა, რომელიც უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე მიმდინარეობდა, წარმოადგენს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის კიდევ ერთ მაგალითს. საერთაშორისო გაერთიანება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ არ აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო ანექსიას.

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი (NATO) კი აცხადებს, რომ მოვლენების განვითარებას ყურადღებით აკვირდება და თანამშრომლობს უკრაინის ხელისუფლებასთან. NATO, ევროკავშირის მსგავსად, მხარს უჭერს უკარინის სუვერენიტეტსა და ტერიოტრიულ მთლიანობას, ასევე ქვეყნის უფლებებს ტერიტორიულ წყლებზე.

NATO მოუწოდებს რუსეთს, უზრუნველყოს შეუზღუდავი წვდომა უკრაინულ პორტებზე აზოვის ზღვაში საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად. ჩრდილო-ატლკანტიკური ალიანსი  აცხადებს, რომ  ბრიუსელის სამიტზე NATO-ს ლიდერებმა უკრაინის მიმართ ღია მხარდაჭერა გამოხატეს და განაცხადეს, რომ რუსეთის მიერ მიმდინარე მილიტარიზაციის პროცესი ყირიმის ნახევარკუნძულზე, შავ და აზოვის ზღვებში საფრთხეს უქმნის უკრაინის დამოუკიდებლობას და ხელს უშლის რეგიონში სტაბილურობას.

ამასთან, გაეროს უშიშროების საბჭო აზოვის ზღვაში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ქმედებებთან დაკავშირებით დღეს , 26 ნოემბერს, საგანგებო სხდომას გამართავს.


უკრაინის საზღვარო ძალების ინფორმაციით, მათ კუთვნილ გემებსცეცხლი გაუხსნა იმ დროს, როცა ისინი ქერჩის სრუტეს ტოვებდნენ. უწყების მიერ გავრცელებული უკანასკნელი ცნობის თანახმად, შემთხვევის შედეგად უკვე ექვსი მეზღვაურია დაჭრილი.

უწყების ცნობით, ცეცხლის გახსნის შემდეგ სამივე უკრაინული გემი რუსეთის სპეც. დანიშნულების რაზმის წევრებმა დააკავეს.

“ბოლო განახლებების თანახმად, ორი მცირე ზომის საარტილერიო გემი “ბერდიანსკი” და “ნიკოპოლი” მოწინააღმდეგის ცეცხლის ქვეშ მოექცა, მათ კურსი აქვთ დაკარგული. [ასევე], ბუქსირი “იანი კაპუ” ძალადობრივად შეაჩერეს. [შემდგომ], გემები რუსეთის ფედერაციის სპეც. რაზმის მიერ იქნა დაკავებული”, – წერს უკრაინის საზღვაო ძალების ფეისბუქ გვერდი.

მანამდე, უწყება მხოლოდ ერთი დაშავებულისა და ასევე 1 კურსდაკარგული გემის შესახებ იტყობინებოდა.

დაძაბულობის ფონზე, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკვე ჩანიშნა თავდაცვის კაბინეტის სხდომა. შეხვედრა, ადგილობრივი დროით, 22:00-ზე დაიგეგმა.

აღნიშნული შემთხვევა 25 ნოემბრის დილას დაწყებული ინციდენტის გაგრძელებაა. კიევის ცნობით, “ღიად აგრესიული ქმედებები” რუსეთის მხრიდან პირველად მაშინ განხორციელდა, როცა სამი უკრაინული გემი ოდესიდან[შავი ზღვა] მარიუპოლისაკენ[აზოვის ზღვა] მიემართებოდა. თავდაცვის უწყების ცნობით, რუსული გემი უკრაინულ ბუქსირს განგებ შეეჯახა, შედეგად ბუქსირის რამდენიმე ნაწილი დაზიანდა.

უკრაინული მხარე ირწმუნება, რომ გემების გადაადგილება წინასწარ, საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად იყო დაგეგმილი. საპასუხოდ, რუსეთის FSB კიევს ადანაშაულებს “რეგიონში კონფლიქტური ვითარების შექმნასა” და უკანონო შეჭრაში რუსული ტერიტორიული წყლების იმ ზონაში, რომელიც “დროებით დახურულია”.

BBC-ის ცნობით, ინციდენტის შემდეგ, რუსულმა მხარემ ქერჩის სრუტეზე გამავალი ხიდის ქვეშ ტანკერი ჩააყენა და აზოვის ზღვაში შესასვლელი დაბლოკა, რასაც მოსკოვი უსაფრთხოების ზომებით ხსნის. უკრაინის საზღვაო ძალებში აცხადებენ, რომ კიევის კუთვნილი გემები სწორედ ქერჩის სრუტით ცდილობდნენ შავი ზღვიდან აზოვის ზღვაში შესვლას.

აღნიშნულიდან მალევე ადგილზე გამოჩნდა ორი რუსული საბრძოლო ვერტმფრენი, რომლებიც კიების კუთვნილ გემებს აკონტროლებდნენ.  ქერჩის სრუტის მიმართულებით ასევე გაიგზავნა CU-25-ის ტიპის რუსული ბომბდამშენები.

უკრაინული “უნიანის” ცნობით, სრუტის ჩაკეტვის შემდეგ, უკრაინული გემები უკან გაბრუნებას აპირებდნენ, თუმცა მათი მათ რუსული მხარე შეჩერებისკენ მოუწოდებდა და ცეცხლის გახსნით ემუქრებოდა.

2003 წლის შეთანხმების მიხედვით, რომელიც მოსკოვსა და კიევს შორის გაფორმდა, ქერჩის სრუტე და აზოვის ზღვა საზიარო ტერიტორიულ წყლებს წარმოადგენს. თუმცა, ბოლო პერიოდში, რუსეთმა დაიწყო ყველა ხომალდის შემოწმება, რომლებიც შედიან ან გადიან უკრაინიდან.

რუსეთს ყირიმის ნახევარკუნძული 2014 წლის მარტიდან აქვს ანექსირებული. უკრაინის აღმოსავლეთით კი, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში, მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები მოქმედებენ. აქ მიმდინარე საომარ მოქმედებებს 2014 წლიდან დღემდე 10 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რუსეთი ამტკიცებს, რომ სეპარატისტებს პირდაპირ დახმარებას არ უწევს და ადგილზე მხოლოდ რუსი “მოხალისეები” მოქმედებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი