ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

ანბანის გაქართულებით გაძლიერებული აფხაზური ნაციონალიზმი

26 ნოემბერი, 2018 • 6777
ანბანის გაქართულებით გაძლიერებული აფხაზური ნაციონალიზმი

ანბანი და დამწერლობა ქართული იდენტობის ნაწილია. თუმცა ერთი შეხედვით უწყინარი ქართული დამწერლობა ისტორიის გარკვეულ პერიოდში აგრესიის და იდენტობის წართმევის ნიშნად არის აღქმული.

ენმკი-ს აბრევიატურა თანამედროვე მოქალაქეთა უმრავლესობას არაფერს ეუბნება. ის მხოლოდ ვიწრო პროფესიულ წრეშია ცნობილი. ამ შემოკლების უკან ძალიან გავლენიანი სამეცნიერო ინსტიტუტი იდგა, რომელიც 1936 წელს დაარსდა და მას ახალი, მოდერნული საბჭოთა საზოგადოება უნდა შეექმნა. ზუსტად აქ იგეგმებოდა სალიტერატურო ენების შექმნა, აქვე იქმნებოდა ახალი ერების ჩამოყალიბებისათვის აუცილებელი ინსტრუმენტები. ამავე ინსტიტუტში იმართებოდა დისკუსიები ჩამორჩენილ ტრადიციულ კულტურასა და მის გავლენაზე საბჭოთა ადამიანის ყოველდღიურობაში. ეს ორგანიზაცია იყო ერთგვარი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სამინისტრო.

ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტი, იგივე ენიმკი, თბილისში ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარეობდა. 1937 წლის დეკემბერში ამ ინსტიტუტიდან  აფხაზეთის კულტურის ინსტიტუტის დირექტორს ხაშბას მისწერეს, რომ კომისია პეტრე შარიას, არნოლდ ჩიქობავას, ვარლამ თოფურიას და სიმონ ჯანაშიას შემადგენლობით მიემგზავრებოდა სოხუმში. სამი ძალიან გავლენიანი მეცნიერისა და ერთი ჩეკისტის და თან მეცნიერების ამბიციის მქონე პირის (იგულისხმება პეტრე შარია) ჩასვლა, მნიშვნელოვან ამბავს მოასწავებდა. თან ეს ზამთარში ხდებოდა და არა საკურორტო სეზონზე, როდესაც იქ საბჭოთა ელიტა ისვენებდა.  

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიის არქივში დაცული დოკუმენტების მიხედვით, 1937 წელის 3 დეკემბერს დიდი ცვლილებები ხდება. სოხუმში, აფხაზეთის საოლქო კომიტეტმა მიიღო დადგენილება, რომ აფხაზეთში უნდა მიეღოთ ახალი დამწერლობა, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა ქართულ ანბანზე. ოფიციალურ დოკუმენტში წერია, რომ ადგილობრივი პარტიული ორგანიზაცია ერთმნიშვნელოვან აზრამდე მივიდა, რომ თანამედროვე სალიტერატურო ქართულის ასოები და ნიშნები შეუცვლელად უნდა შენარჩუნდეს. მათ უნდა მიენიჭოთ ახალი ბგერითი მნიშვნელობები. ქ, ჯ, ჩ, შ, ჯ გამოყენებულ იქნას აფხაზური რბილი თანხმოვნების გამოსაცემად, რომელიც ახლოსაა და თანხვედრაშია ქართულ შრიფტთან. მაგარი თანხმოვნებისთვის კი უნდა გამოიყენონ იგივე ასოები, მაგრამ სხვა ნიშნებით. აფხაზურისათვის დამახასიათებელი სპეციალური ბგერების გამოსახატავად იყენებდნენ ქართული დიალექტოლოგიისათვის დამახასიათებელ ნიშნებს Ф და ჳ.

ეს ყველაფერი 1937 წელს მოხდა. თუმცა, მანამდე აფხაზურმა დამწერლობამ საკმაოდ რთული და პოლიტიკური ბატალიებით აღსავსე გზა განვლო.

აფხაზური დამწერლობა 1865 წელს შექმნა რუსმა სამხედრო ინჟინერმა, პეტრე უსლარიმ, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა კავკასიაში. თუმცა ამის შემდეგ ანბანმა ბევრჯერ განიცადა მოდიფიცირება. 1892 წელს კონსტანტინე მაჭავარიანისა და დიმიტრი გულიას მიერ შედგენილ იქნა ყველაზე ცნობილი აფხაზური ენის ანბანი, რომელიც პირველად გამოიყენეს მოსწავლეებისათვის სკოლაში. თუმცა ამ ანბანმა 1926 წლამდე იარსება.

1920-იან წლებში საბჭოთა კავშირში მასობრივად იწყება ანბანების ლათინიზაცია. არაბული დამწერლობების ლათინურით ჩანაცვლება იყო კულტურული რევოლუციის სიმბოლური გამოხატულება აღმოსავლეთში. იდეოლოგები მიიჩნევდნენ, რომ ერების სწრაფმა ნაციონალურმა ზრდამ სსრკ-ში მოითხოვა ნაციების განთავისუფლება არაბული ტრადიციებისაგან, დამწერლობის არქაულობისაგან, რომელიც აფერხებდა კულტურულ განვითარებას. გარდა ამისა, ბოლშევიკების პანთურქული მოძრაობების შიში ჰქონდათ. აგრეთვე ლათინური ანბანი აღიქმებოდა დერუსიფიკაციულ პოლიტიკად, რომელიც ჩაგრულის სინონიმი იყო. ხელისუფლების გარკვეულ წარმომადგენლებს ბელორუსსა და უკრაინაშიც უნდოდათ დამწერლობების ცვლილება, მაგრამ აღმოსავლეთისგან განსხვავებით ეს მიდგომა არ განხორციელდა. მოსახლეობა არასდროს შეხვედრია ანბანის ცვლილებას დიდი ენთუზიაზმით.

ლინგვისტი ნ.ფ. იაკოვლევი იხსენებს პირველ მცდელობას, როდესაც ჩეჩნური ანბანი გადაიყვანეს ლათინურ დამწერლობაზე. ახალი, ლათინურად დაბეჭდილი ჩეჩნური ანბანით მთებში ავიდა მასწავლებელი და მოსახლეობამ ის, უბრალოდ, არ მიიღო. აზერბაიჯანელი ბოლშევიკი, აღამალი ოღლი აღნიშნავს, რომ დაღესტანში მუსლიმი მთიელი იპოვიდა რა დაკუჭულ, დახეულ გაზეთს, რომელიც არაბულად იყო დაწერილი, ის უცებ იღებდა მას და მიჰქონდა სახლში. მას სწამდა, რომ თავად ასოებში ინახებოდა ღმერთის სახელი. ამიტომ ლათინური დამწერლობა აქაც მიუღებელი იყო.

ცნობილი ისტორიკოსი, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი ტერი მარტინი მიიჩნევს, რომ სსრკ-ში ლათინიზაცია იქნა წარმოდგენილი როგორც მოძრაობა, რომელიც მოწოდებულია დაანგრიოს ისლამი და ფეოდალური აზროვნების ტიპი. ხელისუფლება აღმოსავლეთში, კულტურულ რევოლუციას ერთგვარ ჯვაროსნულ ლაშქრობად აღიქვამდა, რომ აღმოეფხვრა „ჩამორჩენილობა“.

1920-იან წლებში საქართველოშიც იქმნება ახალი დამწერლობები. 1926 წელს ლაზების რაოდენობა ძალიან მცირე იყო. 42 ლაზი ცხოვრობდა აფხაზეთში და 594 აჭარაში, სულ 636. სწორედ ასეთი მცირე რაოდენობის ხალხისთვის იქმნება 1927 წელს ლაზური დამწერლობა. თავიდანვე იყო პროექტი, რომ ლაზური დამწერლობა ქართული ასოებით ყოფილიყო, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებით ლაზებსაც ლათინურენოვანი დამწერლობა შეუქმნეს. უმთავრეს მიზეზად კი დასახელდა თურქეთში მცხოვრებ ლაზებთან კომუნიკაცია, მათთვის ლათინური ანბანი უფრო მარტივად აღსაქმელი იყო, ვიდრე ქართული. უკვე 1937 წლისთვის რამდენიმე სკოლის დაწყებით კლასში ისწავლებოდა ლაზური ენა. ლაზური საკითხის წინ წამოწევასა და შემდგომ ანბანის შექმნაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის მეცნიერ, ისკანდერ ციტაშს.

ლაზური დამწერლობა. სკოლის სახელმძღვანელო

1929 წელს მეგრულ ენაზე იწყებენ გამოსვლას გაზეთები და რამდენიმე სკოლაში პირველსა და მეორე კლასში სასწავლო ენა მეგრულია. გაზეთები სამეგრელოში 1935 წლამდე გამოიცემოდა მეგრულად, ხოლო გალის რაიონში 1937 წლამდე. მეგრული დამწერლობა ქართული დამწერლობაზე იყო აგებული.

ლათინიზაციისა და ახალი დამწერლობების შექმნა შეეხო აფხაზეთსაც. 1926  წელს ნიკო მარმა შექნა ლათინური ანბანი აფხაზებისთვის, მაგრამ სირთულის გამო ის პრაქტიკაში ვერ გამოიყენეს. 1928 წელს იქმნება ახალი ლათინური აფხაზური ანბანი, რომელის გადამუშავებასაც ხელმძღვანელობდა სამსონ ჭანბა. ის 1886 წელს დაიბადა. ჯერ დრანდის სამონასტრო სკოლა დაამთავრა, მერე კი ხონის პედაგოგიური სასწავლებელი. ის იყო აფხაზეთში პირველი პროფესიული თეატრის დამფუძნებელიც. 1925-1930 წლებში იყო აფხაზეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე.

ამავე პერიოდში, 1926 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერით აფხაზეთში 55 918 ეთნიკური აფხაზი ცხოვრობდა. წერა-კითხვა კი იცოდა – 6110-მა (10,9 %). ხოლო ეროვნულ ენაზე, ე.ი. აფხაზურზე – 2690 (4.8 %). ეს წერაკითხვის მცოდნეთა საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. თუმცა ამ პერიოდისათვის განსაკუთრებული არაფერია. სსრკ-ის ბევრ მხარეში იყო მსგავსი მდგომარეობა.

დამწერლობის ცვლილებით ადამიანებს ხელახლა უწევდა წერა-კითხვის სწავლა და ეს პროტესტს იწვევს. თუ წერაკითხვის მცოდნეთა რიცხვი მცირეა, მაშასადამე, პროტესტიც მცირეა. საბჭოთა კავშირში მოდერნიზაციის და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების რეფორმის შედეგად, გაიხსნა ახალი სკოლები, რამაც განათლებულთა რაოდენობა გაზარდა. 1945 წლისათვის აფხაზეთში არსებობდა 81 აფხაზური სკოლა, სადაც 9179 მოსწავლე ირიცხებოდა.

1937 წელი თბილისიდან სოხუმისკენ მიმართულ შტურმს გავდა. ქართული ანბანით ლათინურის ჩანაცვლება ბევრისთვის სამართლიანად გაუგებარი იყო და ისინი ხელახლა საჭიროებდნენ წერა კითხვის შესწავლას. პრესის ფურცლებზე მუდმივად იწერებოდა აფხაზეთის კონტრრევოლუციური დივერსიულ-მავნებლური, ტერორისტულ-სააჯანყებო ჯაშუშურ ორგანიზაციის საჩვენებელი პროცესის შესახებ. ეს იყო კამპანია მიმართული ვასილ ლაკობას და მისი მიმდევრების წინააღმდეგ. ამავე პროცესის მსვლელობისას ერთი წლის წინ გარდაცვლილი აფხაზებისთვის ნაციონალური გმირი ნესტორ ლაკობა, ხალხის მტრად გამოცხადდა.

1937 წელს დახვრიტეს მეგრული დამწერლობის შექმნის ინიციატორი ისააკ ჟვანია, რეპრესიებს ემსხვერპლა ლაზური დამწერლობის შემქმნელი და ლობისტი ისკანდერ ციტაში. რეპრესიებს ვერ გადაურჩა ლათინიზირებული აფხაზური დამწერლობის შემქმნელი სამსონ ჭანბაც.

ისააკ ჟვანია; ფოტო ეროვნული ბიბლიოთეკა

1953 წელს სტალინის სიკვდილისა და ბერიას დახვრეტის მერე აფხაზური დამწერლობა ისევ შეიცვალა. აფხაზებისათვის რევანში ვერ შედგა, ისინი არა ლათინურს, არამედ კირილიცას დაუბრუნდნენ.

ამ ხანგრძლივ და დრამატულ დამწერლობათა ცვლილების ისტორიაში გამოიკვეთა მნიშვნელოვანი ნაციონალური სენტიმენტი. ქართველებისათვის რეპრესიები მოსკოვიდან მომავალ ბოროტებად აღიქმება, განურჩევლად მასში ქართველთა მონაწილეობისა. ეთნიკური აფხაზებისთვის კი ეს პროცესები არა ცენტრიდან მომავალი ექო, არა ლაკობას კლანის ჩანაცვლებაა ბერიას კლანით, არამედ როგორც თბილისის მცდელობა, რომ დასაჯოს აფხაზები და წაართვას მათ ეროვნული და ნაციონალური იდენტობა. ამ ფაქტებმა აფხაზური ნაციონალიზმის გაძლიერებასა და კონსოლიდაციას შეუწყო ხელი, ისინი ძალიან დააშორა თბილისს.  

გაზეთი: აფსნი ყაფში. 1949 წლის 7 ნოემბერი

მასალების გადაბეჭდვის წესი