ახალი ამბები

რუსეთი უკრაინული გემებისთვის ცეცხლის გახსნას ადასტურებს

26 ნოემბერი, 2018 • 2645
რუსეთი უკრაინული გემებისთვის ცეცხლის გახსნას ადასტურებს

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური(FSB) ადასტურებს, რომ 25 ნოემბრის საღამოს უკრაინულ გემებს ცეცხლი გაუხსნა და სამივე მათგანი დააკავა. ამის შესახებ რუსული RIA იუწყება.

“უკრაინის ხომალდების იძულებით შეჩერების მიზნით, გამოყენებულ იქნა იარაღი. შედეგად შავ ზღვაში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიულ წყლებში, დაკავებულ იქნა უკრაინის სამი გემი. დაიჭრა უკრაინის შეიარაღებული ძალების სამი წევრი, რომელთაც აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება”, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსული მხარის მიერ ქერჩის სრუტესთან უკრაინული გემებისათვის ცეცხსლის გახსნის შესახებ ინფორმაცია, თავდაპირველად, უკრაინის საზღვაო ძალების პრესსამსახურმა გაავრცელა. უწყების ცნობით, შედეგად ექვსი მეზღვაურია დაშავებული, კიევის კუთვნილი სამი გემი კი დაკავებული.

დაძაბულობის ფონზე, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკვე ჩანიშნა თავდაცვის კაბინეტის სხდომა. შეხვედრა, ადგილობრივი დროით, 22:00-ზე დაიწყო.

აღნიშნული ინციდენტი 25 ნოემბრის დილას დაწყებული პროცესებისგაგრძელებაა. დაძაბულობის ესკალაციაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.

კიევის ცნობით, “ღიად აგრესიული ქმედებები” რუსეთის მხრიდან პირველად მაშინ განხორციელდა, როცა სამი უკრაინული გემი ოდესიდან[შავი ზღვა] მარიუპოლისაკენ[აზოვის ზღვა] მიემართებოდა. თავდაცვის უწყების ცნობით, რუსული გემი უკრაინულ ბუქსირს განგებ შეეჯახა, შედეგად ბუქსირის რამდენიმე ნაწილი დაზიანდა.

უკრაინული მხარე ირწმუნება, რომ გემების გადაადგილება წინასწარ, საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად იყო დაგეგმილი. საპასუხოდ, რუსეთის FSB კიევს ადანაშაულებს “რეგიონში კონფლიქტური ვითარების შექმნასა” და უკანონო შეჭრაში რუსული ტერიტორიული წყლების იმ ზონაში, რომელიც “დროებით დახურულია”.

BBC-ის ცნობით, ინციდენტის შემდეგ, რუსულმა მხარემ ქერჩის სრუტეზე გამავალი ხიდის ქვეშ ტანკერი ჩააყენა და აზოვის ზღვაში შესასვლელი დაბლოკა, რასაც მოსკოვი უსაფრთხოების ზომებით ხსნის. უკრაინის საზღვაო ძალებში აცხადებენ, რომ კიევის კუთვნილი გემები სწორედ ქერჩის სრუტით ცდილობდნენ შავი ზღვიდან აზოვის ზღვაში შესვლას.

აღნიშნულიდან მალევე ადგილზე გამოჩნდა ორი რუსული საბრძოლო ვერტმფრენი, რომლებიც კიების კუთვნილ გემებს აკონტროლებდნენ.  ქერჩის სრუტის მიმართულებით ასევე გაიგზავნა CU-25-ის ტიპის რუსული ბომბდამშენები.

უკრაინული “უნიანის” ცნობით, სრუტის ჩაკეტვის შემდეგ, უკრაინული გემები უკან გაბრუნებას აპირებდნენ, თუმცა მათი მათ რუსული მხარე შეჩერებისკენ მოუწოდებდა და ცეცხლის გახსნით ემუქრებოდა.

2003 წლის შეთანხმების მიხედვით, რომელიც მოსკოვსა და კიევს შორის გაფორმდა, ქერჩის სრუტე და აზოვის ზღვა საზიარო ტერიტორიულ წყლებს წარმოადგენს. თუმცა, ბოლო პერიოდში, რუსეთმა დაიწყო ყველა ხომალდის შემოწმება, რომლებიც შედიან ან გადიან უკრაინიდან.

რუსეთს ყირიმის ნახევარკუნძული 2014 წლის მარტიდან აქვს ანექსირებული. უკრაინის აღმოსავლეთით კი, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში, მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები მოქმედებენ. აქ მიმდინარე საომარ მოქმედებებს 2014 წლიდან დღემდე 10 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რუსეთი ამტკიცებს, რომ სეპარატისტებს პირდაპირ დახმარებას არ უწევს და ადგილზე მხოლოდ რუსი “მოხალისეები” მოქმედებენ.

სააგენტო “უნიანი” მკითხველს სთავაზობს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, რომელიც, სავარაუდოდ, ცეცხლის გახსნის მომენტს ასახავს, თუმცა მისი აუთენტურობა დადასტურებული არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი