ახალი ამბები

ვაშაძე – 37%, ზურაბიშვილი – 35% – “ედისონის” კვლევის შედეგები

25 ნოემბერი, 2018 • 2519
ვაშაძე – 37%, ზურაბიშვილი – 35% – “ედისონის” კვლევის შედეგები

ტელეკომპანია “რუსთავი2” Edison research-ის ახალი კვლევის შედეგებს ასაჯაროებს, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისათვის ამომრჩეველთა განწყობას ეხება.

კითხვაზე ვის მისცემდით ხმას, საპრეზიდენტო არჩევნები დღეს რომ იმართებოდეს? – 37% პასუხობს, რომ ხმას გრიგოლ ვაშაძეს მისცემდა, 35% კი ფავორიტ კანდიდატად სალომე ზურაბიშვილს ასახელებს. რესპონდენტთა დარჩენილი ნაწილი – 39% ან გადაუწყვეტელია, ან არცერთ მათგანს აძლევს ხმას.

ტელეარხის ცნობით, Edison research -ის წარმომადგენლები მოქალაქეებს დამატებით კითხვებსაც უსვამენ, რომელთა მონაცემებითაც იმ რესპონდენტების არჩევანიც ივარაუდეს, ვისაც ფავორიტი არ დაუსახელებია.შესაბამისად, ე.წ. ალოკაციის მეთოდით, შედეგები ასე ნაწილდება:

  • გრიგოლ ვაშაძე – 45%;
  • სალომე ზურაბიშვილი – 42%.

“რუსთავი2”-მა მაყურებელს შედეგების ის ვარიანტიც შესთავაზა, რომელსაც გადაუწყვეტელი და უარის მთქმელი პასუხები ჩამოცილებული აქვს. ამ მაჩვენებლით, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს 52%-იანი მხარდაჭერა აქვს, სალომე ზურაბიშვილს კი – 48% უჭერს მხარს.

“რუსთავი 2”-ის დაკვეთით კომპანიამ 12-დან 18 ნოემბრის ჩათვლით მთელი საქართველოს მასშტაბით ხმის მიცემის უფლების მქონე 2038 მოქალაქე გამოკითხვა და მათ პირისპირი გამოკითხვის გზით დაუსვა შეკითხვები. კვლევის ცდომილება +/-2%-ია, 95%-იანი სანდოობის დონისათვის.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საქართველოში 28 ნოემბერს იმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი