ახალი ამბები

ზურაბიშვილმა 80%-ით უნდა მოიგოს – “პატრიოტთა ალიანსის” აქცია “ნაც. მოძრაობის” წინააღმდეგ

25 ნოემბერი, 2018 • 3958
ზურაბიშვილმა 80%-ით უნდა მოიგოს – “პატრიოტთა ალიანსის” აქცია “ნაც. მოძრაობის” წინააღმდეგ

“არა ნაც. მოძრაობას” – ამ ლოზუნგით “პატრიოტთა ალიანსი” თბილისში, თავისუფლების მოედანზე აქციას მართავს. შეკრებილებს სიტყვით უკვე მიმართეს პარტიის ლიდერებმა, რომელთაც აღნიშნეს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა დაისაჯონ, არჩევნების მეორე ტურზე კი ამომრჩეველმა ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცეს.

“არჩევანი ერთია: ან ვაშაძე, ან ზურაბიშვილი. არ შეიძლება არჩევნებზე არმისვლა, არ შეიძლება ყველას წაშლა. უნდა დაუჭიროთ მხარი ზურაბიშვილს და მოხდეს ისე, რომ 80%-ით მოვუგოთ მაგათ და არა ცოტა პროცენტით”, – განაცხადა დავით თარხან-მოურავმა, “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა.

მისი თქმით, “ბრძოლა ახლა იწყება” და “საერთოდ თუ არ გაქრა ნაც. მოძრაობა, ქვეყანა არ დამშვიდდება”.

“ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი კანდიდატისთვის ხმის მიცემისკენ შეკრებილებს პარტიის კიდევ ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმაც მოუწოდა. მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” არაერთ დანაშაულთან ასოცირდება და საზოგადოებამ პარტიის ხელისუფლებაში დაბრუნება არ უნდა დაუშვას.

“უნდა მივიდეთ არჩევნებზე, მხარი დავუჭიროთ ზურაბიშვილს და იცოდეს ქალბატონმა სალომემ, რომ მას ირჩევს არა ქართული ოცნება, არამედ ქართველი ხალხი და ქალბატონი სალომე პასუხისმგებელი ქართველი ხალხის წინაშე.

…კოჰაბიტაცია იყო ღალატი. ამ კრიმინალების გამოცხადება მთავარ ოპოზიციურ ძალად, იყო ღალატი. ჩვენ ვართ მთავარი ოპოზიციური ძალა, თქვენთან ერთად”, – აღნიშნა მან.

ორგანიზატორთა თქმით, დღესვე მიიღებენ “მანიფესტს”, რომლითაც ხელისუფლებას “ნაციონალურ მოძრაობასთან” კოჰაბიტაციის დასრულებისკენ მოუწოდებენ.

აქციის გამო რუსთაველის გამზირი და თავისუფლების მოედანი ავტომობილებისათვის გადაკეტილია.

"არა ნაც. მოძრაობას" - "პატრიოტთა ალიანსის" აქცია თავისუფლების მოედანზე, ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო ბიძინაშვილი "არა ნაც. მოძრაობას" - "პატრიოტთა ალიანსის" აქცია თავისუფლების მოედანზე, ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო ბიძინაშვილი "არა ნაც. მოძრაობას" - "პატრიოტთა ალიანსის" აქცია თავისუფლების მოედანზე, ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო ბიძინაშვილი "არა ნაც. მოძრაობას" - "პატრიოტთა ალიანსის" აქცია თავისუფლების მოედანზე, ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო ბიძინაშვილი "არა ნაც. მოძრაობას" - "პატრიოტთა ალიანსის" აქცია თავისუფლების მოედანზე, ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო ბიძინაშვილი

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი