ახალი ამბები

დღეს თბილისში სამი აქციაა დაგეგმილი

25 ნოემბერი, 2018 • 1377
დღეს თბილისში სამი აქციაა დაგეგმილი

დღეს, 25 ნოემბერს, თბილისში, სამ სხვადასხვა ადგილას, სამი აქციაა დაგეგმილი. ერთი მხრივ, დედაქალაქის მთავარ გამზირზე, თემირლან მაჩალიკაშვილისა და დავით სარალიძის საქმეების დროულ გამოძიებას მოითხოვენ, თავისუფლების მოედანსა და მრგვალ ბაღში კი პროტესტს ოპოზიციურ პარტიას, “ნაციონალურ მოძრაობას” გამოუცხადებენ.

“25 ნოემბერს თემირლანი 20 წლის გახდებოდა” – ასე ჰქვია აქციას, რომელიც პარლამენტის წინ 15:00-ზე დაიწყება. შვილმოკლული მამები კიდევ ერთხელ მოითხოვენ შვილების საქმეთა დროულ გამოძიებასა და დამნაშავეთა დასჯას.

“ამ ლეგიტიმურ მოთხოვნებს ხელისუფლება ცილისწამებით, ფსიქოლოგიური ზეწოლით, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფით პასუხობს ! მთელი თავისი რესურსი აამოქმედა და მთელი სახელმწიფო მანქანა ცდილობს მამების განეიტრალებას.

დროა დასრულდეს ეს ყველაფერი‼️
ბრძოლა გამარჯვებამდე‼️
ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს‼️” – ნათქვამია აქციის ანონსში.

ოდნავ მოშორებით, თავისუფლების მოედანზე, იგივე დროს(15:00) “პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერები შეიკრიბებიან, რათა ოპოზიციაში მყოფ “ნაციონალურ მოძრაობას” პროტესტი გამოუცხადონ. ბათუმში გამართული აქციის მსგავსად, დღევანდელი შეკრების მთავარი ლოზუნგი კვლავ იქნება “არა ნაცებს!”

“ვთვლი, რომ ამ ვითარებაში “ნაციონალური მოძრაობის” დანაშაულებრივი ქმედებების კიდევ ერთხელ გამოკვეთა არის აუცილებელი იმიტომ, რომ ჩვენ მომავალში აღარ დავუშვათ, რომ ამ ტიპის პოლიტიკოსებმა ხელში ჩაიგდონ ხელისუფლება და დანაშაული, რომელიც მათ თავის დროზე ჩაიდინეს, იყოს დასჯილი!” – ამბობს პარტიის ლიდერი ირმა ინაშვილი.

მესამე აქცია ასევე “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ გაიმართება 15:00-ზე, მრგვალ ბაღში. შეკრება “ფეისბუქზე” დაგეგმა გვერდმა, სახელწოდებით “კატალიზატორი”. ”

“არ დაუბრუნო მოძალადეს ძალაუფლება!” – ასეთია ღონისძიების სახელწოდება, ორგანიზატორები კი მრგვალ ბაღში მისვლისკენ, უმთავრესად, ახალგაზრდებს მოუწოდებენ.

“მივმართავთ პირველ რიგში ახალგაზრდებს და შემდგომ ყველას ვინც ჩვენს აზრზეა, ჩავერთოთ ქვეყანაში მიმდინარე ყველა პროცესში და დავიცვათ ჩვენი და ჩვენი სამშობლოს ჰუმანური და ნათელი მომავალი”, – წერია ანონსში.

“ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ აქტივობები, სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ დაიგეგმა. მმართველი პარტიის ფავორიტი კანდიდატისა და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის შედეგს შორის განსხვავება 1%-ზე ნაკლებია: სალომე ზურაბიშვილმა ხმათა 38.64%, გრიგოლ ვაშაძემ კი  – 37.74% მიიღო. არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი