ახალი ამბები

უკრაინამ მოსკოვს გაუუქმა პოჩაევის ლავრით სარგებლობის უფლება

24 ნოემბერი, 2018 • 6382
უკრაინამ მოსკოვს გაუუქმა პოჩაევის ლავრით სარგებლობის უფლება

უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ რელიგიურ ორგანიზაციას პოჩაევის ლავრის ნაგებობებით სარგებლობის უფლება გაუუქმა. ამის შესახებ უწყებამ განცხადება 23 ნოემბერს, საღამოს გაავრცელა.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ელენა სუკმანოვას თქმით, შესაბამისი მოთხოვნით უწყებას კრემენეც-პოჩაევის ისტორიული და არქეოლოგიური ნაკრძალის ადმინისტრაციამ მიმართა, რომელიც მონასტერს ფლობს.

განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ სახელმწიფო რეგისტრატორის მიერ მანამდე მიღებული გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც ლავრის 6 ნაგებობა მოსკოვის საპატრიარქოზე დაქვემდებარებულ უკრაინის ეკლესიას 2052 წლამდე გადაეცა, არალეგალური იყო.

სამინისტროს შესაბამისი კომისია დაეთანხმა  მას და მიიჩნია, რომ გადაწყვეტილება წესების დარღვევით იყო მიღებული. მინისტრის მოადგილის თქმით, უფლებამოსილება შეეზღუდა სახელმწიფო რეგისტრატორს, რომელმაც მანამდე აღნიშნული ოპერაცია განახორციელა.

სამინისტროს ამ გადაწყვეტილებამდე, ლავრის ნაგებობების საკითხით სამართალდამცავი ორგანოები დაინტერესდნენ. სააგენტო “უნიანის” ცნობით, 16 ნოემბერს ტერნოპოლის ოლქის პოლიციამ მოსკოვის საპატრიარქოსთვის ლავრაზე უფლებების გადაცემისას შესაძლო დარღვევებზე გამოძიებაც დაიწყო.

პოჩაევის ლავრა კრემენეცის რაიონში, ტერნოპოლის ოლქში მდებარეობს. ის კიევის პეჩორის ლავრასთან ერთად წლების მანძილზე იყო უკრაინის იმ ეკლესიის კონტროლქვეშ, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარება. თუმცა, კიევის პატრიარქმა ფილარეტმა, რომელიც არ ცნობს მოსკოვის “ხელისუფლებას”, ჯერ კიდევ ივნისში აღნიშნა, რომ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შემდეგ, ორივე მათგანი ქვეყნის ადგილობრივ ეკლესიას დაექვემდებარება.

“თუ ერთი მხრივ, უკრაინაში არსებობს ადგილობრივი ეკლესია, მეორე მხრივ კი რუსული, არაბუნებრივია, უკრაინული წმინდა ადგილები რუსეთის ეკლესიას ეკუთვნოდეს. ეს იქნება არაბუნებრივი და არალეგალური”, – აღნიშნა მან “უკრაინსკაია პრავდა”-სთან ინტერვიუს დროს და დაამატა, რომ “ორივე ლავრა უკრაინის ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიას გადაეცემა გარკვეულ პერიოდში”.

უკრაინაში ამჟამად სამი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ეკლესია მოქმედებს:

  • კიევის საპატრიარქო, რომელსაც პატრიარქი ფილარეტი განაგებს და მოსკოვის „ხელისუფლებას“ არ ცნობს.
  • კიდევ ერთი, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია მოსკოვს ექვემდებარება და რუსეთისადმი ლოიალობით გამოირჩევა.
  • მესამე კი უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიაა: ის 1921 წელს მოსკოვის წინააღმდეგობის მიუხედავად დაფუძნდა, რიგი პრობლემების შემდეგ კი, მეორე მსოფლიო ომის დასრულებისას აღდგა.

კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცედურა უკვე დაიწყო. ამის შესახებ განცხადება საპატრიარქომ 11 ოქტომბერს გაავრცელა.

განცხადების თანახმად, კიევის პატრიარქი ფილარეტი კანონიკურ სტატუსს იბრუნებს. ასევე უქმდება 1686 წელს “გარემოებებიდან გამომდინარე” მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც მოსკოვის საპატრიარქოს ნება დართეს, კიევის სამიტროპოლიო საკუთარ დაქვემდებარებაში მოექცია.

შემდგომ, 4 ნოემბერს, უკრაინასა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შორის თანამშრომლობის შეთანხმებაც გაფორმდა.

შესაძლებლობა, რომ კონსტანტინოპოლი უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიას მიანიჭებდა, ცხადი ჯერ კიდევ სექტემბერში გახდა. 23 სექტემბერს, სტამბოლში გამართული ლიტურგიის დასრულების შემდეგ, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ თქვა, რომ როგორც უკრაინის უფლებაა, მიიღოს ავტოკეფალია, ისე კონსტანტინოპოლს აქვს უფლება, მიანიჭოს ის ახალ მართლმადიდებელ ეკლესიებს.

აღნიშნულს უპირისპირდება რუსეთი: მოსკოვის ეკლესიამ ჯერ პატრიარქ ბართლომეს ლოცვებში მოხსენიება შეწყვიტა, 15 ოქტომბერს კი მსოფლიო საპატრიარქოსთან ყველა სახის კავშირს დაუსვა წერტილი. მოსკოვში მიიჩნევენ, რომ უკრაინის ავტოკეფალიის მხარდაჭერით მსოფლიო საპატრიარქო მოსკოვის კანონიკურ საზღვრებს არღვევს.

ქართულ ეკლესიას თავისი ისტორია უნდა ახსოვდეს – ფილარეტი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი