ახალი ამბებიკომენტარი

რა შეიძლება გამოიწვიოს უკიდურესმა პოლარიზაციამ — ინტერვიუ

24 ნოემბერი, 2018 • 4663
რა შეიძლება გამოიწვიოს უკიდურესმა პოლარიზაციამ — ინტერვიუ

როგორი იყო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია პირველი ტურის წინ და ამის შემდეგ? რაზე იყვნენ კონცენტრირებული კანდიდატები, რომლებმაც ხმების სხვებზე მეტი რაოდენობა მიიღეს? რა ზეგავლენას ახდენს პოლიტიკური და მედიის პოლარიზაცია ამომრჩეველზე? რა რეალობის დადგომას უნდა ველოდოთ მსგავსი რიტორიკის გაგრძელებით შემდეგი, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის?

ნეტგაზეთმა ეს კითხვები დაუსვა ელენე მელიქიშვილს, მეცნიერებათა დოქტორს ლონდონის კინგსის კოლეჯის ომის კვლევების დეპარტამენტიდან, რომელიც სხვადასხვა დროს სწავლობდა საერთაშორისო ურთიერთობებს, საჯარო ადმინისტრირებას და უსაფრთხოებას სამხრეთ კავკასიაში. ქვემოთ გთავაზობთ მასთან ინტერვიუს:

— როგორ დაახასიათებდით წინასაარჩევნო კამპანიას? თქვენი დაკვირვებით, კამპანიის მიმდინარეობისას ძირითადი პოლიტიკური აქტორები რაზე იყვნენ კონცენტრირებულები?

— აღსანიშნავია, რომ არჩევნებში ბევრი კანდიდატი მონაწილეობდა, თუმცა მთავარი პარტიები მხოლოდ გამყოფ დისკურსზე აკეთებდენ აპელირებას. ისინი ყველა ხერხით ცდილობდნენ, გაეყოთ და დაეპირსპირებინათ საზოგადოება. სოციალური ქსელების პოსტებიდან მიხვდებით, ყველა ყველასთან როგორ არის დაპირისპირებული. საზოგადოება გაყოფილია “ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” მომხრეებად, რაც ართულებს რაციონალური გამოსავლის პოვნას. ყველა კატეგორიული ტონით ამტკიცებს, რომ მისი ფავორიტი კარგი არ არის, მაგრამ მოწინააღმდეგეს ჯობია. ეს კრიზისის მანიშნებელია. პოლიტიკური ელიტა არის კრიზისში, ვინაიდან გაყოფისა და დაპირისპირების გარდა არავითარი პროდუქტის ან იდეის შეთავაზება არ შეუძლია.

ძირითადი კანდიდატები ახალს ვერაფერს ამბობდნენ და ამტკიცებდნენ, რომ ის იმიტომ უნდა აირჩიო, რომ მეორე მასზე უარესია. არ ვიცი ამას მათი შტაბები ხვდებოდნენ თუ არა, მაგრამ ეს არის ის, რაც გარედან ჩანდა. პარტიებსა და მათ კანდიდატებს დაავიწყდათ, რომ საზოგადოებას აქვს პრობლემები, ქვეყნის წინაშე დგას კონკრეტული გამოწვევები და ამომრჩეველი ამ კითხვებზე ელოდა მსჯელობას. დისკუსია საერთოდ არ შედგა, ვინაიდან კომპრომატების ომი გააჩაღეს. ერთ-ერთ წინა პუბლიკაციაში აღვნიშნე კარლ მარქსის მოსაზრება, რომ ისტორია ორჯერ მეორდება — ერთხელ როგორც ტრაგედია და მეორედ, როგორც ფარსი. ისევ კომპრომატები და ჩანაწერები სწორედ ფარსად აღიქვა ამომრჩეველმა და პროტესტიც გამოხატა.

ერთხელ მაჰარბალმა განუცხადა ჰანიბალს, რომ გამარჯვების მოპოვება კი იცი, მაგრამ აი ამ გამარჯვების გამოყენება ვერ ისწავლეო. “ოცნებამ” ვერ გამოიყენა 2012 წელს აკუმულირებული ნდობა და მოპოვებული გამარჯვება. ასეთი ძვირფასი რესურსის გამოყენებას და მართვას დიდი ცოდანა და ალღო უნდა, რაც ვერ გამოჩნდა. “ნაციონალურმა მოძრაობამ” თითქოს ისწავლა შეცდომებზე, თუმცა გადამწყვეტ ეტაპებზე მაინც აგრესიული დისკურსი ჭარბობს, სავარაუდოდ, იმიტომ, რომ კათარზისი არ მომხდარა.

— ამჩნევთ თუ არა რაიმე განსხვავებას საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობაში არჩევნების პირველ ტურამდე და პირველი ტურის შემდეგ?

— [მეორე ტურში] მეტი შეცდომები იყო გამყოფი ხაზის ორივე მხარეს. უმეტესობა ცდილობს, ისევ ვიღასაც დააბრალოს საკუთარი შეცდომები. ვერც ერთი მხარე ვერ ახერხებს გამაერთიანებელი პოზიციის გამონახვას და საზოგადოებისთვის იმის ახსნას, თუ რა არის მათი ხედვა. არჩევნები რომ დამთავრდება, მერე რა ხდება? კარგად რომ დააკვირდეთ, ვერ გაიგებთ, ვინაიდან ისინი ძირითადად ტრაფარეტებს და პათეტიკურ განცხადებებს ავრცელელბენ.

ასევე, უფრო აქტიურად მიდის შიშის ფაქტორის ექსპლუატაცია: საზოგადოებას აშინებენ არეულობით, ლამის შეიარაღებული დაპირისპირებით, შემდეგ კი ამას ერთმანეთს აბრალებენ. საერთოდ, პოლიტიკური ტექნოლოგები შიშს იყენებენ, რათა ამომრჩეველს იმედის გრძნობა დაუფარონ მოქალაქეს. ვისაც უკეთესის იმედი აქვს, ის ხმას აძლევს ახალს და დაშინებული – სტატუს ქვოს. საქართველოში პარტიების პრობლემა ის არის, რომ ახალი კანდიდატურა ბიულეტენში არ არის, რამდენიც არ უნდა ამტკიცონ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა, რომ მეორედ დაიბადნენ, ეს მაინც ძველი პარტიაა და კანდიდატი მანამდე საგარეო მინისტრი იყო.

ხელისუფლების მონანიების და გულისამჩუყებელი განცხადებების მიუხედავად ისინი მაინც გამყოფ დისკურსს აგრძელებენ. თუ დააკვირდებით ისინი სიტყვა „ხალხს“ ისე ამბობენ თითქოს თავად ადამიანები არ იყვნენ. იგივეა ოპოზიციის მხარეს. „ხალხი“ ან „მოსახლეობა“ არის სტატისტიკური ტერმინი, გამოდის მათ არ სურთ დაინახონ საზოგადოება რომელმაც მათ არჩევნებზე ყვითელი ბარათი უჩვენა.

— სხვადასხვა მედიამონიტორინგი მიუთითებს უკიდურეს პოლარიზაციაზე მედიაში. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მედიამონიტორინგში ვკითხულობთ, რომ კანდიდატთა მიმართ მიკერძოება გამოიხატა არა რომელიმე კანდიდატის პოზიტიურად წარმოჩენაში, არამედ არასასურველი კანდიდატის ნეგატიურ გაშუქებაში. რა ზეგავლენას ახდენს ეს ამომრჩეველზე?

— როგორც ზემოთ აღვნიშნე, ზუსტად ასეა: არასასრუველი კანდიდატი არის ნეგატიურად წარმოჩენილი იმიტომ, რომ სხვა იდეა არ არის. ხედვა არ არის, რომელიც შეავსებს კამპანიის განრიგს და საზოგადოებასთან ერთად იმსჯელებს, რა არის უკეთესი ქვეყნისთვის. ეს არის პოლიტიკური სპექტრის პრობლემა, მათ მიერ დანახული სამყარო განსხვავდება რეალობისგან. გავიმეორებ, პარტიები ვერ ახდენენ განსხვავებული ადამიანების აზრთა გამოხატვას და ერთ პოზიციას იცავენ გამოდმებით. ის იერარქია, რომელიც პარტიებშია, ხელს უშლის სიახლეების მოზიდვას. კარგად თუ დააკვირდებით, ყველა პარტია საქართველოში კომუნისტურ პარტიას ემსგავსება. ამას ბევრი მიზეზი აქვს და აქ ამაზე აღარ ვიმსჯელებ.

ასეთი დამოკიდებულება, რასაკვირველია, იწვევს ამომრჩევლის აპათიას და ნდობის დაკარგვას. წლებია, ადამიანები ერთსა და იმავეს ისმენენ და ხედავენ, რომ მათთვის ცოტა რამ თუ იცვლება. ამიტომ ამომრჩველი თავს იზოლირებულად გრძნობს და საარჩევნო ყუთთან გამოხატავს პროტესტს. ამომრჩევლის ინტერესების უგულებელყოფამ გამოიწვია ულტრა-მემარჯვენე და პოპულისტური პარტიების აღზევება ევროპაში. იმედგაცრუება და ეკონომიკური უთანასწორობა ხელს უწყობს პოლიტიკური გარემოს პოლარიზებას და რადიკალიზმი მისაღები ხდება.

მედიაში ზუსტად ეს აისახება. მასმედია სარკეა იმისა, თუ რა ხდება საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრში. ამიტომ მედიის პოლარიზაცია არ უნდა გაგვიკვირდეს. ასეთ გამოწვევებს, ძნელია გაწონასწორებულად შეხვდე. თუ დააკვირდებით, იგივე პრობლემაა BBC-სა და CNN-ზე.

— საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს დაემატა განცხადებები, რომლითაც ამ კამპანიაში გარიეს პოლიტიკოსთა ოჯახები. რამდენად გამართლებულია ასეთი წესებით თამაში?

ყოვლად გაუმართლებელია ოჯახის წევრებისა და განსაკუთრებით შვილების ჩარევა წინასაარჩევნო კამპანიაში. გარკვეულწილად ეს ისევ კანდიდატების საწინააღმდეგოდ მეტყველებს, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მათ ზნეობრივ პრინციპებს.

— იმის ფონზე, რომ ასეთ ხერხებს მხარეები მიმართავენ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, ნაკლებად მნიშვნელოვანი ინსტიტუტის დასაკავებლად, როგორ გარემოს უნდა ველოდოთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის?

სავარაუდოდ, უფრო [მკვეთრად] გამოხატულ პოლარიზაციას. მეორე ტური როგორც არ უნდა დამთავრდეს, ეს პარტიები შეეცდებიან, მეტი დაპირისპირება შეიტანონ საზოგადოებაში, რადგან, როგორც გითხარით, არ არის ხედვა. მათი პროგრამა არის ლოზუნგები და ხმამაღალი განცხადებები, რაც უკვე გულისხმობს გამყოფი ხაზების გავლების აუცილებლობას. თან, როგორც კითხვაში აღნიშნეთ, პრეზიდენტს არ გააჩნია დიდი ბერკეტები, რომ რამე კარდინალურად შეიცვალოს. ამიტომ გადაბრალებები და განტევების ვაცის ძიება იქნება პოლიტიკური პროცესის პრიორიტეტი.

ასევე, აღსანიშნავია, რომ ეს მარტო საქართველოს პრობლემა არ არის. გამყოფი დისკურსი მსოფლიოს ვირუსივით მოედო, ყველა პოპულისტი ქმნის მტრის ხატებს და იგონებს მტრებს. ეს სიმბოლური ძალის მობილიზებაა, ანუ გარკვეული სიმბოლოები ხდება პოლიტიკური კაპიტალი. ამით ცდილობენ “დარაზმონ” ამომრჩეველი ვიღაცის ან რაღაცის წინააღმდეგ. მაგრამ ამის მიზეზი ის კი არ არის, რომ ეს „მტრები“ მართლა არსებობენ, არამედ ის რომ პოლიტიკურ ელიტებს არ აქვთ პასუხები თანამედროვე გამოწვევებზე: კანონის უზენაესობა, ეკონომიკური თანასწორობა, ინსტიტუციონალური განვითარება. შესაბამისად დგება სხვა “პრობლემების” გამოგონების საჭიროება, რაც სიმბოლურია და მათ “მოსაგვარებლად” ემოციური განცხადებები საკმარისია. მათ სურთ, დაპირისპირებით გადაფარონ რეალური პრობლემები. მოკლევადიან პერსპექტივაში ეს მუშაობს, მაგრამ შემდეგ მოდის ეტაპი, როდესაც “მგლის” არავის ეშინია და მაშინ დგება პოლიტიკური “განკითხვის დღე”.

მაგრამ არსებობს გამოსავალი — თუ საზოგადოება იქნება უფრო მომთხოვნი და უბრალოდ უარყოფს გამყოფ ნარატივს, ამ არჩევნებიდან რეალური გამარჯვებული უნდა გამოვიდეს საზოგადოება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საზოგადოება უნდა დადგეს უფრო მაღლა, ვიდრე პოლიტიკური ელიტა.

— თუკი ნორმალიზებული, ჩვეული გახდება მსგავსი დაპირისპირებები, რას გამოიწვევს ეს საზოგადოებაში? წელს პირველ ტურში ამომრჩეველთა ნახევარზე მეტი არ მისულა. შესაძლებელია თუ არა, მსგავსმა პოლარიზებულმა, დაძაბულმა, გარემომ კიდევ უფრო გაამყაროს საზოგადოების ნიჰილიზმი?

არის ამის შესაძლებლობა, ვინაიდან ამომრჩეველი დაიღალა და პირველმა ტურმა აჩვენა, რომ რეალურად არავის ენდობა [არჩევნებზე მისვლა]. პოლიტიკური პარტიები აღებულ პროცენტებს ითვლიან, თუმცა ავიწყდებათ, რომ ნდობას სულ უფრო მეტად კარგავენ. ეს, გარკვეულწილად, ისევ და ისევ მოკლევადიანი ხედვის ბრალია. ანუ პოლიტიკური პარტიები ფიქრობენ უმოკლესს პერსპექტივებზე. მათ სჭირდებათ ციფრები დღეს, და არ უნდათ, დაფიქრდნენ ამ გადაწყვეტილებების გაუთვალისწინებელ შედეგებზე. პოლიტიკური “სპინი” გადაიქცა პოლიტიკის ნაწილად და, შესაბამისად, არავინ ფიქრობს გრძელვადიან სტრატეგიებზე. ასეთი მიდგობა საზოგადოებაში მეტ გაუცხოებას გამოიწვევს და ერთგვარ “ხიდჩატეხილობას” ექნება ადგილი.

ეს, მეორე მხრივ, გამოიწვევს ლეგიტიმაციის კრიზისს. რაც არ უნდა იყოს, ხელისუფლებას სჭირდება ამომრჩევლის მხარდაჭერა საკუთარი დღის წესრიგის განსახორციელებლად. ეს არის დემოკრატიის საფუძველი — ხელისუფლება უნდა იყოს ლეგიტიმური, ანუ ჰქონდეს საზოგადოებისგან მიღებული მანდატი. თუ მმართველი პარტია ვერ უზრუნველყოფს ამ ნდობის შენარჩუნებას და ამომრჩეველში ნიჰილიზმი იზრდება, ჩნდება ლეგიტიმაციის პრობლემა. მთავრობა ვერ მიიღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილელებებს, თუ არ ექნება ნდობა. აი, რამდენად ესმით ეს “ქართულ ოცნებაში” ან “ნაციონალურ მოძრაობაში”, ცალკე საკითხია. ისე გამოვიდა, რომ “ოცნებაში” საზოგადოების მოსმენის აუცილებლობა მხოლოდ მაშინ დაინახეს, როცა პირველ ტურში მძიმე სურათი გამოჩნდა. ნაციონალურ მოძრაობას კი დაავიწყდა რომ არც ისე კარგი მსმენელები იყვნენ ხელისიუფლებაში ყოფნის პერიოდში.

ელენე მელიქიშვილი. ფოტო ტვიტერის პერსონალური ანგარიშიდან

მოშე კლუგჰაფტი და ვიტალი შკლიაროვი – ვინ არიან “ოცნებისა” და ვაშაძის პოლიტტექნოლოგები

მასალების გადაბეჭდვის წესი