ახალი ამბები

პროკურატურის განცხადება არის მათი გაფრთხილება, ვინც ინფორმაციას გვაწვდიან – NGO-ები

23 ნოემბერი, 2018 • 1464
პროკურატურის განცხადება არის მათი გაფრთხილება, ვინც ინფორმაციას გვაწვდიან – NGO-ები

17 არასამთავრობო ორგანიზაცია ეხმაურება პროკურატურის განცხადებას იმის შესახებ, რომ ყალბი პირადობის მოწმებების საარჩევნოდ დამზადების საქმეზე, სამმა არასამთავრობომ გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ მიაწოდა.

განცხადებაში, რომელიც დღეს, 23 ნოემბერს გავრცელდა, ნათქვამია, რომ პროკურატურის აღნიშნულ განცხადება  პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, ირიბ გზავნილს შეიცავს და გამაფრთხილებელი შეტყობინებაა როგორც ადამიანის უფლებათა სფეროში მომუშავე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვს, ასევე ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებიც NGO სექტორთან კონფიდენციალობის დაცვის პირობით თანამშრომლობენ და მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდიან ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ.

21 ნოემბერს პროკურატურამ განაცხადა, რომ  ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების საქმეზე, ეკა გიგაურმა [“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო] და ირმა პავლიაშვილმა [ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია] გამოძიებას უარი უთხრეს მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებაზე. აქედან გამომდინარე, უწყება გეგმავს, სასამართლოს მიმართოს, რათა ეკა გიგაური და ირმა პავლიაშვილი მაგისტრატმა მოსამართლემ დაკითხოს.

“მიგვაჩნია, რომ მთავარი პროკურატურის განცხადება გაგრძელებაა იმ მიზანმიმართული პოლიტიკის, რომელსაც ბოლო პერიოდია საქართველოს ხელისუფლება აქტიურად ეწევა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც მისი გავლენის ქვეშ არ არიან მოქცეულნი და აქტიურად იბრძვიან საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის.

ხელისუფლება უკვე კარგახანია გასცდა არასამთავრობო ორგანიზაციათა კრიტიკის იმ ზღვარს, რაც დასაშვებია დემოკრატიულ საზოგადოებაში და როგორც ზემოხსენებულ განცხადებაში არაორაზროვნად ჩანს, უკვე საკუთარი რეპრესიული ინსტრუმენტების ამოქმედებას გეგმავს ჩვენი კოლეგებისა და იმ პირთა დაშინების მიზნით, რომლებიც ჩვენთან თანამშრომლობენ,” – წერია არასამთავრობოების განცხადებაში.

განცხადებაში NGO-ები დასძენენს, რომ საქართველოში, 2004 წელს, “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” კანონის მიღების შემდეგ, ვერ იხსენებენ შემთხვევას, როდესაც რომელიმე სახელმწიფო უწყებას ეჭქვეშ დაეყენებინოს უფლებადამცველების უფლება, აბსოლუტური პრივილეგიით იყოს დაცული მათი პროფესიული საიდუმლოების წყარო.

“მიგვაჩნია, რომ აღნიშნული უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით და გამოხატვის თავისუფლების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონი არაორაზროვნად იცავს უფლებადამცველების უფლებას უარი თქვას ინფორმაციის წყაროს გამხელაზე, კერძოდ:  “პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და არავის არ აქვს უფლება, მოითხოვოს ამ წყაროს გამხელა.”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

არასამთავრობოები განმარტავენ, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის” არასისტემური, კონსტიტუციის და ადამიანის უფლებათა საწინააღმდეგო ინტერპრეტაციის გამოყენებით ცდილობს ეს უფლება ეჭქვეშ დააყენოს და სასამართლოს მეშვეობით ბორკილები დაადოს ჩვენი საქმიანობის საზღვრებს.

მათივე თქმით, პროკურატურას მათი კოლეგების მიერ მიცემული განმარტების მიუხედავად არ ესმის, რომ საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული პროცედურები და კომპეტენცია ვერ გახდება ამ უფლების შეზღუდვის საფუძველი.

“ჩვენ გვჯერა, რომ ვერც პროკურატურა და ვერც სასამართლო ხელისუფლება საბოლოო ჯამში ვერ შეძლებს ჩვენთვის ამ უფლების შეზღუდვას და ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ადამიანის უფლებებზე წინ არასოდეს არ დავაყენებთ რომელიმე სახელმწიფო ორგანოს კომპეტენციას,” – ნათქვამია განცხადებაში.

გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ხელისუფლების უნდა ესმოდეს, რომ მისი უფლებამოსილება, საბოლოო ჯამში, ემსახურება ადამიანის უფლებების კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში სრულად და ადეკვატურად განხორციელებას, ეს არის ხელისუფლების, მისი სამივე შტოს უმთავრესი მიზანი, ადამიანის უფლებების არსიდან გამომდინარე ხელისუფლების კონსტიტუციური ვალდებულება.

ხელისუფლების რომელიმე ორგანოს კომპეტენცია ვერ დაავიწროებს, შეცვლის, შეამცირებს ამა თუ იმ უფლების შინაარსს, რადგან ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენციების კანონით გაწერის მიზანი ზუსტად ადამიანის კონსტიტუციური უფლებების სრულად დაცვა და უზრუნველყოფაა. ამიტომ მიზნის მიღწევის საშუალება ვერ იქნება თავად მიზნის მიღწევის საწინააღმდეგო, მისი გამომრიცხავი.

“შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, კარგად გაიაზროს ის პრინციპები, რომელიც განუყოფელია დემოკრატიული საზოგადოებისთვის,  საკუთარი კომპეტენცია და ფუქნციები განიხილოს არა ადამიანის უფლებებისგან მოწყვეტით, როგორც ეს ავტორიტარული სახელმწიფოების სამართალდამცავი ორგანოებისთვისაა დამახასიათებელი, არამედ ადამიანის უფლებებთან ერთიანობაში.

დაუფიქრდეს იმ გამოუსწორებლად დამაზიანებელ შედეგებს, რომელიც მათივე განცხადებით გათვალისწინებულმა სამომავლო ნაბიჯებმა შესაძლოა მოუტანოს როგორც ადამიანის უფლებათა დაცვით საქმიანობას საქართველოში, ისე ქართულ, ჯერ კიდე მყიფე დემოკრატიას,” – ნათქვამია განცადებაში.

აღნიშნულს წერილს ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები:

  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტი (IDFI)
  • დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
  • ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი
  • საფარი
  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
  • თანასწორობის მოძრაობა
  • ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის (RIVG)
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
  • მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  • საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  • ცენტრი ემპათია
  • საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG)
  • ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  • წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი – GCRT

მასალების გადაბეჭდვის წესი