ახალი ამბები

შსს: პაატა ქარდავა რომან შამათავამ მოკლა

5 ივნისი, 2014 • • 2367
შსს: პაატა ქარდავა რომან შამათავამ მოკლა

შსს-ს ინფორმაციით,  2008 წლის 27 აგვისტოს, კუდ-ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს მაშინდელი უფროსის რომან შამათავას დავალებით, პაატა ქარდავას ზუგდიდში, ფოსტის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, რომელიც გადაადგილდებოდა პირად სარგებლობაში არსებული „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით და წაიყვანეს ქალაქ ფოთის მიმართულებით.

 

“ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშის მიმდებარედ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ხელბორკილდადებული და თვალებახვეული პაატა ქარდავა გადასვეს „ნივის“ მარკის ავტომანქანაში, რომლითაც გადაიყვანეს ოზურგეთის რაიონის სოფელ შეკვეთილში, სადაც გადასცეს რომან შამათავას და მის თანამზრახველებს, ხოლო პაატა ქარდავას სარგებლობაში არსებული ავტომანქანა, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, კვალის არევის მიზნით დატოვეს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში”, – აცხადებენ შსს-ში.

 

შსს-ს ინფორმაციით, შამათავამ და მისმა თანამზრახველებმა ქარდავა გადაიყვანეს ბათუმში, შავი ზღვის ნავმისადგომთან, სადაც რომან შამათავა პაატა ქარდავას აფხაზ სეპარატისტებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდა, რის შემდეგაც მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პაატა ქარდავას, რომელიც თავის მხრივ კატეგორიულად უარყოფდა აღნიშნულს. 

 

“რომან შამათავას დავალებით, მას და მისი ჯგუფის წევრებს ნავმისადგომთან ელოდებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კუდ-ის მთავარი სამმართველოს მოტორიანი ნავი, რომელსაც მართავდა ამავე დანაყოფის თანამშრომელი. ბორკილდადებული და თვალებახვეული პაატა ქარდავა ჩასვეს აღნიშნულ ნავში, რომან შამათავამ მას ფეხზე მოაბა ბეტონის ნატეხი და შევიდნენ შავი ზღვის სიღრმეში, დაახლოებით 10 კილომეტრის მანძილზე, რა დროსაც რომან შამათავამ ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ერთი გასროლით მოკლა პაატა ქარდავა და ცხედარი ზღვაში გადააგდო”, – აცხადებენ შსს-ში.

 

ჩადენილი დანაშაულისათვის რომან შამათავა მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და განზრახ მკვლელობის ბრალდებით, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

საქმეზე გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს საგამოძიებო მთავარი სამმართველო.


პაატა ქარდავა 2008 წლის 27 აგვისტოდან იყო გაუჩინარებული, თუმცა ოჯახს აღნიშნული საქმის თაობაზე არ ჰქონდა გამოძიების შესახებ რაიმე ცნობები.

მასალების გადაბეჭდვის წესი