ახალი ამბები

ლოჯისტიკურად და ტექნიკურად მხარი დავუჭირეთ – კობახიძე ნაც. მოძრაობის საწინააღმდეგო ბანერებზე

23 ნოემბერი, 2018 • 1689
ლოჯისტიკურად და ტექნიკურად მხარი დავუჭირეთ – კობახიძე ნაც. მოძრაობის საწინააღმდეგო ბანერებზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ადასტურებს, რომ ბანერების, წარწერით “არა ნაცებს! არა ბოროტებას!” თბილისის ქუჩებში განთავსებაში იდეის ავტორებს “ქართული ოცნების” შტაბიც დაეხმარა.

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ TV პირველის გადაცემა “რეაქციის” ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ იდეა კონკრეტულ ბიზნესმენებს ეკუთვნოდათ, თუმცა შტაბმა მათ ლოჯისტიკურად და ტექნიკურად მხარი დაუჭირა.

“ეს არ იყო ჩვენი სტრატეგიის შემადგენელი ნაწილი, [თუმცა] არც ვემიჯნებით. ეს იდეა ეკუთვნოდათ კონკრეტულ ბიზნესმენებს, რომლებიც განიცდიდნენ რეპრესიებს “ნაც. მოძრაობის” დროს. მე რომ მოვისმინე მათი ისტორიები, იყო აბსოლუტურად შოკისმომგვრელი.

იყო ორი მეღვინე, იყვნენ სხვა ბიზნესმენები, რომლებსაც სასწაული გაუკეთეს… რეპრესიები იყვნენ სხვადასხვა ფორმით: ციხეებში გაშვების ფორმით, ბიზნესის რეკეტის ფორმით და ა.შ. ისინი აცხადებენ, რომ სურთ ინვესტიციის ჩადება, რათა არ დაბრუნდეს “ნაც. მოძრაობა”.

ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია მათთან, როდესაც სჭირდებოდათ ლოჯისტიკური და ტექნიკური მხარდაჭერა და ეს მხარდაჭერა გამოუცხადა შტაბმა, ესეც შემიძლია, დაგიდასტუროთ. ამას, რა თქმა უნდა არ ვემიჯნებით. აქ არაფერია ისეთი, რასაც შეიძლება, გაემიჯნო”, – განაცხადა მან.

თბილისში “ნაციონალური მოძრაობის” საწინააღმდეგო ბანერები გასულ კვირას გამოჩნდა. “არა ნაცებს, არა ბოროტებას!” – ვკითხულობთ ბილბორდებზე, რომლებზეც მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ბაჩო ახალაია, ნიკა გვარამია და სხვები არიან გამოსახულნი.

ირაკლი კობახიძის ზემოთ მოცემულ განცხადებამდე, მისი თანაგუნდელი, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი მამუკა მდინარაძეც ამბობდა, რომ ბანერები დამონტაჟდა კერძო პირების ინიციატივით, თუმცა, “ქართულ ოცნებასთან” შეთანხმებით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი