ზურაბიშვილი გამორიცხავდა, რომ “ბირჟა მაფიის” რეპერები პოლიციამ კლიპისთვის დააკავა

პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი 2017 წლის ივნისში გამორიცხავდა, რომ პროექტ “ბირჟა მაფიას” რეპერები პოლიციამ მუსიკალური კლიპის გამო დააკავა. ზურაბიშვილი იმ დროს პარლამენტის წევრი იყო. ის ასევე ეჭვქვეშ აყენებდა საზოგადოებრივი პროტესტის სპონტანურობას, რომელიც მომღერლების დაკავებამ გამოიწვია თბილისის მთავარ გამზირზე.

ზურაბიშვილის ეს ფეისბუქ პოსტი პოსტი აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც “ბირჟა მაფიის” ერთ-ერთმა რეპერმა Young Mic-მა (მიშკა მგალობლიშვილმა) დღეს, 22 ნოემბერს, “ნაციონალური მოძრაობის” საწინააღმდეგო კლიპი გამოაქვეყნა, სადაც ზურაბიშვილს დადებით კონტექსტში იხსენიებს და გრიგოლ ვაშაძეს ადარებს ასეთი ფრაზით: ““ქალი, საფრანგეთიდან ახალი ჩამოსული; მეორე მხარეს კაცი საბჭოთა, პრორუსული”.

სალომე ზურაბიშვილის 2017 წლის 11 ივნისის პოსტში ვკითხულობთ:

რაზეა ალიაქოთი შექმნილი? ვინმეს გჯერათ რომ ეს ახალგაზრდები სიტყვის თავისუფლების და “აზრების” გამოთქმის გამო დაიჭირეს? თუ გჯერათ რომ წვიმა და ავდარში სპონტანურად გამოდის უცებ მოსახლეობა თბილისში და … ბათუმში და ასეთ ორგანიზებულ სახე ეძლევა ამ ყველაფერს?

ერთი ვცადოთ და სხვანაირად ვუყუროთ ამ საქმეს? ვის აწყობს პოლიციის და ყველა სახელმწიფო უწყების (არაფერი რომ არ ვთქვათ ეკლესიაზე) ავტორიტეტის შელახვა… რომ პოლიციაში და სხვაგან ნაციონალები თავიანთ ბოლო სვლებს ახორციელებენ ეს ვიცით, რომ ძალოვან სტრუქტურებში ზოგი კიდევ მიყვება სხვა გეგმებს და ინსტრუქციებს ესეც უცნობი არაა … ამას უნდა მართლაც გამოძიება, ფაქტების დადება და ამ საბოტაჟური ქმედებების ერთხელდა სამუდამოდ ამოფრქვევა…

ნარკოპოლიტიკა და ლიბერალიზაცია სხვა საკითხია ამ ცალკე ფაქტთან არ უნდა იყოს დაკავშირებული და დამოუკიდებლად ამ აჟიოტაჟისა მიღებული იქნას ჩვენ ქვეყნისთვის სათანადო გადაწყვეტილება … ამ ახალ აგორებულ “სკანდალზე” არ უნდა დავიწყოთ უადგილო თვითკრიტიკა : არანაირი ცენზურა ამ ქვეყანაში აღარ არსებობს 5 წელია, სიტყვის და აზრის გამოთქმის გამო არავინ დაჭერილა ან დაჩაგრულა ….
აქ სხვა პოლიტიკური თამაშია და არც ახალგაზრდების თავიუფალი შემოქმედება (?!) არც ნარკოპოლიტიკის პარამეტრები არაფერ შუაშია!


პროექტ “ბირჟა მაფიის” წევრი Young Mic (მიშკა მგალობლიშვილი), რომელიც “ქართული ოცნების” მმართველობისას, 2017 წლის ივნისში ირწმუნებოდა, რომ მეწყვილესთან ერთად პოლიციის მიმართ კრიტიკული კლიპის გამო დააკავეს, ახალ კლიპს აქვეყნებს, რომლითაც “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებას აკრიტიკებს. “ნაცმოძრაობა” ქვეყნის ხელისუფლების სათავეში 2003 წლის ნოემბრიდან 2012 წლის ოქტომბრამდე იყო.

კლიპში, ძირითადად, 2007 წლის 7 ნოემბრისა და 2011 წლის 26 მაისის აქციების სპეც. რაზმის მიერ დარბევის კადრები დომინირებს. ტექსტში კი, წინა და ახლანდელი ხელისუფლების მმართველობა, ასევე მმართველი გუნდის მხარდაჭერილი და ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატები არიან შედარებულნი.

“ბირჟა მაფიას” წევრები ამბობდნენ, რომ მათ ნარკოტიკები ჩაუდეს. მათ მხარდასაჭერად საქართველოს მასშტაბით მრავალათასიანი აქციები გაიმართა. მოგვიანებით, ისინი გამოუშვეს და დანაშაულის არარსებობის მოტივით საქმეზე გამოძიება შეწყდა, თუმცა ამ დრომდე არ დამდგარა იმ პოლიციელთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც რეპერები დააკავეს. რეპერთა გათავისუფლებას წინ უძღოდა ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერას მხარდამჭერი განცხადება.

რეპერი, რომელიც შარშან ამბობდა, რომ კლიპის გამო დააკავეს, ახალი კლიპით ნაციონალებს აკრიტიკებს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან