ახალი ამბები

რეპერი, რომელიც შარშან ამბობდა, რომ კლიპის გამო დააკავეს, ახალი კლიპით ნაციონალებს აკრიტიკებს

22 ნოემბერი, 2018 • 7045
რეპერი, რომელიც შარშან ამბობდა, რომ კლიპის გამო დააკავეს, ახალი კლიპით ნაციონალებს აკრიტიკებს

პროექტ “ბირჟა მაფიის” წევრი Young Mic (მიშკა მგალობლიშვილი), რომელიც “ქართული ოცნების” მმართველობისას, 2017 წლის ივნისში ირწმუნებოდა, რომ მეწყვილესთან ერთად პოლიციის მიმართ კრიტიკული კლიპის გამო დააკავეს, ახალ კლიპს აქვეყნებს, რომლითაც “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებას აკრიტიკებს. “ნაცმოძრაობა” ქვეყნის ხელისუფლების სათავეში 2003 წლის ნოემბრიდან 2012 წლის ოქტომბრამდე იყო.

კლიპში, ძირითადად, 2007 წლის 7 ნოემბრისა და 2011 წლის 26 მაისის აქციების სპეც. რაზმის მიერ დარბევის კადრები დომინირებს. ტექსტში კი, წინა და ახლანდელი ხელისუფლების მმართველობა, ასევე მმართველი გუნდის მხარდაჭერილი დa ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატები არიან შედარებულნი.

“ვინ დაწერდა TSL შავ ზედას იმ დროს, როცა მთავრობა არასრულწლოვანსაც კი არ ინდობს” – ასეთია ერთ-ერთი ფრაგმენტი რეპერის კლიპიდან. ის გასული წლის ივნისში აცხადებდა, რომ მისი და “ბირჟა მაფიის” კიდევ ერთი წევრის, გიორგი ქებურიას დაკავების მიზეზი სწორედ მათ მიერ გადაღებული კლიპი, სახელწოდებით “TSL შავი ზედა” იყო, სადაც პოლიციელი გაშარჟებული აჩვენეს, ძაღლის როლში.

მომღერლები ამბობდნენ, რომ დაკავებამდე პოლიციამ მათ ნარკოტიკი ჩაუდო. ნარკოტიკების “ჩადებას” ეხება კლიპის კიდევ ერთი ფრაგმენტი “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის შესახებ, რომელიც ასე ჟღერს:

“რის ჩადება, რა ჩადება, დაგიჭერდა, გაწამებდა”.

“ვინ გაბედავდა და გადაკეტავდა რუსთაველს, რომ მხარი დაუჭიროს პოლიციის შეურაცხმყოფელს” – ისმის კლიპში. სავარაუდოდ, აღნიშნული ფრაგმენტი სწორედ Young Mic-ისა და მისი მეწყვილის მხარდამჭერ აქციას ეხება, რომელიც რუსთაველის გამზირზე, ათასობით ადამიანის მონაწილეობით, მათი დაკავებიდან მეორე დღეს გაიმართა.

კლიპში ასევე პირდაპირ არის საუბარი საპრეზიდენტო კანდიდატებზე, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ სალომე ზურაბიშვილსა და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეზე. მომღერალი მათ ასე ადარებს ერთმანეთს:

“ქალი, საფრანგეთიდან ახალი ჩამოსული; მეორე მხარეს კაცი საბჭოთა, პრორუსული. კგბ-ს ძველ თანამშრომელს თურმე უდგას ქართული სული. ნუთუ გჯერა და არ გცემს ტყუილის სუნი”.


Yong Mic(მიშკა მგალობლიშვილი) და გიორგი ქებურია პოლიციამ 2017 წლის ივნისში დააკავა. შსს მათ ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს ფლობას ედავებოდა (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

“ბირჟა მაფიის” წევრები მას შემდეგ დააკავეს, რაც რეპერებმა თავიანთ კლიპში პოლიციელი აჩვენეს ძაღლის როლში. აღკვეთის სახით ორივე მათგანს პატიმრობა შეეფარდა, თუმცა საპროტესტო აქციების შემდეგ გაათავისუფლეს. მოგვიანებით, დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, ამ საქმეზე გამოძიება 2017 წლის დეკემბერში საერთოდ შეწყდა.

რეპერები ამბობდნენ, რომ დაკავებამდე პოლიციელები ამ კლიპის გამო ემუქრებოდნენ, რის შემდეგაც ნარკოტიკი ჩაუდეს. საზოგადოებისთვის არაფერია ცნობილი იმ პოლიციელთა პასუხისგების შესახებ, რომლებმაც ნარკოტიკის ფლობის ბრალდებით რეპერები დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი