ახალი ამბები

ჰააგაში, შეიძლება, გაასამართლონ როგორც საქართველოს, ისე რუსეთის მაღალჩინოსნები – კოალიცია

22 ნოემბერი, 2018 • 1907
ჰააგაში, შეიძლება, გაასამართლონ როგორც საქართველოს, ისე რუსეთის მაღალჩინოსნები – კოალიცია

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია “სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის”, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების საკითხზე ხელისუფლებასა და პოლიტიკურ პარტიებს მიმართავენ.

კოალიცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტებებს აკეთებს გამოძიების თაობაზე მიმდინარე დიკუსიასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ გამოძიების დაწყების საფუძველი ვერ გახდება ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოს ან მაღალი თანამდებობის პირის მიმართ საჩივრის შეტანა. არამედ, პროკურორის ოფისი გამოძიების ფარგლებში ადგენს კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირის (როგორიცაა მაგალითად, სამხედრო გენერალი, შტაბის უფროსი და სხვა) და არა სახელმწიფოს ან/და რიგითი სამხედრო პირის პასუხისმგებლობას.

“საქართველოს სიტუაციაში პროკურორის ოფისმა ჯერ კიდევ 2008 წლის 14 აგვისტოდან დაიწყო წინასწარი მოკვლევა აგვისტოს ომის დროს მომხდარ დანაშაულებთან დაკავშირებით. 2009 წლის დასაწყისში ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისს წარვუდგინეთ სპეციალური ანგარიში “აგვისტოს ნანგრევებში”. 2012 წელს პროკურორის ოფისს ანგარიშში წარმოდგენილი დანაშაულებების გამოძიების დაწყების მოთხოვნით მივმართეთ, თუმცა ამას რეაგირება არ მოჰყვა, ვინაიდან პროკურორის ოფისი აკვირდებოდა ადგილობრივ დონეზე გამოძიების მიმდინარეობას და არ მიიჩნევდა საჭიროდ სასამართლოს ჩართვას. 2013 წელს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განმარტა, რომ აგვისტოს ომის დროს მომხდარი დანაშაულების გამოძიება რომის სტატუტიდან გამომდინარე ქვეყნის ვალდებულებას წარმოადგენდა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა ამას ვერ შეძლებდა, არ აღმოჩნდებოდნენ საკმარისად პროფესიონალები ან არ იქნებოდა საკმარისი პოლიტიკური ნება, მაშინ საქმის გამოძიება საერთაშორისო დონეზე წარიმართებოდა.

2 წლის შემდგომ, 2015 წლის 17 მარტს, ჰააგის სასამართლოს პროკურორმა მიიღო წერილი საქართველოს იუსტიციის მინისტრისგან. როგორც სასამართლოსთან კომუნიკაციიდან ირკვევა, იუსტიციის სამინისტრომ პროკურორის ოფისს აცნობა, რომ საქართველოს საგამოძიებო ორგანოების მიერ წარმოებულ გამოძიებაში ვერ მოხდებოდა შემდგომი პროგრესი არსებული უსაფრთხოების პრობლემებიდან გამომდინარე, შესაბამისად, ადგილობრივ დონეზე გამოძიება წყდებოდა გაურკვეველი დროით. აქედან გამომდინარე, 2015 წლის ოქტომბერში სასამართლოს პროკურორის ოფისმა თავისი ინიციატივით შუამდგომლობით მიმართა წინასასამართლო პალატას გამოძიების დაწყების თაობაზე, რაც მოსამართლეებმა 2016 წლის იანვარში დააკმაყოფილეს”, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

კოალიცია განმარტავს, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჰააგის პროკურორმა გამოკვეთა სამი მხარე, მათ შორის: ქართული და რუსული შეიარაღებული ძალები და ოსური ძალები, შესაბამისად, სასამართლომ შეიძლება, პასუხისგებაში მისცეს როგორც საქართველოს, ისე რუსეთის მაღალი თანამდებობის მქონე პირები, რომლებსაც ყველაზე მეტად მიუძღვით ბრალი ზემოთ აღნიშნული დანაშაულების ჩადენაში.

კოალიცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ წარმოებულ გამოძიებასა და მიმდინარე პროცესებთან ასახელებს ისეთ გამოწვევებს, როგორიცაა:

  • ინფორმაციის არქონა გამოძიების მიმდინარეობის შესახებ;
  • რუსეთის ფედერაციის უარი სასამართლოს პროკურორის ოფისთან თანამშრომლობაზე;
  • დაზარალებულთა შორის ინფორმაციის ნაკლებობა;
  • საქართველოს სახელმწიფოს მუდმივი წარმომადგენლობის არქონა ჰააგაში;
  • ინტერესის ნაკლებობა საერთაშორისო ორგანიზაციების და სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან.

“ზემოაღნიშნული ბუნდოვანებები, გამოწვევები და საზოგადოებაში გაჩენილი შეკითხვები მიუთითებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, მისი ადგილობრივი წარმომადგენლობისა და საქართველოს ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების მიერ მუშაობის გააქტიურების საჭიროებაზე საზოგადოების მეტი ინფორმირების მიზნით”, – აცხადებენ კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები.

აქედან გამომდინარე, კოალიცია მოუწოდებს:

საქართველოს ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს:

  • გაააქტიურონ მუშაობა საერთაშორისო ორგანიზაციებსა თუ სხვადასხვა ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლებთან მიმდინარე გამოძიების პროცესთან დაკავშირებით;
  • გამოყონ მუდმივი წარმომადგენელი და მისი მეშვეობით აქტიურად მიიღონ მონაწილეობა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ასამბლეის ბიუროსა და სხვადასხვა კომიტეტების საქმიანობაში;
  • 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მომხდარ დანაშაულებთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, განმარტონ, რამ გამოიწვია 2015 წელს იუსტიციის სამინისტროს მიერ მსგავსი მიმართვის გაგზავნა სასამართლოს პროკურორის ოფისთან.
  • კომპლემენტარობის პრინციპიდან გამომდინარე ეროვნულ დონეზე აწარმოონ ეფექტური გამოძიება და მოახდინონ საზოგადოების ინფორმირება ომის დროს მომხდარი დანაშაულების გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე. აგვისტოს ომის დროს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ჩადენილი დანაშაულების სიმძიმისა და მასშტაბების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, გატარდეს ყველა საჭირო და აუცილებელი ღონისძიება, რათა რუსეთის მხრიდან ჩადენილი ქმედებები არ დარჩეს გამოუძიებელი და დაუსჯელი.

ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს:

  • თავი შეიკავონ სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ ნაწარმოები გამოძიების, ასევე, მიმდინარე პროცესების თაობაზე გადაუმოწმებელი და არაზუსტი განცხადებების გაკეთებისა და მოცემული საკითხის პოლიტიზირებისგან, რადგან აღნიშნულმა შესაძლოა, საერთაშორისო დონეზე დამაზიანებელი ეფექტი იქონიოს საქართველოს ინტერესებზე;
  • მცდარი ინფორმაციის გავრცელებამ შეიძლება გამოიწვიოს არასწორი მოლოდინების გაჩენა დაზარალებულებში და ზოგადად საზოგადოებაში, რამაც შეიძლება სამომავლოდ დააზიანოს მიმდინარე პროცესი და უკუ-რეაქცია მოახდინოს, რაც გამოიწვევს მართლმსაჯულების საერთაშორისო ინსტიტუტების წინაშე საზოგადოების ნდობის დაკარგვას;

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისს, კანცელარიასა და სასამართლოს ადგილობრივ ოფისს:

  • გაააქტიურონ ცნობიერების ამაღლების კამპანიები და საზოგადოებას პერიოდულად მიაწოდონ ინფორმაცია სასამართლოს მანდატის, საქმიანობისა და როლის შესახებ;
  • საზოგადოებას, მათ შორის დაზარალებულებსა და მათ წარმომადგენლებს მიაწოდონ ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ;
  • განმარტონ გამოძიების ძირითადი ასპექტები, მათ შორის გამოძიების ფარგლები, რამდენი მხარის მიერ შესაძლო ჩადენილ დანაშაულებს იძიებს სასამართლო და რა გარანტიები არსებობს ცალმხრივი გამოძიების პროცესის თავიდან ასარიდებლად.

საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვადასხვა ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობას:

  • ზემოაღნიშნული საკითხების მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ფონზე, უზრუნველყონ ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა აქტივობების მხარდაჭერა დევნილთა სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მიმდინარე პროცესების მონიტორინგისა და მათზე ცნობიერების ამაღლების მიზნით.

განცხადებას ხელს აწერენ კოალიციაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის შემავალი ორგანიზაციები:

  1. ადამიანის უფლებათა ცენტრი;
  2. კონსტიტუციის 42-ე მუხლი;
  3. საერთაშორისო მართლმსაჯულება (Justice International);
  4. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA);
  5. წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი (GCRT).

 

მასალების გადაბეჭდვის წესი