ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი გრიგოლ ვაშაძესთან დებატებზე უარს ამბობს

22 ნოემბერი, 2018 • 6854
სალომე ზურაბიშვილი გრიგოლ ვაშაძესთან დებატებზე უარს ამბობს

მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არჩევნების მეორე ტურის ფარგლებში გრიგოლ ვაშაძესთან დებატებზე უარს ამბობს.

ამის მიზეზად ზურაბიშვილი ნეტგაზეთთან ასახელებს, რომ ევროპული კამპანიის ნაცვლად, მის მიმართ ცილისწამება და მუქარა ხორციელდება.

“იქიდან გამომდინარე, რომ კამპანიის დროს თემატური შეჯიბრი არ შედგა და შეთავაზებული ევროპული კამპანიის მაგივრად მივიღე ცილისწამება, ლანძღვა და ბოლოს მუქარა, დღეს ასეთ დებატებში მონაწილეობა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია”, – ნათქვამია ზურაბიშვილის კომენტარში, რომელიც “ნეტგაზეთმა” მისი კითხვის საპასუხოდ, პრეზიდენტობის კანდიდატის შტაბიდან მიიღო.

დებატების ნაცვლად, სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადაცემაში „არჩევნები 2018“ მარტო მიიღებს მონაწილეობას.

რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძეს,  როგორც “ნეტგაზეთს” პრეზიდენტობის კანდიდატის შტაბში გუშინ განუცხადეს, იგი დებატებისთვის მზადაა და მიიჩნევს, რომ  პირდაპირი დებატები საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ამომრჩევლისათვის სასარგებლო იქნება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი