თბილისი აფხაზ და ოს აბიტურიენტებს უფასო მომზადებას, სწავლას და ცხოვრებას სთავაზობს

თბილისი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების ტერიტორიებზე მცხოვრებ აბიტურიენტებს უფასო მომზადებას, გამარტივებული წესით უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრას და უფასო საცხოვრებელს სთავაზობს.

“სახელმწიფო მსურველებს სრულიად უფასოდ და უგამოცდო მოსამზადებელ ცენტრს შესთავაზებს, სადაც ისინი სხვადასხვა სასურველ საგანში მოემზადებიან  და შემდეგ გამარტივებული წესით უმაღლეს სასწავლებლებში მოხვდებიან. ეს პროგრამა მოქმედებს არა მხოლოდ ეთნიკური ქართველებისათვის, არამედ ოსებისა და აფხაზებისათვისაც, ვინაიდან კურსები სხვადასხვა ენაზე წარიმართება“, – აცხადებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი.

დე ფაქტო რესპუბლიკების ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი აბიტურიენტების მომზადების პროგრამის პრეზენტაცია ქეთევან ციხელაშვილმა, სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში  გამართა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ პრეზენტაციას ესწრებოდნენ სტუდენტები აფხაზეთიდან  და ცხინვალის რეგიონიდან, რომლებიც სხვადასხვა უნივერსიტეტებში სწავლობენ.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, მისთვის ეს შეხვედრა განსაკუთრებულია, რისთვისაც დიდი ხანი ემზადებოდა:

„ეს ბავშვები ძალიან რთულ ვითარებაში სწავლობენ. ისინი მართლაც გმირები არიან. ამავდროულად ძალიან კარგ შედეგებს აჩვენებენ. გვინდა მომავალში  მეტად შევუწყოთ ხელი, რომ კიდევ უფრო წარმატებულები იყვნენ.

დღეს  მათთან განსაკუთრებული სიახლით მოვედი, რომელიც მოსწავლეებისათვის, სტუდენტებისთვის უმნიშვნელოვანესია – ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისათვის უფასო მოსამზადებელი ცენტრი შეიქმნება. მოგეხსენებათ, მათ სასკოლო განათლების მიღება ძალიან რთულ პირობებში უწევთ. გალსა და ახალგორში ეს პროცესი შეფერხებულია, რადგან მშობლიურ ენაზე განათლების მიღების საშუალება არ ეძლევათ”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი