პუტინი ხაჯიმბას აფხაზეთთან განსაკუთრებული ურთიერთობების შესახებ ესაუბრა

რუსულ-აფხაზური ურთიერთობები განსაკუთრებულ, სტრატეგიულ და მოკავშირეულ ხასიათს ატარებს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას სოჭში მორიგი, 21 ნოემბრის შეხვედრის დროს უთხრა. აღნიშნული შეხვედრის შესახებ რუსული და აფხაზური მედია წერს.

აფხაზური მედიის ცნობით, პუტინი ხაჯიმბას არაფორმალურ გარემოში შეხვდა იმ საკითხების განსახილველად, რომელსაც აფხაზეთის ხელმძღვანელი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის განსაკუთრებით აქტუალურად მიიჩნევს.

“მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრით. ამ წლის ზაფხულში შევხვდით. ახლა აღარ ვისაუბრებ ჩვენს ურთიერთობებზე, რომელიც განსაკუთრებულ, მოკავშირეულ ხასიათს ატარებს.

სავაჭრო ბრუნვა იზრდება, თუმცა, საერთო ჯამში, დიდი ტემპებით არა. საწარმოები მართალია მუშაობს, მაგრამ ვფიქრობ, ეს არ არის საკმარისი. ადრეც ვისაუბრეთ, რომ დამატებითი ძალისხმევაა საჭირო ეკონომიკის განვითარებისთვის”, – ციტირებს რუსული და აფხაზური მედია ვლადიმერ პუტინს.

რუსეთის მიერ აფხაზეთის 2008 წელს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების შემდეგ, ვლადიმერ პუტინისა და რაულ ხაჯიმბას შეხვედრები რეგულარულ ხასიათს ატარებს. რუსეთის ფედერაციის ტერიტორიების გარდა პუტინი და ხაჯიმბა ერთმანეთს სოხუმშიც ხვდებოდნენ.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი