ახალი ამბები

სამი NGO გამოჭერილი იქნა ტყუილში – თეა წულუკიანი

22 ნოემბერი, 2018 • 2419
სამი NGO გამოჭერილი იქნა ტყუილში – თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არ გამორიცხავს, რომ ყალბი პირადობების დამზადების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადების უკან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დგას.

წულუკიანი მოითხოვს გამოძიების გაგრძელებას, რათა “ეს ტყუილი კიდევ უფრო ნათელი და აშკარა გახდეს”.

“ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ სამი არასამთავრობო ორგანიზაცია, სხვა სიტყვა ამას არ ჰქვია, გამოჭერილი იქნა ტყუილში. საიდან მოდის ეს ტყუილი, ჩემთვის პრინციპში, ალბათ, არის ნათელი. მას შემდეგ, რაც ამ არასამთავრობოებმა პროკურატურაში არ და ვერ წარადგინეს მტკიცებულებები, იმიტომ რომ თავად აღიარეს, რომ არ ჰქონდათ, გაჩნდა მოსაზრება, რომ მათ უბრალოდ შესაძლებელია, ამ ტყუილის თქმის შესახებ დავალება  “ნაციონალური მოძრაობიდან” მიიღეს. ამ მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ეს სამი არასამთავრობო ორგანიზაცია არის მსხვერპლი, რადგან ჩემი ვარაუდით, “ნაციონალურ მოძრაობას” სჭრიდებოდა არასამთავრობო რუპორი, რომ საჯაროდ ეთქვა ტყუილი, რათა ეს ტყუილი როგორმე  დამაჯერებელი გამხდარიყო”, – განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, დღეს მიმდინარეობს მცდელობა, არსამათავრობო ორგანიზაციების მიერ წამოწეული ე.წ. პრობლემა ჩაიფარცხოს, მაგრამ, წულუკიანის თქმით, ეს ვერ მოხდება, რადგან მისი უწყება გამოძიების გაგრძელებას ითხოვს.

საია-ს, სამართლიანი არჩევნებისა და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განცხადებით, სერვისების განვითარების სააგენტოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა გასულ კვირას მათ მიაწოდა ინფორმაცია სააგენტოს მიერ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ.

არასამთავრობოების წყაროს ინფორმაციით, ყალბი პირადობის მოწმობები სააგენტოს სჭირდება არჩევნების მეორე ტურის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გაყალბებისთვის.

სერვისების განვითარების სააგენტოს უფროსი სოსო გიორგაძე ამბობს, რომ “გაუგონარი ცილისწამებაა” არასამთავრობოების მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ყალბი პირადობების სავარაუდო ბეჭდვის შესახებ.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებასთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოძიება დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი