ახალი ამბები

საქართველოში “ერალაშის” სამხატვრო ხელმძღვანელი არ შემოუშვეს

21 ნოემბერი, 2018 • 1881
საქართველოში “ერალაშის” სამხატვრო ხელმძღვანელი არ შემოუშვეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში არ შემოუშვა რუსეთის სამი მოქალაქე, რომლებსაც მონაწილეობა უნდა მიეღოთ რუსული კინოს ფესტივალში “პაემანი რუსეთთან”.

როგორც კრემლის მიერ დაფუძნებულ მედიასაშუალება “სპუტნიკის” თბილისის ოფისში დღეს, 21 ნოემბერს, გამართული პრესკონფერენციიიდან გაირკვა, ამ პირებს შორის ერთ-ერთი გადაცემა “ერალაშის” სამხატვრო ხელმძღვანელი ბორის გრაჩევსკია.

“ერალაში” საბჭოთა კავშირის დროს შექმნილი იუმორისტული ე.წ. კინოჟურნალია, რომელიც ძირითადად ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი. გადაცემის თითოეული სერია რამდენიმე ისტორიისგან შედეგება. თითო ისტორია კი იმ რეალობას ასახავს, რომლებშიც, შემქმნელების აზრით, საბჭოთა კავშირსა და შემდეგ უკვე პოსტსაბჭოთა რუსეთში ბავშვები ცხოვრობდნენ.

გარდა გრაჩევსკისა, საზღვარზე არ შემოუშვეს მისი ცოლი,  ეკატერინა ბელაცირკოვსკაია.

როგორც შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განმარტა, სამივე პირს ოკუპაციის შესახებ კანონი ჰქონდა დარღვეული.

“რეალურად,  ჩვენ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რა გადაწყვეტილებაც უნდა მიგვეღო. ბევრი საბაბი გვაქვს იმისთვის, რომ არასასურველი ადამიანები, მოქალაქეები,  ჩვენს ქვეყანაში არ შემოვუშვათ,“ – აცხადებს გახარია.

ღონისძიება, რომელიც ნოემბერში თბილისში უნდა გაიმართოს, ნაწილია ფესტივალისა “პაემანი რუსეთთან”, რომლის მიზანია რუსული კინემატოგრაფიული ხელოვნების პოპულარიზება დსთ-ის ქვეყნებსა და საქართველოში. ფესტივალის საინფორმაციო პარტნიორია კრემლის მიერ დაფინანსებული “Россия сегодня-ს” (“რუსეთი დღეს”) დაარსებული საინფორმაციო სააგენტო და რადიო “Sputnik–საქართველო”.


ბოლო პერიოდში თბილისში  რამდენიმე რუსული ფორუმი დაიგეგმა. 5-7 სექტემბერს გაიმართა რუსეთის პრეზიდენტის საგრანტო ფონდიდან დაფინანსებული სამხრეთ კავკასიის ფორუმი, სახელწოდებით “მედიის როლი რეგიონში ნდობის აღდგენის საქმეში”, რომელსაც სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა.

რუსეთის ხელისუფლების მიერ დაფუძნებული “გორჩაკოვის ფონდის” მხარდაჭერით, 12-14 ოქტომბერს საქართველოში უნდა გამართულიყო “ახალგაზრდა ლიდერების ფორუმი”, თუმცა ღონისძიება ჩაიშალა და მიზეზად დასახელდა ორგანიზატორების მიმართ ცალკეული პირებისა და მედიის მხრიდან “არამოტივირებული აგრესიის გამოვლენა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი