ახალი ამბები

შედგება თუ არა დებატები? – ვაშაძე თანახმაა, ზურაბიშვილი – უცნობია

21 ნოემბერი, 2018 • 3970
შედგება თუ არა დებატები? – ვაშაძე თანახმაა, ზურაბიშვილი – უცნობია

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ პრეზიდენტობის კანდიდატებს, სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს გადაცემაში „არჩევნები 2018“ მონაწილეობა შესთავაზა.

როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არის ნათქვამი, “პირველმა არხმა” სალომე ზურაბიშვილისგან თანხმობა უკვე მიიღო და იგი გადაცემაში მონაწილეობას 23 ნოემბერს, 22:00 საათზე მიიღებს. ფორმატის თანახმად, გადაცემაში კანდიდატები ცალ-ცალკე მიიღებენ მონაწილეობას.

“ნეტგაზეთი” დაინტერესდა, რატომ არ იმართება საზოგადოებრივ მაუწყებელზე დებატები საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის. საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების ბლოკის დირექტორი გიორგი გვირმაძე აცხადებს, რომ არხი მზადაა, კანდიდატებს დებატების ფორმატშიც უმასპინძლოს, თუმცა, მისი ინფორმაციით, ამაზე თანხმობა თავად კანდიდატებს შორის არ არის.

“საზოგადოებრივ მაუწყებელზე დებატები დაგეგმილი არ არის იმიტომ, რომ, მე როგორც ვიცი, კანდიდატებს შორის შეთანხმება არ არსებობს.  ჩვენ როგორც პირველ ტურში, ასევე ახლაც გამოვაცხადეთ, რომ მზად ვართ, ჩვენი ეთერი დავუთმოთ ნებისმიერ ფორმატში და დებატების ფორმატში.  კანდიდატებთან გვქონდა კომუნიკაცია. პარასკევს არჩევნების პროექტის ფარგლებში ცალკე  სალომე ზურაბიშვილის სტუმრობა შედგება. ამ დრომდე ველოდებით პასუხს გრიგოლ ვაშაძის შტაბისგან,  იქნება თუ არა ჩვენი სტუმარი გადაცემაში “არჩევნები 2018″. დებატებს რაც შეეხება, ჩვენც ვარკვევთ და ჯერჯერობით თანხმობა არ გვაქვს არცერთი კანდიდატისგან”, – განაცხადა გვიმრაძემ.

გრიგოლ ვაშაძის შტაბში “ნეტგაზეთს” დაუდასტურეს, რომ მათ ნამდვილად მიიღეს მიწვევა გადაცემაში ცალკე სტუმრობასთან დაკავშირებით, თუმცა მიზანშეწონილად მიიჩნევენ დებატების გამართვას საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის.

“ჩვენ მზად ვართ დებატებისთვის და ვთვლით, რომ ამომრჩევლისათვის  სასარგებლო იქნება პირდაპირი დებატები საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის”, – აცხადებენ ვაშაძის შტაბში.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის შტაბს, “ნეტგაზეთმა” არაერთი მცდელობის მიუხედავად ამ დრომდე ვერ მიიღო პასუხი კითხვაზე, თანახმაა თუ არა მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი დებატებზე.

ამავდროულად, სალომე ზურაბიშვილის შვილი თეიმურაზ გორჯესტანი გრიგოლ ვაშაძის შვილს, ნოდარ ვაშაძეს დებატებში იწვევს.

ამავე თემაზე:

სალომე ზურაბიშვილის შვილი გრიგოლ ვაშაძის შვილს დებატებში იწვევს

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი