ახალი ამბები

ვიცით ქალის პატივისცემა, შემთხვევითი არ იყო თამარ მეფე, არც სალომეა შემთხვევითი, – ივანიშვილი

21 ნოემბერი, 2018 • 1642
ვიცით ქალის პატივისცემა, შემთხვევითი არ იყო თამარ მეფე, არც სალომეა შემთხვევითი, – ივანიშვილი

 

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა იდეალური არჩევანია.

“იმედი Live”-ის ეთერში ივანიშვილმა იმ კრიტერიუმებზე ისაუბრა, რის გამოც, მისი აზრით, სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში ყველაზე მისაღები კანდიდატურაა პრეზიდენტის პოსტზე.

“მის ენაზე და აქცენტზე როგორ ბედავენ და აკეთებენ აქცენტს? სალომეს დედაც კი საფრანგეთში დაიბადა. მამამ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი არ თქვა და საფრანგეთის მოქალაქეობა ვერ მიიღო. როგორ მოახერხეს და სალომეს ასეთი ქართული ასწავლეს? და ნახეთ სალომეს შვილები, ქართულად აღზარდა…  მერე ქალბატონი, ევროპელი, რაც ჩვენ გვინდა… ვინც ქალბატონი სალომეს ხასიათი იცის (მე სხვანაირად ვერც მივმართავ, რომ იცოდეთ, ძალიან მორიდებით და მოწიწებით ვარ), ნუთუ აქვთ იმის განცდა, რომ ჩვენ ვითომ დამოუკიდებელი კანდიდატი ავირჩიეთ? აბსოლუტურად დამოუკიდებელი კანდიდატია, თავისი ხედვები აქვს, პრაქტიკა, გამოცდილება, ძალიან კარგი გემოვნება. საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატი ასეთი უნდა იყოს”, – განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტი ავტორიტეტი უნდა იყოს, გამაერთიანებელი და ზეპარტიული. ზურაბიშვილის კონკურენტი გრიგოლ ვაშაძე კი, ივანიშვილის აზრით, ამ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს.

“აბა, ნახეთ მეორე კანდიდატი, არცერთ პირობას არ აკმაყოფილებს და ყველაფერთან წინააღმდეგობაში მოდის. სულ არ გვაინტერესებს, ვინ არის მისი შვილი, ბიოგრაფია და არც მინდა პირადულში გადავიდე… ნახეთ მისი ცხოვრების ფილოსოფია, რასაც ამბობს, როგორც იქცევიან მისი გუნდის წევრები, როგორ შეურაცხყოფას აყენებენ ქალბატონს… ეს გვეკადრება ჩვენ? ასეთები ვართ ჩვენ, ქართველები? ქალის ადგილი ყოველთვის იცოდნენ ქართველებმა. ჩვენ ვიცით ქალის პატივისცემა. შემთხვევითი არ იყო თამარ მეფე, არც ქალბატონი სალომეა შემთხვევითი. ეს ძალიან ბუნებრივად განვითარდა. ეს ხომ ჩვენი ფესვებია”, – განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილმა საკონსტიტუციო რეფორმაც გაიხსენა. თქვა, რომ ვენეციის კომისია იზიარებდა პოზიციას, რომ არსებული უფლებამოსილებების პირობებში პრეზიდენტის მაღალი ლეგიტიმაცია  პირდაპირი არჩევის გზით გამართლებული არ იყო, თუმცა მაშინ “რამდენიმე ადამიანი გაუბუტა, გაბრაზდა, ქუდზე კაცი გამოიყვანეს და ეს სიმახინჯე დაატოვებინეს”.

“ამ ფონზე გამოდიან და ნახეთ, როგორ განცხადებებს აკეთებენ, რომ შეცვლიან სასამართლოს, შეცვლიან პროკურატურას. არადა, ამის არანაირი ბერკეტი არ გააჩნიათ. ერთადერთი კანდიდატი, ვინც კულტურულად იქცეოდა, ეს იყო სალომე ზურაბიშვილი. ვინც შესატყვისად საუბრობდა, ვინც ევროპულობა აჩვენა, ჩვენც ნამუსი მოგვწვიმდა იმ ფონზე, სხვები რასაც აკეთებდნენ და პატარა კაცები როგორ ებრძდნენ. თუმცა ძლიერი ქალბატონია და გაუძლო”, – განაცხადა ივანიშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი