ახალი ამბები

“ოცნებაც” პარაზიტობს იმის ხარჯზე, რომ ისევ “ნაცმოძრაობას” უპირსპირდება – ივანიშვილი

20 ნოემბერი, 2018 • 2709
“ოცნებაც” პარაზიტობს იმის ხარჯზე, რომ ისევ “ნაცმოძრაობას” უპირსპირდება – ივანიშვილი

ძლიერი სახელმწიფო თუ გნებავთ, ძლიერი მხარდაჭერა უნდა გვქონდეს საზოგადოებიდან, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა “იმედი Live”-ის ეთერში განაცხადა.

“რთულია დემოკრატიული მეთოდებით მართვა, განსაკუთრებით ისეთ ღარიბ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. მაგრამ არავის უნდა გაუჩნდეს ცდუნება, ეს [მეთოდები] შეიცვალოს. რთულია, ადამიანის უფლებები მაქსიმალურად დაიცვა და ამ დროს ერთ-ერთი ძირითადი უფლება, მას ჰქონდეს ღირსეული სამუშაო და შემოსავალი, თანხვედრაში ვერ მოდიოდეს. ასეთ შემთვევაში ხელისუფლებას და სახელმწიფოს რჩება ერთადერთი – იყოს ძალიან ძლიერი. მაგრამ ძლიერი უნდა იყოს არა ძალადობასა და შიშზე დაფუძნებით, არამედ ხალხის ნდობით. ძლიერი სახელმწიფო თუ გნებავთ, ძლიერი მხარდაჭერა უნდა გვქონდეს საზოგადოებიდან – ეს არის დემოკრატიული სახელმწიფო. მაქსიმალური ნდობით აღჭურვილი ხელისუფლება გაამაგრებს სახელმწიფოს”, – განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, ამისთვის აუცილებელია კადრების სწორად შერჩევა და გადახალისება მოხდება.

“გუნდში უნდა იყოს ის, ვინც კარგად ემსახურება გუნდის ინტერესებს და გუნდის ინტერესი უნდა იყოს ხალხის სამსახური. ამ მეთოდის დანერგვაც მე კარგად ვიცი, როგორ ჰქონდეთ სტიმული, რომ მათი პროფესიონალიზმი, პატიოსნება შეფასდეს, მათი სამსახური და სწორ ადგილებზე გადაადგილება და დაწინაურება მოხდეს და არა პირობითი გუნდურობა და ერთგულება. ერთგულებაის ნიშნით ვეღარ მოხდება გუნდში დაწინაურება და ადგილების ხანგრძლივი დაკავება. მხოლოდ პროფესიონალიზმი და თავდადებული შრომა განსაზღვრავს კადრების ცვლას. ამ სისტემას შემოვიტან”, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ მთელი გუნდი ვალდებული იქნება, ჩადგეს ხალხის სამსახურში.

ივანიშვილის თქმით, ამ გზით ის მოახერხებს დაარწმუნოს საზოგადოება, გაჰყვეს მათ.

ექსპრემიერის თქმით, ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა ოპოზიციაც.

“თითქოს “ქართული ოცნებაც” პარაზიტობს იმის ხარჯზე, რომ ისევ “ნაციონალურ მოძრაობას” უპირსპირდება. ძალიან ცუდია, რომ ამ ფონზე გვიწევს არჩევნების ჩატარება. თეთრსა და შავს შორის  რომ ხდება არჩევანი, ძალიან ცუდია. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს კარგსა და უკეთესს შორის არჩევანი. მე ამაში ხელოვნურად ვერ ჩავერევი. ეს საზოგადოებამ და პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა მოახერხოს”, – განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, ძლიერი ოპონენტის არყოლა “ქართული ოცნების” შიგნით რღვევის დაწყების საფუძველი გახდა და ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რამაც მას პოლიტიკაში დაბრუნება აიძულა.

ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ვერ გაიმარჯვებს და იმედოვნებს, რომ ამ დამარცხებით პარტია თავის რესურსს ამოწურავს.

“დღეს უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ვერ მოხდება და არ მოხდება [ნაციონალური მოძრაობის] გამარჯვება. თუ გინდათ წარმოდგენა [მათი გამარჯვების], აქაც ზედმეტად დრამატულად არ ჩანს სიტუაცია. რა თქმა უნდა, კარგი არაფერი იქნება. იმედია, რომ კონსტრუქციული ოპოზიცია გაჩნდება ქვეყანაში. იმედია, ამ გამარჯვებით ამ დესტრუქციულ ძალაზე საბოლოოდ უარს ვიტყვით და მათაც რესურსი, მე მგონი, აღარ დარჩათ იმის იქით… მე ვიცი, როგორ დავალაგო. რაც უნდა, ის ილაპარაკონ ჟურნალისტებმა, რაც უნდა, ის ქნას “რუსთავი 2″-მა, მაგრამ საზოგადოებას ჩვენ ვაჩვენებთ, სად არის სიმართლე. დიდი იმედი მაქვს იმის, რომ გაჩნდეს კონსტრუქციული პასუხისმგებლიანი ოპოზიცია”, – განაცხადა ივანიშვილმა.

იმ შემთხვევაში, თუ მაინც “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი გაიმარჯვებს, ივანიშვილის თქმით, ეს მძიმე იქნება ეკონომიკისთვის, ვინაიდან სტაბილურობასთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდება. თუმცა ყველაზე მძიმე, ივანიშვილის თქმით, “საგარეო იმიჯი” იქნება.

ექსპრემიერმა გამორიცხა არჩევნების გაყალბების ყველა შესაძლებლობა.

“ზოგი ჭირი მარგებელიაო და ამ არჩევნებზეც ისევ ჩვენმა საზოგადოებამ ივაჟკაცა: ის გაფრთხილება, ის ცივი შხაპი, რაც „ქართულ ოცნებას“ საზოგადოებამ მისცა… ამან აჩვენა ყველაზე სკეპტიკურ ევროპელესაც კი, რომ საქართველოში არჩევნები არ ყალბდება. რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, გაყალბების მცდელობაც კი არ ყოფილა. მე პირადად მაქვს ნათქვამი, რომ ხელს მოვაჭრი, თუ ვინმე გაბედავს გაყალბებას. დღეს არავის უჩნდება კითხვა, რომ 1%-თაც რომ მოიგოს „ქართულმა ოცნებამ“, ეს იქნება ჭეშმარიტი მოგება“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი