ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ლეონიდ თიბილოვი ცხინვალის რუსეთთან მიერთებაზე: “უნდა შევარჩიოთ შესაბამისი დრო”

2 ივნისი, 2014 • • 1321
ლეონიდ თიბილოვი ცხინვალის რუსეთთან მიერთებაზე: “უნდა შევარჩიოთ შესაბამისი დრო”

თუმცა, როგორც სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ლენტა.რუ-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ჯერ სამხრეთ ოსეთი რუსეთთან ინტეგრაციის ეტაპზეა და გაერთიანების დროც დადგება:


“ჩვენ სამხრეთ ოსეთში ოვაციებით შევხვდით რუსეთის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას ყირიმის რუსეთთან შეერთების თაობაზე. ჩვენ ბედნიერები ვართ ყირიმის მოსახლეობის გამო, რომელიც, როგორც იქნა, სამშობლოს დაუბრუნდა. ყურადღებით ვაკვირდებით იმ მოვლენებს, რაც უკრაინაში ვითარდება. იქ სიტუაცია რთულია. დაახლოებით მსგავსი რამ ჩვენ აქ, სამხრეთ ოსეთშიც გადავიტანეთ.

 

რუსეთის ფედერაციასთან ჩვენ მჭიდრო ურთიერთობები გვაკავშირებს. დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ (2008 წელი) გაფორმებული ერთობლივი შეთანხმების (“მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის”) საფუძველზე არაერთი  ორმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ცოტა ხნის წინ ძალაში შევიდა შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რომელიც რესპუბლიკაში ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში დაგვეხმარება. ორმხრივი ხელშეკრულებები, სამხრეთ ოსეთში რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის ყოფნა, საზღვრის მართვა რუსეთის ეფ-ეს-ბეს მიერ და, რა თქმა უნდა, რუსეთიდან წამოსული დახმარება – ეს ყველაფერი ჩვენი  ურთიერთობების ხარისხზე მიუთითებს. ჩვენი შეხვედრები რუსეთის ხელმძღვანელობასთან გვარწმუნებს, რომ სამხრეთ ოსეთის განვითარებისთვის რუსეთი დახმარებას მომავალშიც გააგრძელებს. ეს ყველაფერი იმის მტკიცებულებაა, რომ სამხრეთ ოსეთი რუსეთის ფედერაციაში ინტეგრირდება. ინტეგრაცია კი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის პროცესის უმნიშვნელოვანესი, მოსამზადებელი ეტაპია. ეს იდეა თითოეულ ჩვენგანში ცოცხლობს. პერსპექტივაში, ოსეთის გაყოფილი ხალხი უნდა გაერთიანდეს. უნდა დადგეს ეს ისტორიული მომენტი. ჩვენ სწორედ ამ გზაზე ვდგავართ და რუსეთის ფედერაციაში შესვლის იდეას კარგი პერსპექტივა აქვს”, – განაცხადა თიბილოვმა.

 

მიმდინარე ივნისის თვეში სამხრეთ ოსეთში საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს, რომელშიც 9 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს. ჟურნალისტის კითხვას, ელის თუ არა იგი, რომ მე-6 მოწვევის ახალი პარლამენტი რუსეთს გაერთიანების თხოვნით პირდაპირ მიმართავს, თიბილოვმა უპასუხა, რომ ეს გამორიცხული არ არის. რაც შეეხება იმას, რა ფორმით უნდა მოხდეს სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთება და იქნება თუ არა საჭირო ახალი რეფერენდუმი, თიბილოვი ამბობს:

 

“ზოგიერთი პარტია ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოდის, მაგრამ სამხრეთ ოსეთის ხალხის ნება ამ თვალსაზრისით უკვე გამოხატულია შესაბამისი ორი რეფერენდუმის შედეგით, რომლებიც 1992 და 2006 წელს ჩატარდა. ჩვენი ამოცანაა, რომ შევარჩიოთ შესაბამისი დრო, როდესაც რუსეთის ფედერაციაში გაერთიანების საკითხის აქტუალიზაცია იქნება საჭირო”, – განაცხადა თიბილოვმა და დასძინა, რომ ამ საკითხს მხოლოდ სამხრეთ ოსეთი ვერ გადაწყვეტს:

 

“ეს საკითხი რუსეთის ხელმძღვანელობამ უნდა გადაწყვიტოს ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ალანიის ხელმძღვანელობასთან კონსულტაციების შედეგად”.

 

თიბილოვმა ლენტა.რუ-სთან ინტერვიუში კარს მომდგარი საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მე-6 მოწვევის ახალი პარლამენტისაგან სამხრეთ ოსეთის საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწას ელის, რადგან ამ მიმართულებით რესპუბლიკას სერიოზული პრობლემები აქვს. მისი თქმით, წინა მოწვევის პარლამენტმა ვერ მოასწრო იმ გამოწვევებთან გამკლავება, რომლის წინაშეც მათი განვითარებადი რესპუბლიკის ხელისუფლება დგას. თიბილოვის განმარტებით, სამხრეთ ოსეთის უმაღლესი საბჭოს დადგენილების მიხედვით, როდესაც სამხრეთ ოსეთის კანონმდებლობა ამა თუ იმ სფეროს ვერ არეგულირებს, რადგან პარლამენტს შესაბამისი კანონი ჯერ არ მიუღია, რუსეთის ფედერაციის პარლამენტის მიერ მიღებული კანონმდებლობა მოქმედებს ანალოგიის პრინციპის საფუძველზე. თუმცა, თიბილოვის განცხადებით, რუსეთის ბევრი კანონი სამხრეთ ოსეთის პირობებთან შეუსაბამობაში მოდის.

“კანონშემოქმედებითი საქმიანობის თემა- ისე, როგორც არასდროს- სწორედ დღეს არის აქტუალური სამხრეთ ოსეთში, როდესაც რესპუბლიკის წინაშე მისი მმართველობის საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნის ამოცანა დგას. არაკომპეტენტურობა, საკანონმდებლო მუშაობის დროს სამეცნიერო საფუძვლების იგნორორება და კანონმდებლის დაჩქარება – ამ ყველაფერმა იქამდე მიგვიყვანა, რომ ჩვენი ნორმების უმრავლესობა ურთიერთსაწინააღმდეგოა.


თიბილოვი
თიბილოვი

 

ასე რომ, ახალი მოწვევის პარლამენტმა სამხრეთ ოსეთის კანონმდებლობა კონსტიტუციასთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს”.

 

რაც შეეხება იმას, ელის თუ არა იგი, რომ ცხინვალის საკნაონმდებლო ორგანო კვალიფიციური კადრებით დაკომპლქტედება, თიბილოვმა განაცხადა, რომ ამას დრო გვიჩვენებს. მისი თქმით, მან უკვე გადახედა პარტიების მიერ დასახელებული კანდიდატების სიას და დარჩა შთაბეჭდილება, რომ მომავალი პარლამენტარები მხოლოდ “კარგი ადამიანის” ნიშნით შეირჩნენ:

 

“კარგი ადამიანობა” კი პროფესია არ არის”, – განმარტა თიბილოვმა და ისურვა, რომ პარლამენტში უფრო მეტი იურისტი, ეკონომისტი და სხვა საპარლამენტო საქმიანობასთან კავშირში მყოფი პროფესიის მქონე ადამიანი მოხვდეს.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
   



მასალების გადაბეჭდვის წესი