ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქო – ერთადერთი დედაქალაქი ევროპაში მუნიციპალიტეტის გარეშე

28 მაისი, 2014 • • 5219
ბაქო – ერთადერთი დედაქალაქი ევროპაში მუნიციპალიტეტის გარეშე
2003 წელს აზერბაიჯანის მთავრობამ ევროსაბჭოსგან ამ საკითხზე მითითებები მიიღო, თუმცა მთავრობა დღემდე არაფერს აკეთებს ამ ვალდებულების შესასრულებლად. სომხეთმა, რომელიც ევროსაბჭოს წევრი იმავე პერიოდში გახდა, როდესაც აზერბაიჯანი, 2009 წელს ჩაატარა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დედაქალაქში. თბილისშიც მერი პირდაპირი წესით აირჩევა და მას პრეზიდენტი ან პრემიერი არ ნიშნავს.
სეიმურ კაზიმოვი
სეიმურ კაზიმოვი

 

აზერბაიჯანის ოპოზიციური პარტია “სახალხო ფრონტის” წევრის, რაჰიმ ჰაჯიევის თქმით, მთავრობა შორსაა იმ აზრისგან, რომ შექმნას ისეთი ინსტიტუტები, რომლებიც არჩევითობის ელემენტებს შეიცავს.

“ნავთობიდან მიღებული შემოსავლების დიდი ნაწილი ბაქოს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იხარჯება. იმ შემთხვევაში, თუკი მერი ხალხის მიერ არჩეული იქნება და ბაქოში თვითმმართველობა ჩამოყალიბდება, ასეთი მერი სერიოზულ პოლიტიკურ ძალაუფლებას მიიღებს და პირდაპირ განკარგავს ამ შემოსავლებს და განახორციელებს დედაქალაქში პროექტებს. მთავრობა ამაში სარგებელს ვერ ხედავს. ძალაუფლების დანაწილება არადემოკრატიულ საზოგადოებაში არ მუშაობს, იგი ერთ ხელშია თავმოყრილი,” – აცხადებს ჰაჯიევი.

მეჰდი სელიმზადე, იუსტიციის სამინისტროს მუნიციპალურ საქმეთა ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს: “არ არის დედაქალაქში მუნიციპალიტეტის შექმნის საჭიროება. ყველა ქვეყანას თავისი პოლიტიკური სტრუქტურა აქვს, კონსტიტუცია, ეროვნული მენტალობა და სახელისუფლებო სისტემა. შესაბამისად, მიიღება გადაწყვეტილებები”.

როვშან აგაევი, საზოგადოებრივი გაერთიანება “ეკონომიკური ინიციატივების მხარდაჭერისთვის” თავმჯდომარის მოადგილე, აცხადებს, რომ ბაქოში ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მუნიციპალიტეტი ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციებს ვერ შეასრულებს, როგორც ამას ევროსაბჭოს ინსტრუქციები ითვალისწინებს. ამდენად კანონი, რომლითაც დედაქალაქის მმართველი ან აღმასრულებელი ორგანოები არის დანიშვნითი, ეწინააღმდეგება ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის მოთხოვნებს.

ევროპულ ქარტიას ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ აზერბაიჯანმა ხელი მოაწერა. ქარტია მოითხოვს ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას, თუმცა აზერბაიჯანი ჯერჯერობით არ იცავს ამ მოთხოვნას.

საცხოვრებელი კომპლექსი და ბაქოს ახალი სომბოლო - “ცეცხლის ალის ტაუერი”, ფოტო: EPA, 2012 წ.
საცხოვრებელი კომპლექსი და ბაქოს ახალი სომბოლო – “ცეცხლის ალის ტაუერი”, ფოტო: EPA, 2012 წ.

 

სიავუშ ნოვრუზოვი, მმართველი პარტიის წევრი, ირწმუნება, რომ საჭიროების შემთხვევაში ეს იდეა განხილული უნდა იქნას.

აზერბაიჯანში მუნიციპალური არჩევნებისადმი ინტერესი გაცილებით ნაკლებია საპრეზიდენტო ან საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით.

თვითმმართველობის არჩევნები ხუთ წელიწადში ერთხელ ტარდება, თუმცა მხოლოდ სოფლების და დაბებისთვის. დიდი ქალაქები ამ არჩევნებში არ მონაწილეობს, რამდენადაც იქ აღმასრულებელ ხელისუფლებას პრეზიდენტი ნიშნავს და მუნიციპალიტეტები მთლიანად დამოკიდებულნი არიან ცენტრალურ ხელისუფლებაზე: მათ არა აქვთ ფინანსური ან პოლიტიკური ძალაუფლება. მათ კომპეტენციაში მხოლოდ ადგილობრივი გზების მშენებლობისა და მიწების გაყიდვის საკითხები შედის.

მუნიციპალური არჩევნები აზერბაიჯანში 2014 წლის დეკემბერში ჩატარდება. მმართველი პარტია “ახალი აზერბაიჯანი” ამ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

“ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი პარტია, როგორც ყოველთვის, ამ არჩევნებსაც მოიგებს,” – აცხადებს მუბარიზ გურბანი, პარტია “ახალი აზერბაიჯანის” აღმასრულებელი მდივნის მოადგილე.

არიფ ჰაჯილი, ოპოზიციური პარტია “მუსავატის” თავმჯდომარის მოადგილე, ასევე, ამბობს, რომ არჩევნებში ისინიც მიიღებენ მონაწილეობას.

ამ დროისთვის აზერბაიჯანში 1718 მუნიციპალიტეტია, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება. მუნიციპალიტეტების 85% სოფლების დონეზეა შექმნილი. მათი ადგილობრივი ფინანსური შემოსავლები ძალიან მწირია, ამიტომ ისინი ყოველწლიურად ცენტრალური ბიუჯეტიდან იღებენ დაფინანსებას. მიმდინარე წელს აზერბაიჯანის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველა მუნიციპალიტეტისთვის 5.2 მლნ მანათია (11.7 მლნ ლარი) გამოყოფილი.

 


სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი