ახალი ამბები

“პაემანი რუსეთთან” – თბილისში “სპუტნიკის” მხარდაჭერილი კინოფესტივალი გაიმართება

20 ნოემბერი, 2018 • 2816
“პაემანი რუსეთთან” – თბილისში “სპუტნიკის” მხარდაჭერილი კინოფესტივალი გაიმართება

ნოემბერში თბილისში რუსული კინოს ფესტივალი “პაემანი – კინორომანი” გაიმართება.

ღონისძიება ნაწილია ფესტივალისა “პაემანი რუსეთთან”, რომლის მიზანია რუსული კინემატოგრაფიული ხელოვნების პოპულარიზება დსთ-ის ქვეყნებსა და საქართველოში. ფესტივალის საინფორმაციო პარტნიორია კრემლის მიერ დაფინანსებული “Россия сегодня”-ს დაარსებული საინფორმაციო სააგენტო და რადიო “Sputnik–საქართველო”.

სწორედ “Sputnik–საქართველოს” მულტიმედიურ პრესცენტრში არის დაგეგმილი ფესტივალის მონაწილეებისა და ორგანიზატორების პრესკონფერენცია. კინოფესტივალის პროგრამის შესახებ ისაუბრებენ:

  • ფესტივალის „პაემანი რუსეთთან“ დამფუძნებელი და გენერალური პროდიუსერი ვლადიმირ პიროჟოკი;
  • ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი, მწერალი, პედაგოგი ირაკლი კვირიკაძე;
  • რუსი კინორეჟისორი და სცენარისტი, საბავშვო ჟურნალ „ერალაშის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ბორის გრაჩევსკი;
  • რუსი პროდიუსერი, კინორეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი, კინოჯგუფის 2ПЛАN2 გენერალური პროდიუსერი ალექსანდრ შეინი;
  • რუსი მომღერალი და მსახიობი ეკატერინა ბელოცერკოვსკაია;
  • პოეტი ვაზგენ ოგანესიანი;
  • კინომსახიობი, მომღერალი ელგუჯა ბურდული

თბილისში ბოლო პერიოდში რამდენიმე რუსული ფორუმი დაიგეგმა. 5-7 სექტემბერს გაიმართა რუსეთის პრეზიდენტის საგრანტო ფონდიდან დაფინანსებული სამხრეთ კავკასიის  ფორუმი, სახელწოდებით “მედიის როლი რეგიონში ნდობის აღდგენის საქმეში”, რომელსაც სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა.

რუსეთის ხელისუფლების მიერ დაფუძნებული “გორჩაკოვის ფონდის” მხარდაჭერით, 12-14 ოქტომბერს საქართველოში უნდა გამართულიყო “ახალგაზრდა ლიდერების ფორუმი”, თუმცა ღონისძიება ჩაიშალა და მიზეზად ორგანიზატორების მიმართ ცალკეული პირებისა და მედიის მხრიდან “არამოტივირებული აგრესიის გამოვლენა” დასახელდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი