ეკლესია არ შეიძლება, თავშესაფრად გადაკეთდეს – საპატრიარქო

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე უარყოფს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ეკლესიებში უსახლკაროთა თავშესაფრად მოწყობის თაობაზე იქადაგა.

საპატრიარქოს პრესცენტრის განმარტება საპატრიარქოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

“ინტერნეტსივრცეში ხშირად ხდება, რომ ვრცელდება არაზუსტი ინფორმაცია ეკლესიის შესახებ და ამას მოსდევს ხოლმე ძალიან არასწორი ინტერპრეტაციები. ასე მოხდა გუშინაც. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს პატრიარქი ამბობს, რომ ეკლესიები შეიძლება მოეწყოს უსახლკაროთა თავშესაფრებად. ეს არ შეესაბამება სიმართლეს. მის უწმინდესობას ასეთი რამ არ უთქვამს. ელემენტარულია, რომ ეკლესია არ შეიძლება თავშესაფრად მოეწყოს და გადაკეთდეს თავშესაფრად. ეკლესიას აქვს თავისი მისია”, – აცხადებს ჯაღმაიძე.

მისი თქმით, ასეთი ინფორმაციები უნებლიეთ ან მიზანმიმართულად ემსახურება ცრუ მოლოდინების გაჩენას და იმ ღვაწლისთვის ჩრდილის მიყენებას, რასაც ეკლესია სოციალური მსახურების კუთხით მრავალი წელია ეწევა.

“ეკლესიის წიაღში ფუნქციონირებს მზრუნველობამოკლებული ბავშვების სახლი, პალეატიური ცენტრი, უპოვართათვის სასადილოები. ამ ყველაფრის აფიშირებას ეკლესია არ აკეთებს. ასევე შეგვიძლია გავიხსენოთ, რამდენიმე წლის წინ, როდესაც სახელმწიფომ უსახლკაროთათვის თავშესაფარი მოაწყო, ეკლესია თავისი წვლილით ეხმარებოდა ამ სოციალურ გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს და მონაწილეობდა ცენტრის ფუნქციონირებაში. თუ ამის მერეც იქნება მსგავსი ინიციატივა სახლმწიფოს მხრიდან, რომ ცალკე მოხდეს ასეთი სახლის ფუნქციონირება, ეკლესია კვლავ მზადაა, რომ მონაწილეობა მიიღოს ამაში, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ეკლესიების გადაკეთება თავშესაფრებად შეუძლებელია. ეს არის ელემენტარული რეალობა”, – განმარტავს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი.

ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს პატრიარქმა იქადაგა, ეკლესიების კარი ყოველ ღამით გაიღოს უსახლკარო ადამიანების შესაფარებლად, სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი