ახალი ამბები

უი, გაცოცხლდნენ?ამოვიდნენ სარდაფებიდან? – კალაძე NGO-ების განცხადებაზე

20 ნოემბერი, 2018 • 1573
უი, გაცოცხლდნენ?ამოვიდნენ სარდაფებიდან? – კალაძე NGO-ების განცხადებაზე

“უი, გაცოცხლდნენ? ამოვიდნენ სარდაფებიდან?,” – ასე მოიხსენიებს თბილისის მერი კახა კალაძე იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებმაც მთავრობის მიერ მოქალაქეთა ნაწილისთვის ვალების ჩამოწერა ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვად შეაფასეს.

გუშინ, 19 ნოემბერს, “საიამ, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” და “სამართლიანმა არჩევნებმა” ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. ორგანიზაციებში მიიჩნევენ, რომ პრემიერ-მინისტრის 19 ნოემბრის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, 600 000 ამომრჩეველს ვალები ჩამოეწერება, სავარაუდოდ, ამომრჩეველთა მოსყიდვის უპრეცედენტო შემთხვევაა. მათი შეფასებით, სამართალდამცავი ორგანოები ამით უნდა დაინტერესდნენ.

სწორედ ამ განცხადებაზე დაუსვა კითხვა კალაძეს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, რაზეც თბილისის მერმა ჟურნალისტს უპასუხა, თუ რომელ არასამთავრობო სექტორს გულისხმობდა ის. პასუხის მიღების შემდეგ, მან განაცხადა:

“უი, გაცოცხლდნენ? ამოვიდნენ სარდაფებიდან? ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა საუბარი. იქამდე, სანამ არჩევნების თარიღი გახდებოდა ცნობილი, ამაზე საუბრობდა პარტიის თავმჯდომარე, როდესაც ის დაბრუნდა პოლიტიკაში, და ამაზე საუბრობდა მამუკა ბახტაძეც. ამის ჩანაწერები მოიპოვება,” – ამბობს კალაძე.

მისივე თქმით, ძალიან უხარია, რომ 600 000-ზე მეტ ადამიანს აღნიშნული პრობლემა მოეხსნება და ისინი კვლავ ჩაერთვებიან ეკონომიკურ საქმიანობაში.

“ძალიან რთულია დაუკავშირო არჩევნებს, პირველ ტურში რომ დამთავრებულიყო არჩევნები და მერე გამოგვეცხადებინა, რას იტყოდნენ? საერთოდ რა კავშირშია არჩევნები?,” – ამბობს კალაძე.

ამომრჩეველთა ასეთი მასშტაბის სავარაუდო მოსყიდვა უპრეცედენტოა – NGO-ები

მასალების გადაბეჭდვის წესი