ახალი ამბები

არ გვითქვამს, რომ მაინცდამაინც ბიომეტრიული ID ბარათები იბეჭდება – გიგაური

20 ნოემბერი, 2018 • 4985
არ გვითქვამს, რომ მაინცდამაინც ბიომეტრიული ID ბარათები იბეჭდება – გიგაური

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განმარტებით,  არასამთავრობო ორგანიზაციებს არ განუცხადებიათ, რომ წინასაარჩევნოდ მაინცდამაინც ბიომეტრიული პირადობების მოწმობები იბეჭდება, ძველი პირადობის მოწმობის საბეჭდი აპარატები კი რეგიონებში შემორჩენილია.

ამის შესახებ გიგაურმა “ნეტგაზეთს” სერვისების განვითარების სააგენტოს უფროსის, სოსო გიორგაძის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თქმითაც, ბიომეტრიული დოკუმენტები, მათ შორის, პირადობები, საქართველოს მასშტაბით სულ 3 ადგილას იბეჭდება: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. გიორგაძის თქმით, ამ ჩამონათვალში არ არის წალენჯიხა და გარდაბანი, რომელიც NGO-ებმა დაასახელეს.

“ჩვენ არ ვიცით და არც დაგვიზუსტებია, ძველი პირადობის მოწმობები იბეჭდება თუ ახალი. ეს უნდა დადგინოს პროკურატურამ, ჩვენ არ ვართ საგამოძიებო ორგანო. როგორც ვიცი, ძველი პირადობების საბეჭდი აპარატები არის რეგიონებში”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ეკა გიგაურმა.

რეგიონებში ძველი ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობების საბეჭდი მანქანების არსებობის შესახებ ჟურნალისტებმა სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარეს, სოსო გიორგაძესაც დაუსვეს კითხვა.

კითხვაზე, არის თუ არა წალენჯიხასა და გარდაბანში მოწყობილობები, რომლითაც ძველი, არაბიომეტრიული პირადობის მოწმობების დასაბეჭდად გამოიყენება, გიორგაძე არ პასხუსობს, თუმცა ამბობს, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ასეთი დოკუმენტები ქვეყნის მასშტაბით ერთეულ შემთხვევებში იბეჭდება, ბოლო თვეების განმავლობაში კი საერთოდ არ დაბეჭდილა:

“შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ დღეს, 20 ნოემბერს, ბოლო 5 წლის განმავლობაში, საერთოდ 2012 წლიდან მოყოლებული, არაბიომეტროული დოკუმენტების ბეჭვდვა არამხოლოდ წალენჯიხაში ან გარდაბანში შესაძლებელია იყოს, მხოლოდ ერთეულები მთელი ქვეყნის მასშტაბით რაც დაიბეჭდა და ბოლო თვეების განმავლობაში საერთოდ არ იბეჭდება – ეს არის ცალსახა პასუხი ამაზე”, – ამბობს სოსო გიორგაძე.


საია-ს, სამართლიანი არჩევნებისა და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განცხადებით, სერვისების განვითარების სააგენტოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა გასულ კვირას მათ მიაწოდა ინფორმაცია სააგენტოს მიერ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ.

არასამთავრობოების წყაროს ინფორმაციით,  ყალბი პირადობის მოწმობები სააგენტოს სჭირდება არჩევნების მეორე ტურის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გაყალბებისთვის.

“მისი თქმით, პირადობის მოწმობები სააგენტოს რამდენიმე ტერიტორიულ სამსახურში იბეჭდება. ასევე წყაროს განმარტებით, იმ რეგიონებში, სადაც ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელები არ არიან „სანდო” პირები, ისინი მივლინებაში გაუშვეს, ხოლო მათ ადგილას „სანდო” პირები მიავლინეს. წყაროს ინფორმაციით, ასეთ „არასანდო” პირებად მიჩნეულნი იყვნენ  სააგენტოს წალენჯიხის ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელი არკადი ფიფია და გარდაბნის ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელი ზურაბ ხვედელიძე. წალენჯიხაში ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელი მისი მივლინებაში ყოფნის განმავლობაში მანუჩარ ნაჭყებიამ ჩაანაცვლა. მივლინებაში ყოფნა არკადი ფიფიამ ჩვენს წარმომადგენლებს დაუდასტურა. მოპოვებული ინფორმაციით, სავარაუდოდ ასევე მივლინებაში იმყოფება ზურაბ ხვედელიძე, რომლის მოვალეობასაც გვანცა მენაფირე ასრულებს”, – აცხადებენ არასამთავრობოები.

სერვისების განვითარების სააგენტოს უფროსი სოსო გიორგაძე ამბობს, რომ “გაუგონარი ცილისწამებაა” არასამთავრობოების მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ყალბი პირადობების სავარაუდო ბეჭდვის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი