ახალი ამბები

NGO-ები სააკაშვილის ანტისემიტური განცხადების გამო შეშფოთებას გამოხატავენ

20 ნოემბერი, 2018 • 2970
NGO-ები სააკაშვილის ანტისემიტური განცხადების გამო შეშფოთებას გამოხატავენ

სამოქალაქო პლატფორმა “არა ფობიას” წევრი ორგანიზაციები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული ანტისემიტისტური განცხადების გამო შეშფოთებას გამოხატავენ.

საქმე ეხება ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადაც მან პარტია „ქართული ოცნების” სავარაუდო პიარ-სპეციალისტი მოშე კლუგჰაპტი “ვიღაც ებრაელ აფერისტ მოშედ” მოიხსენია.

პლატფორმის წევრი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ექსპრეზიდენტს და სხვა პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ სიძულვილის ენის გამოყენებისგან, კონკრეტული ჯგუფების შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი ტერმინებით მოხსენიებისა და სტერეოტიპების გავრცელებისგან.

“გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციით, ანტისემიტიზმი მიჩნეულია რასიზმის და რასობრივი დისკრიმინაციის ფორმად. ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო ალიანსმა, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს 31 სახელმწიფოს, 2016 წლის 26 მაისს ბუქარესტში შეიმუშავა ანტისემიტიზმის განმარტება. ამ განმარტების თანახმად, ანტისემიტიზმი არის განსაზღვრული წარმოდგენები ებრაელებზე, რაც გამოიხატება ებრაელების მიმართ სიძულვილში. ანტისემიტიზმი ასევე მიაწერს ებრაელებს სტერეოტიპულ და უარყოფით პიროვნულ თვისებებს. ამ შემთხვევაში თაღლითობის (აფერისტობა) დაკავშირება ადამიანის ებრაულ წარმოშობასთან, გამოხატავს სტერეოტიპულ შეხედულებებს ებრაელთა თაობაზე, რაც ანტისემიტიზმის ერთ-ერთი მახასიათებელია”, – ნათქვამია პლატფორმის განცხადებაში.

პლატფორმაში “არა ფობიას” შემავალი ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ეს არ ყოფილა ანტისემიტისტური გამოხატვის პირველი შემთხვევა და მიმდინარე წლის 14 ივნისს ექსპრეზიდენტმა გადაცემა “კვირის აქცენტებში” პარტია “ქართული ოცნების” დეპუტატზე შოთა შალელაშვილზე საუბრისას განაცხადა: “შეუთვალეთ მოკითხვა აფერისტ მის [ივანიშვილის] ჩამოყვანილ რუს ებრაელს, რომელიც რატომღაც საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა იმიტომ, რომ … დაბოლოება აქვს გვარით, მაგრამ საქართველოსთან არაფერი მიმართება არ ჰქონია”.

აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა პლატფორმაც და მოუწოდა მას, პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკისას ნებსით თუ უნებლიეთ არ შეურაცხყოს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები.

“არა ფობიას” აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში ექსპრეზიდენტის მხრიდან სიძულვილის ენის და პოპულისტური ულტრაკონსერვატიული რიტორიკის გამოყენებამ სისტემური ხასიათი მიიღო. კერძოდ, 2018 წლის 4 ნოემბერს მან სოციალური ნიშნით დისკრიმინაციულ და ქსენოფობიურ კონტექსტში მოიხსენია აფრიკისა და აზიის ქვეყნებიდან მიგრანტები, ასევე ერთ-ერთ განცხადებაში იგი ამბობს: “საქართველოს და ქართველებს ვერ გაარუსებენ დ,ა მით უმეტეს, ვერ გააჩეჩნებენ.” ქსენოფობიური იდეებით გამოირჩეოდა მის მიერ 2018 წლის 31 ივლისს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში, ხოლო 2018 წლის 31 აგვისტოსა, 1 და 9 სექტემბერს საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე გაკეთებული განცხადებებიც, რომლებშიც იგი ღარიბ ტურისტებზე საუბრისას ხაზს უსვამს მათ ეთნიკურ წარმომავლობას და აპელირებს იმაზე, რომ ასეთი ადამიანების ვიზიტი სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება.

“პოლიტიკური გარემოს მკვეთრი პოლარიზებისა და პოლიტიკური აქტორების მხრიდან მკვეთრად პოპულისტური რიტორიკის პარალალეურად, რასიზმის, ქსენოფობიის, სხვადასხვა მარგინალური სოციალური ჯგუფების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება პოლიტიკურ სივრცეს კიდევ უფრო აცლის დემოკრატიულ და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ შინაარსს და შეუსაბამობასობაში მოდის თანასწორობაზე, პლურალიზმზე ორიენტირებული დემოკრატიული საზოგადოების იდეალებთან და კონსტიტუციურ პრინციპებთან. სხვა ჯგუფების მარგინალიზაციისკენ მიმართული პოპულიზმი აზიანებს სოციალურ შეჭიდულობას და სიმშვიდეს და მან შეიძლება მძიმე გავლენა იქონიოს სხვადასხვა ჯგუფების უფლებრივ მდგომარეობაზე”, – ნათქვამია პლატფორმის განცხადებაში.

პლატფორმის “არა ფობიას” წევრი ორგანიზაციები მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებენ, თავი შეიკავოს მსგავსი შინაარსიის განცხადებებისგან. ამასთან, მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, მისმა პოლიტიკურმა პარტნიორებმა დაგმონ სიძულვილის ენის სისტემური გამოყენების პრაქტიკა და რიტორიკა და გაემიჯნონ მათ.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები:

  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო (TI)
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  • ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
  • თანასწორობის მოძრაობა
  • საფარი
  • მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
  • დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი

მასალების გადაბეჭდვის წესი