ახალი ამბები

ჟან-ლუკ გოდარმა რუსეთში ვიზიტზე უარი თქვა, მიზეზად კი სენცოვის დაკავება დაასახელა

20 ნოემბერი, 2018 • 2184
ჟან-ლუკ გოდარმა რუსეთში ვიზიტზე უარი თქვა, მიზეზად კი სენცოვის დაკავება დაასახელა

რეჟისორმა ჟან-ლუკ გოდარმა რუსეთში ვიზიტზე უარი თქვა, მიზეზად კი უკრაინელი რეჟისორის, ოლეგ სენცოვის დაკავება დაასახელა. როგორც Le Figaro წერს, რეჟისორი სანკტ-პეტერბურგში უნდა ჩასულიყო.

“მადლობას გიხდით მოწვევისთვის, თუმცა, სენცოვის დაკავების ფონზე, ამ მომენტისთვის მე არ შემიძლია ერმიტაჟის [ მუზეუმი სანკტ პეტერბურგში] სტუმრობა, მიუხედავად რუსი ხალხის მიმართ ჩემი მეგობრული განწყობისა,” – წერს გოდარი დიმიტრი ოზერკოვს, რომელიც ერმიტაჟის თანამედროვე ხელოვნების დეპარტამენტის ხელმძღვანელია. სწორედ ოზერკოვმა მიიწვია გოდარი ერმიტაჟში.

რუსული “Novaya Gazeta” წერს, რომ ჯერჯერობით მუზეუმი არ აკონკრეტებს, თუ რისთვის მიიწვია რეჟისორი.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჟან-ლუკ გოდარი სენცოვის დაკავებას აპროტესტებს. მანამდე მან და კიდევ 100-მდე ფრანგმა ხელოვანმა და კულტურის მინისტრმა მოუწოდა რუსეთს, რომ სენცოვი გაეთავისუფლებინა.

ჟან-ლუკ გოდარი ფრანგული ახალი ტალღის ერთ-ერთი პიონერი და გამორჩეული ფიგურაა. მის ფილმოგრაფიაში შედის ისეთი ფილმები, როგორიცაა “უკანასკნელ ამოსუნთქვამდე” ; “ზიზღი” და “შეშლილი პიერო”.

რაც შეეხება ოლეგ სენცოვს, 2015 წელს რუსეთის სასამართლომ მას 20-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. სენცოვს ბრალად ტერორიზმი ედება. სენცოვი მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ წარმოებული საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, ხოლო ნივთმტკიცებულება  ფალსიფიცირებულია გამოძიების მიერ.

“ოკუპანტის სასამართლო სამართლიანი ვერ იქნება”, – თქვა სენცოვმა პროცესზე.

როგორც ოლეგ სენცოვი ამბობს, დაკავების შემდეგ რუსეთის ფედერალური სამსახურის წარმომადგენლები აწამებდნენ და სცემდნენ იმ იმედით, რომ მისგან აღიარებას მოიპოვებდნენ.

ვრცლად სენცოვის საქმეზე :

შიმშილობის 65-ე დღე – შესაძლებელია თუ არა რუსეთის პატიმარ სენცოვის გადარჩენა

მასალების გადაბეჭდვის წესი