ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბელარუსი აზერბაიჯანს სამხედრო შეიარაღებას მიჰყიდის

20 ნოემბერი, 2018 • 1836
ბელარუსი აზერბაიჯანს სამხედრო შეიარაღებას მიჰყიდის

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მინსკში ოფიციალური ვიზიტის დროს ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც აზერბაიჯანის მიერ ბელარუსისგან იარაღისა და საჰაერო თავდაცვის ტექნიკის მორიგი მარაგის ყიდვას ითვალისწინებს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.

“არ არის შემთხვევითი, რომ დღეს სხვა დოკუმენტებს შორის ხელი მოეწერა ასევე მემორანდუმს, რომელიც უმოკლეს დროში ბელარუსიდან სამხედრო ტექნიკის მორიგ მოწოდებაზე კონტრაქტად გარდაიქმნება”, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

სომხეთსა და ბელარუსს შორის პოლიტიკური ურთიერთობების კრიზისი ODKB– ს [კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია] ახალი ხელმძღვანელის არჩევის საკითხთან დაკავშირებით დაიწყო. ორგანიზაციის გენერალური მდივანი იური ხაჩატუროვი, რომელიც სომხეთის ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ 2008 წლის 1 მარტის მიტინგის დარბევის ფაქტზეა ბრალდებული, ვადაზე ადრე, 2 ნოემბერს სომხეთმა უკან გაიწვია, რის შემდეგაც აღნიშულ პოსტზე პრეტენზია ბელარუსის წარმომადგენელს გაუჩნდა, რასაც ეწინააღმდეგება სომხეთი და კვლავ საკუთარი წარმომადგენლის დანიშვნა სურს, რამდენადაც სომხეთის წარმომადგენელს მუშაობის ვადა არ ჰქონდა დასრულებული და სომხეთი ლეგიტიმურად მიიჩნევს, კვლავ საკუთარი კანდიდატურის დანიშვნას.

ODKB-ს 8 ნოემბრის სამიტზე ასტანაში ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ვერ შეჯერდნენ ახალ კანდიდატურაზე. ამავე შეხვედრაზე ყაზახეთის პრეზიდენტმა, ნურსულთან ნაზარბაევმა აზერბაიჯანს ODKB-ს დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსი შეთავაზა, რის წინააღმდეგაც სომხეთი გამოვიდა. ახალი გენერალური მდივნის არჩევა 6 დეკემბრისთვის გადაიდო.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი