თბილისის საკრებულოს ყოფილ წევრს 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს — სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის საკრებულოს ყოფილ წევრს, თემურ გორგაძეს, 6 წლის ვადით პატიმრობა შეუფარდა.

სუს-ის ცნობით, გორგაძე დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის მცდელობაში.

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თემურ გორგაძე 2018 წლის 28 თებერვალს დააკავა.

გამოძიების ვერსიით, გორგაძემ საქართველოს მოქალაქეს მოსთხოვა 7 000 ამერიკული დოლარი შეწყალების კომისიის მეშვეობით მისი ნათესავის პატიმრობიდან განთავისუფლების სანაცვლოდ.

უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თემურ გორგაძე მოთხოვნილი თანხის ნაწილის – 3500 ამერიკული დოლარის გადაცემის დროს დააკავეს.

სუს-ის პრესრელიზის თანახმად, 19 ნოემბერს, სასამართლო პროცესის შემდეგ ბრალდებულის ადვოკატმა განაცხადა, რომ თემურ გორგაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილი პოლიტიკური მოტივით ანგარიშსწორებაში დაადანაშაულა და მისი დაკავება სწორედ გრიგოლ ლილუაშვილის ინტერესებს დაუკავშირა.

სუს-ი ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

გორგაძე 2014-2016 წლებში ხელმძღვანელობდა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარი წევრის, ბექა ნაცვლიშვილის ბიუროს;

2017 წელს იყო „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პარლამენტის კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, ბექა ოდიშარიას ბიუროს ხელმძღვანელი;

2017 წლიდან იგი იყო „ქართული ოცნების“ კრწანისის საოლქო ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი;

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლუკა პერტაია მუშაობდა ნეტგაზეთის რეპორტიორად 2016 წლის მაისიდან 2017 წლის 31 იანვრამდე. 2017-18 წლებში მუშაობდა OC Media ში რეპორტიორად. 2018 წლის 1 სექტემბრიდან ის კვლავ ნეტგაზეთის რეპორტიორია.