ახალი ამბები

რა ფორმით აიძულებენ რეგიონებში მოქალაქეებს ზურაბიშვილის მხარდაჭერას – ISFED-ის განცხადება

19 ნოემბერი, 2018 • 1552
რა ფორმით აიძულებენ რეგიონებში მოქალაქეებს ზურაბიშვილის მხარდაჭერას – ISFED-ის განცხადება

სადამკვირვებლო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” (ISFED) თქმით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურებს შორის პერიოდში ფართოდ გავრცელებული სახე მიიღო ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტებმა და სახეზეა ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების ახალი, აქამდე უპრეცედენტო ფორმები.

ორგანიზაცია წერს, რომ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში საჯარო მოხელეებს გათავისუფლებითაც კი ემუქრებიან იმ შემთხვევაში, თუ ისინი ხმას არ მისცემენ “ქართული ოცნების” მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს.

როგორც ორგანიზაცია გავრცელებულ განცხადებაში საკუთარი დამკვირვებლების ინფორმაციაზე დაყრდნობით განმარტავს, ზეწოლა ხორციელდება სხვადასხვა მუნიციპალიტეტში საჯარო მოხელეებსა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში დასაქმებულ პირებზე, ასევე, კერძო სექტორში დასაქმებულ თანამშრომლებზე და სხვა მოწყვლად ამომრჩეველზე.

ზეწოლისა და იძულების ფაქტების გარდა, მმართველი პარტიისა და დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერები სხვადასხვა ფორმით ცდილობენ, არჩევნებზე არ გამოცხადდნენ გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერები.

“სამართლიანი არჩევნები” ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები სისტემატურ შეხვედრებს მართავენ მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებთან და ა(ა)იპ-ებში დასაქმებულ პირებთან, რა დროსაც ისინი თანამშრომლებისგან სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, აფრთხილებენ, რომ სამსახურს დაკარგავენ, ხოლო ქვეყანაში არეულობა და დაპირისპირება დაიწყება.

“ზეწოლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას წინ უძღოდა გუბერნატორების მერებთან შეხვედრები და შსს მინისტრის ვიზიტი რამდენიმე მუნიციპალიტეტში, რასაც შესაძლოა კავშირი ჰქონდეს ზეწოლისა და ამომრჩევლებზე ზემოქმედების ერთგვაროვან და მასშტაბურ ხასიათან,” – ვკითხულობთ ISFED-ის განცხადებაში.

ორგანიზაცია წერს, რომ ახალციხეში ერთ-ერთი ბაგა-ბაღის თანამშრომლებს სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნით განცხადებები დააწერინეს და გააფრთხილეს, რომ ეს განცხადებები ძალაში იმ შემთხვევაში შევა, თუ სალომე ზურაბიშვილი არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს.

ამასთანავე, როგორც ორგანიზაცია განმარტავს, საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულებს გურჯაანისა და ქარელის მუნიციპალიტეტებშიც დაემუქრნენ. ასევე, შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში გამართულ შეხვედრებზე ხელმძღვანელები თანამშრომლებს ეუბნებიან, რომ თუ არჩევნებში გრიგოლ ვაშაძე გაიმარჯვებს, დაიწყება არეულობა და ომი. მათ სთხოვენ, რომ ეს ინფორმაცია ახლობლებთან და ნათესავებთან გაავრცელონ.

როგორც ISFED-ის განცხადებაში ვკითხულობთ, თბილისში, ხაშურსა და ზუგდიდში ზეწოლა ხორციელდება კერძო სექტორში დასაქმებულ პირებზე. კერძოდ, ბიზნესის მფლობელები დასაქმებულებისაგან მოითხოვენ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების მათთვის გადაცემას. ეს ვალდებულება ვრცელდება იმ თანამშრომლებზე, რომლებიც, მათი აზრით, სალომე ზურაბიშვილს მხარს არ უჭერენ.

ამასთანავე, ორგანიზაცია ასახელებს კიდევ რამდენიმე გეოგრაფიულ ერთეულს, სადაც ზეწოლის ფაქტები დააფიქსირეს, კერძოდ:

  • მარნეულში ერთ-ერთ მოქალაქეს პოლიციის თანამშრომელი ოჯახის წევრის დაპატიმრებითა და მცირე ბიზნესის დაჯარიმებით დაემუქრა, თუ გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერას არ შეწყვეტდა.
  • გორის მუნიციპალიტეტში უცნობი პირები მოქალაქეებს უკავშირდებიან და თითქოს პიროვნების დაზუსტების მიზნით ეუბნებიან მათი და მათი ოჯახის წევრების პირად მონაცემებს, სავარაუდოდ, იმ მიზნით, რომ ამომრჩეველს შექმნოდა განცდა, თითქოს ამ პირებისთვის ცნობილია მისი პერსონალური ინფორმაცია.
  • ბათუმში, ერთ-ერთ ოჯახში გამოკითხვაზე მისულმა პირებმა, რომლებმაც თავი “ქართული ოცნების” კოორდინატორებად წარადგინეს, მისამართზე ჩაწერილი პირები მოიკითხეს და აღნიშნეს, რომ ისინი პირველ ტურზე არ მისულან.

“აღნიშნული შემთხვევა გვაფიქრებინებს, რომ კარდაკარ დადიან პირები, რომლებსაც აქვთ ინფორმაცია, თუ რომელი ამომრჩეველი არ მივიდა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურზე. კანონის თანახმად, აღნიშნული ინფორმაცია დახურულია და გაუგებარია, რა ხერხებით აღმოჩნდა კონფიდენციალური პირადი ინფორმაცია გარეშე პირების ხელში”, – აცხადებს სადამკვირვებლო ორგანიზაცია.

 “სამართლიანი არჩევნები” ყველა ამ შემთხვევის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შუალედურ ანგარიშში გაასაჯაროებს. ორგანიზაციის შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურებს შორის პერიოდში ზეწოლის ფაქტების გავრცელების მასშტაბი შემაშფოთებელია და ამ ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, ამომრჩეველზე ზეწოლის გარემომ შესაძლოა ჩრდილი მიაყენოს საარჩევნო პროცესსა და მის ლეგიტიმაციას არჩევნების მეორე ტურში.
იმისათვის, რომ საარჩევნო პროცესსა და მეორე ტურის თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას ჩრდილი არ მიადგეს, “სამართლიანი არჩევნები” მოუწოდებს:
  1. საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს და მმართველი პარტიის ხელმძღვანელებს – ღიად და საჯაროდ დაგმონ ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტები და მოუწოდონ თვითმმართველობის ხელმძღვანელებსა და საკუთარ მხარდამჭერებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის მოხდენის ყველა მცდელობა.
  2. ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებს – აღკვეთონ ზეწოლისა და იძულების პრაქტიკა დასაქმებული პირების მიმართ და მისცენ მათ შესაძლებლობა, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე, თავისუფლად განახორციელონ საკუთარი კონსტიტუციური უფლება.
  3. ბიზნესმენებსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს – არანაირი ფორმით არ განახორციელონ ზეწოლა დასაქმებულ პირებზე და აღკვეთონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების იძულებით ჩამორთმევა, ვინაიდან აღნიშნული წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს.
  4. მმართველი პარტიის მხარდამჭერებსა და აქტივისტებს – უარი თქვან უკანონო დავალებების შესრულებაზე და ამომრჩევლის ზეწოლაში თანამონაწილეობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი