“ამ ქვეყანაში სულ არჩევნებია” — ზოიძე ვალების ჩამოწერის არჩევნებთან კავშირს უარყოფს

“ამ ქვეყანაში სულ არჩევნებია… აგვისტოში განაცხადა მამუკა ბახტაძემ, რომ შემოდგომაზე იქნებოდა ეს ინიციატივა. პირდაპირ დააანონსა შავ სიებთან დაკავშირებით. აგვისტოში გახურებული მუშაობა მიდიოდა ამ საკითხთან დაკავშირებით”, -აცხადებს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე.

ზოიძე უარყოფს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება მთავრობის ახალი ინიციატივა, 600 000-მდე ადამიანს გაუნულონ ვალები.

“ვერავითარ შემთხვევაში დავეთანხმები თქვენს დასკვნას იმის თაობაზე, თითქოს არჩევნების გამო გაკეთდა ეს ყველაფერი, ერთ დღეში”, – უთხრა ზოიძემ TV პირველის წამყვანს 19 ნოემბერს პირდაპირ ეთერში.

მისი თქმით, ამ ინიციატივის ირგვლივ “რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებები” მიმდინარეობდა “შესაბამის ინსტიტუტებთან, ბანკებთან, ონლაინ კომპანიებთან იმისთვის, რომ მომხდარიყო ამ დეტალებზე, ვალების ჩამოწერაზე შეთანხმება”.

როგორც მიკროსაფინანსო კომპანია “ვივუსი”აცხადებს, რომელმაც უარი თქვა ამ პროცესში მონაწილეობაზე, მთავრობა სესხების პატიება-გამოსყიდვასთან დაკავშირებით ორი კვირის წინ დაუკავშირდა.

ზოიძის თქმით, ინიციატივის ამუშავებაში არა მხოლოდ ფონდი “ქართუ”, არამედ სახელმწიფო მონაწილეობდა.

მისივე თქმით, 600 000 მოქალაქე ახალი წლიდან “სუფთა ფურცლიდან” დაიწყებს ცხოვრებას და ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვას მოახერხებს. ზოიძის განცხადების თანახმად, საუბარია “უამრავ სოციალურად დაუცველ ადამიანზე, ყველაზე გაჭირვებულ, უამრავ ახალგაზრდაზე, რომელთაც სერიოზული პრობლემები ექმნებოდათ ლეგალურ-ეკონომიკური საქმიანობაში მონაწილეობაში”.

არასამთავრობო ორგანიზაციები ცალსახად ამომრჩევლის მოსყიდვად აფასებენ პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებულ ინიციატივას ე.წ. შავ სიაში შესული ადამიანებისთვის ვალების ჩამოწერის შესახებ. როგორც სამოქალაქო სექტორში აცხადებენ, საკითხით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს.

საქართველოს მთავარი პროკურატურა კერძო ხასიათის შეთანხმებას უწოდებს ე.წ. შავ სიაში შესული მოქალაქეებისთვის ვალების ჩამოწერასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებას. თუმცა უწყება აცხადებს, რომ საკითხს შეისწავლის და დანაშაულის არსებობის შემთხვევაში შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

ე.წ. შავ სიაში დაფიქსირებულ ნახევარ მილიონზე მეტ პირს ვალები გაუნულდება – ბახტაძე

Vivus: ვადაგასული სესხების ჩამოწერაზე მთავრობა 2 კვირის წინ დაგვიკავშირდა

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com